19 წლის ყირგიზი გოგოების ბრძოლა თავისუფლებისთვის
"სანამ პრობლემაზე საუბარს არ დაიწყებ, არაფერი შეიცვლება. ამიტომ გადავწყვიტე, ამ ყველაფრის გაკეთება და ხალხი ალაპარაკდა".
ზერე 19 წლისაა და საკუთარ სამშობლოში უკვე გახდა სიძულვილითა და მუქარით სავსე ფრაზების სამიზნე. ყირგიზეთში ქალების უფლებებისთვის მებრძოლი თინეიჯერი საქართველოში რამდენიმე დღით იმყოფება და ორ მამაც თანატოლ გოგოსთან ერთად, თავის ისტორიასა და გამოცდილებას გვიზიარებს.
მოხალისედ ორწლიანი მუშაობისას ზერემ აღმოაჩინა, რომ მის სამშობლოში საზოგადოების დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ პრობლემებს ქმნიდა, რაც ყირგიზეთის განვითარებას ხელს უშლიდა.
კითხვაზე, რა მიაჩნია ქალებისთვის მთავარ პრობლემად ამჟამად ყირგიზეთში, ზერე ამბობს, რომ განსაკუთრებით განიცდის საზოგადოების გავლენას პატარა გოგოებზე, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ იმაზე ფიქრში, როგორ მოაწონონ თავი კაცებს.
ამ სიტყვების მოსმენისას, რთულია, არ იფიქრო იმაზე, რომ ქალების ჩაგვრასა და სექსიზმს ქვეყნებს შორის საზღვრები არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზ ქალებს გამოხატვის თავისუფლება კანონით არ ეზღუდებათ, ზერე ამბობს, რომ მათთვის მაინც მნიშვნელოვანია "რას იტყვიან სხვები".
პრობლემა კიდევ უფრო რთულდება, როცა მშობლები ამ სისტემით ზრდიან გოგოებს. პატარაობიდან, ისინი ეჩვევიან იმაზე ფიქრს, რომ საზოგადოებისთვის მოსაწონები უნდა იყვნენ და ხშირად, ხალხის რეაქციისგან თავის დასაცავად, საკუთარ აზრებსა და გრძნობებს ვერ გამოხატავენ.
"ეს უდიდესი სისტემაა, რომელშიც ყველანი გაჭედილები ვართ. სკოლის შემდეგ გოგოები ვალდებულები არიან, რომ ოჯახები შექმნან, დარჩნენ სახლში და გააბედნიერონ ქმრები. ყველას აქვს უფლება, რომ გოგოს ასწავლოს ჭკუა იმაზე, თუ რა გააკეთოს. ეს მიდგომა სასოწარკვეთილებაში მაგდებდა", — ამბობს ახალგაზრდა ფემინისტი.
მიდგომამ, რომელსაც საქართველოში წლებია ებრძვიან, ყირგიზეთში ცოტა ხნის წინ მიიპყრო ყურადღება და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ზერეს. ის მიიჩნევს, რომ პრობლემა მენტალურ დონეზე არსებობს და მის მოსაგვარებლად საზოგადოებამ ჯერ ლაპარაკი უნდა დაიწყოს:
"სანამ პრობლემაზე საუბარს არ დაიწყებ, არაფერი შეიცვლება. ამიტომ გადავწყვიტე ამ ყველაფრის გაკეთება და ხალხი ალაპარაკდა".
მოხალისეობიდან მომღერლობამდე
ზერემ უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება და გადაწყვიტა, რომ თავის მთავარ მოწოდებას, ხელოვნებას გაჰყოლოდა. ის პარიზში გაემგზავრა, სადაც ლონდონის ხელოვნების სკოლაში მისაღებად სინჯები ტარდებოდა, თუმცა კონკურსი წარმატებით ვერ გაიარა და ყირგიზეთში დაბრუნდა.
სანამ ბედს მეორედ ცდიდა, გადაწყვიტა თავისუფალი დროის განმავლობაში თავისი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა.
"მუსიკა იმ დროიდან მიყვარს, რა დროიდანაც საკუთარი თავი მახსოვს. ადგილობრივი სიმღერების უმრავლესობა სიყვარულზე და გრძნობებზეა, ამიტომ გადავწყვიტე სიმღერა დამეწერა, რომელიც ქალებს შეეხებოდა".
როგორც ზერემ ქართველ მსმენელს მოუყვა, მან სიმღერა, სახელად გოგო [Кыз], თავისუფლებას და ადამიანების მხრიდან ერთმანეთის პატივისცემას მიუძღვნა. თავდაპირველად მხოლოდ ტექსტი და მუსიკა გამოაქვეყნა, თუმცა მთავარი აურზაური მუსიკალურმა ვიდეორგოლმა გამოიწვია, რომელშიც მომღერალს ბიუსტჰალტერი ეცვა.
ვიდეოში ზერეს მეგობრებიც მონაწილეობენ. როგორც ის ყვება, თავიდანვე აუხსნა მეგობრებს, რომ აუცილებლად გააკრიტიკებდნენ, თუმცა მათ უკან არ დაუხევიათ.
"კლიპი გადავიღეთ, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში მის გამოქვეყნებას ვერ ვბედავდი. სახლში ჩავიკეტე და ვტიროდი, რადგან ვფიქრობდი, რომ უხარისხო გამოვიდა. განვიცდიდი იმას, რომ ჩემი მეგობრების დრო და ფული ტყუილად დავხარჯე. საბოლოოდ გადაწყვეტილება მივიღე და თავი იმით დავიმშვიდე, რომ ვიდეოს ჩემი მეგობრები მაინც ნახავდნენ. გამოვაქვეყნე და ჩემს დასთან ერთად კინოთეატრში წავედი".
ზერეს სიტყვებით, როდესაც კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ მობილური ჩართო, შეტყობინებების ზღვა დახვდა:
"ტელეფონი შეუწყვეტლივ ვიბრირებდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ოცნება ახდა და ხალხმა საბოლოოდ დაიწყო ამ თემაზე საუბარი. ყველა განიხილავდა ჩემს ვიდეოს. რაღაცის შესაცვლელად პირველი ნაბიჯი ადამიანის ცნობიერებაში უნდა გადაიდგას".
მოკვლის მუქარებიდან საერთაშორისო აღიარებამდე
19 წლის მომღერალმა, კლიპში ბიუსტჰალტერით მონაწილეობის გამო, მალე მიიღო სიძულვილის შემცველი წერილები. მას მოკვლითაც ემუქრებოდნენ. თუმცა, სხვა რამეს არც ელოდა.
ზერემ ქართულ აუდიტორიას მის მიმართ დაწერილი ბოროტი შინაარსის კომენტარები წაუკითხა:
ეს სიტუაცია არ ჰგავდა იმ გასართობ ვიდეოებს, რომლებშიც ცნობილი ადამიანები არასერიოზულ ტვიტებს კითხულობენ და მაყურებელთან ერთად იცინიან. 19 წლის გოგო უცნობი აუდიტორიის წინაშე იდგა და კითხულობდა იმ მუქარებს, ლანძღვასა და სასტიკ კომენტარებს, რომლებიც იმის გაკეთების გამო მიიღო, რისი უფლებაც ჰქონდა.
რთულია, უფრო მამაცი ადამიანი წარმოიდგინო — ზერე ასილბეკი მუქარების თუ ზეწოლის შემდეგ არ გამხდარა ძლიერი, ის თავიდანვე მებრძოლი იყო.
მას შემდეგ, რაც ზერეს ისტორიით ისეთი გამოცემები დაინტერესდნენ, როგორებიცაა BBC, რადიო თავისუფლება, Economist და Eeuronews, მისი ცნობადობა 6-მილიონიანი ქვეყნის საზღვრებს გასცდა. ზიზღის შემცველი კომენტარების ავტორები უმცირესობაში მოექცნენ და ვიდეოს ქვეშ არსებული გამოხმაურებები შემდეგმა კომენტარებმა გადაფარა:
ზერე ასილბეკს დღეს შუა აზიის ფემინიზმის გმირს უწოდებენ.
მშობლების რეაქცია
ზერე ყვება, რომ მშობლებს მუსიკალური ვიდეოს გადაღების შესახებ წინასწარ გააგებინა, თუმცა მათთვის კლიპი გამოქვეყნებამდე არ უჩვენებია.
"ვიდეოს ნახვის შემდეგ, პროტესტი ჩემი მშობლებისგანაც ვიგრძენი. "რატომ არ გაცვია მეტი არაფერი?" — მკითხა დედამ. "ეს უკვე გამოაქვეყნე?" — დაინტერესდა მამა".
დედას დაახლოებით 4 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ მისთვის ეპატიებინა:
"ერთ ღამით, როცა მეძინა, ის ჩემს ოთახში შემოვიდა. ტიროდა და მეხუტებოდა. რაც შეეხება მამას, მან ჩემი კლიპი ნათესავების ჩათში გააგზავნა. ორი ჩათი გვაქვს, დედის მხრიდან და მამის მხრიდან ნათესავებისთვის. ისინი სამი დღის განმავლობაში ჩუმად იყვნენ და პასუხს არ გვიბრუნებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ზურგი შემაქციეს, რადგან ახლა მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს".
რას ურჩევს ზერე მებრძოლ გოგოებს
ზერე ამბობს, რომ აღფრთოვანებულია იმ გოგოებით, რომლებიც ყირგიზეთის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. მან On.ge-ს რამდენიმე კითხვას უპასუხა.
ახლა რა გზებით იბრძვი ქალების უფლებებისთვის?
პრობლემა ისაა, რომ ქალებმა არც იციან, რომ მათ უფლებები აქვთ და შეუძლიათ თავისუფალნი იყვნენ. ჩვენ გოგოებს და ახალგაზრდა თაობას გამუდმებით უნდა შევახსენოთ ეს ფაქტი.
სოციალურ პროექტებში და ღონისძიებებში აქტიურად ვმონაწილეობ და გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, როგორ "შევძვრე" ადამიანების გონებაში. ვიდეოფორმატები ახლა ძალიან პოპულარუალია და ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი მესიჯი მათ გონებამდე მივიდეს და იქ შეაღწიოს.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ აღიქვამენ ადამიანები იდეას თავიდან, თუ ჩემი სათქმელი მათ გონებაში მოხვდება, ესე იგი, მას განვითარების შანსი აქვს.
რას ურჩევდი იმ გოგოებსა და ქალებს, რომლებსაც საკუთარი უფლებების დაცვის გამო სიძულვილით პასუხობენ?
როცა რამეს აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა რას, კრიტიკის სამიზნე ხდები. ამას ასე უბრალოდ ვერ გაექცევი. თუ ქალების უფლებებისთვის იბრძვი, გაკიცხვა ყოველთვის იქნება შენი თანმდევი, თუმცა, ამის მიუხედავად, იმის კეთება უნდა განაგრძო, რაც დაიწყე. სანამ რამის კეთებას დაიწყებ, ფსიქოლოგიურად მოემზადე, რადგან ის ბრძოლა, რომელშიც ჩართულნი ვართ, მარტივი არაა.
19 წლის გოგოების ბრძოლა ყირგიზეთში
13 ნოემბერს თბილისში გამართული ყირგიზი ლიდერი ქალების შეხვედრის მთავარი გმირები ზერე ასილბეკი, ალინა ანისიმოვა და აიდაი ერკებაევა იყვნენ.
იმის მიუხედავად, რომ სამივე მათგანი 19 წლისაა, უკვე უამრავი ცვლილება შეიტანეს მათი ქვეყნის ისტორიაში და ყირგიზეთსა და ცენტრალურ აზიაში საკუთარი მიღწევებით პოპულარულები გახდნენ.
სამივე აქტივისტი თინეიჯერია და მიიჩნევს, რომ მათ ბრძოლას მომავალი თაობის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი მუშაობითა და საქმით პატარა გოგოებს ვაჩვენოთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ", — ამბობს აიდაი ერკებაევა. 19 წლის ჟურნალისტი, რომელიც ყირგიზეთში ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.
გამოცემა კლუპის გუნდთან ერთად, აიდაიმ 2017 წლის ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება გამოიძია. ჟურნალისტური გამოძიებების გამო კლუპის წევრებმა არაერთი მუქარა მიიღეს. მათ უკრძალავდნენ პრეზიდენტზე კრიტიკული მასალების გამოქვეყნებას. თუმცა, კლუპმა, ყირგიზეთში დღეს უკვე პოპულარულმა ონლაინ მედია გამოცემამ, საქმიანობა არ შეწყვიტა.
"ერთი წლის წინ მივხვდი, რომ მე მხოლოდ ჟურნალისტი არ ვარ, მე ასევე ვარ აქტივისტი და ფემინისტი. მე ჩემს ნაშრომებში ვწერ ქალების უფლებებზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე", — ჰყვება ახალგაზრდა ჟურნალისტი.
ალინა ანისიმოვა ინჟინერია და სხვა ახალგაზრდა ინჟინერ ქალებთან ერთად, ყირგიზეთის პირველ თანამგზავრს (სატელიტს) აწყობს და მის ორბიტაზე გაშვებას 2019 წლისთვის გეგმავს.
"9 კლასის დასრულების შემდეგ, სკოლიდან გამოვედი და უმაღლესში სწავლაც არ გამიგრძელებია, ასე რომ, უნივერსიტეტის დიპლომი არ მაქვს. 2018 წლის მარტში გამოცხადდა პროგრამა გოგოებისთვის და მასში ჩავერთე. ცოტა რთული იყო დილით ადრე ადგომა, რადგან ჩემი სამუშაო დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე გრძელდებოდა, ამიტომ ხანდახან შესვენებებზე მეძინა ხოლმე", — იხსენებს ის.
CubeSat-ის, ანუ ყირგიზეთის პირველი თანამგზავრის შექმნაზე მხოლოდ ქალი მეცნიერები მუშაობენ.
ყირგიზეთის კოსმოსური პროგრამა — საინჟინრო სკოლა, რომლის სტუდენტებიც თანამგზავრზე მუშაობენ ყირგიზეთში ორგანიზაცია Kloop Media Foundation-მა შექმნა. თბილისში ასევე იყო მისი დამფუძნებელი და ჟურნალისტი ბექტურ ისკანდერი.
ისკანდერმა ყირგიზეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. მოგვიანებით, ისინი პოლიციამ დააკავა და დასაკითხად გადაიყვანა. პოლიციამ ისინი ოთახში მარტო დატოვა, რის შემდეგაც, გამტაცებელმა გოგო მოკლა. ამ დროისთვის, ამ საქმეზე პასუხისმგებელი პოლიციელები გათავისუფლებულები არიან და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეხვედრის ავტორების თქმით, თუ ქალებს ოჯახის შექმნის მიზნით იტაცებენ, პრობლემას სერიოზულად რატომღაც არ აღიქვამენ.
"გოგოს ოჯახის შესაქმნელად მოტაცებას და ადამიანის მოტაცებას შორის ყირგიზეთში განსხვავებას ხედავენ და ამას ტრადიციას უწოდებენ", — დასძენს ზერე.
ყირგიზეთში ქალებს და ახალგაზრდა გოგოებს პოლიციის იმედი არ აქვთ, რადგან არ სჯერათ, რომ მათ დაიცავენ. შეხვედრის ავტორებმა ასევე ისაუბრეს ოჯახში ქალებზე ძალადობაზე, რაც მხოლოდ ცოლ-ქმრის შემთხვევაში არ ხდება. ალინას სიტყვებით, გოგო, რომელიც მასთან ერთად პროგრამირებას სწავლობდა, ოჯახმა სასწავლებლიდან ძალით წაიყვანა, რადგან ეს "ქალის საქმედ" არ მიაჩნდათ.
პროგრამისტმა ალინა ანისიმოვამ On.ge-ს უთხრა, რომ ყირგიზეთში ქალები საკუთარი თავისუფალი არჩევანის გამო კრიტიკის ქარცეცხლში ხვდებიან:
"ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ყირგიზი ქალები აწყდებიან, საზოგადოების გაკიცხვაა. ქალებს გვკიცხავენ ჩვენი ჩაცმულობის ან შეყვარებულის ყოლისას სხვა მეგობარ ბიჭთან სასეირნოდ წასვლის გამო. ყველაფერი იწყება ოჯახიდან, მაგალითად, როცა გაცვია არატრადიციულად, გეუბნებიან, რომ ბიჭივით გაცვია. პირადად მე არ მაქვს ეს პრობლემა დედაჩემთან, მაგრამ უმრავლესობა ოჯახის წევრებით დაშინებულია და იქცევა ისე, როგორც მშობლები ეუბნებიან. ყირგიზეთში უფროსი თაობის აზრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და ახალგაზრდობა მათთან კამათს გაურბის, რადგან ითვლება, რომ თუ უფროსი ხარ, სულ მართალი ხარ, არადა ეს ნამდვილი სისულელეა".
On.ge-ს კითხვაზე, თუ რას ურჩევდა იმ გოგოებს, რომლებსაც საკუთარი უფლებების დაცვის გამო კიცხავენ, ალინა გვპასუხობს, რომ მას გოგოებისთვის მხოლოდ ერთი რამის თქმა შეუძლია:
"თუ რამის გაკეთება გსურთ, უბრალოდ გააკეთეთ".
კომენტარები