კლასიკური ბუგატი, BMW და 1923 წლის ბენტლი - საქართველოში უძველესი მანქანების რალი ჩატარდა
საქართველოში ორი კვირის განმავლობაში უძველესი მანქანების რალი ტარდებოდა. რბოლაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბიზნესმენები იღებდნენ, რომლებსაც კერძო მფლობელობაში მეოცე საუკუნის უნიკალური კლასიკური მანქანები ჰყავთ. საკოლექციო ავტომობილებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ჯამში 2000-ზე მეტი კილომეტრი გაიარეს, გამარჯვებულები კი შატო მუხრანში დაჯილდოვდნენ.
კლასიკური და საკოლექციო მანქანების რალი 2 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გრძელდებოდა. Peaks of the Caucasus - ასე ერქვა რბოლას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სამოცამდე ბიზნესმენი იყო ჩართული. ღონისძიება უფრო მეტად ერთმანეთის გაცნობას, დამეგობრებასა და ახალი ქვეყნის ღირშესანიშნაობების აღმოჩენას ემსახურებოდა, ვიდრე რეალურად შეჯიბრებას.
ინიციატივა "Peaks of Caucasus"-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით "Via- Flaminia" ჩატარდა. ბარტ კლაინი ამბობს, რომ ეს იდეა კლასიკური ავტომობილების სიყვარულმა შთააგონა, თუმცა მას არ უნდოდა კლასიკური შეჯიბრებების მოწყობა. სწორედ ამიტომ, კლაინმა გადაწყვიტა რალი სხვადასხვა ქვეყნებში ჩაეტარებინა. ამგვარი მოგზაურობა, მისი აზრით, ახალი მეგობრების შეძენასა და აღმოჩენების გაკეთებას შეუწყობს ხელს.
"რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება - რალი ღიმილით", - თქვა ორგანიზატორმა.
ორკვირიანი რალის განმავლობაში მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები შემოიარეს და 2235 კმ დაფარეს. შეჯიბრებაში სულ 29 პილოტი იღებდა მონაწილეობას, თითოეულ მათგანს კი თავისი თანაპილოტი ჰყავდა. როგორც ბარტ კლაინმა აღნიშნა, რალი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, საქართველომ კი მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
Peaks of Caucasus-ში ყველაზე ძველი მანქანა 1922 წელს გამოშვებული Vauxhall 30/98 იყო, ხოლო ყველაზე ახალი - 1951 წლის Jaguar Mark V Dropead Coupe.
კლასიკური ავტომობილებით რბოლა შატო მუხრანში დასრულდა, სადაც მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პირველ სამ ადგილზე გასული პილოტები და თანაპილოტები კი, Tsikolia Watches-ის საათებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების დასრულების შემდეგ ჩვენ რალიში მონაწილეებს გავესაუბრეთ. ერთ-ერთი მათგანი ბობ მეიერი იყო, რომელიც ამ შეჯიბრების ყველაზე გამორჩეული მონაწილე და თანაორგანიზატორი იყო.
"მე ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას 1950-იან წლებში გამოშვებული ბუგატით ვიღებდი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში მეორე არ არის. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ამ დღეებში მოხდა. საქართველო საოცარი ქვეყანაა, საოცარი ხალხითა და სტუმართმოყვარეობით", - თქვა ბობ მეიერმა.
Peaks of Caucasus-ის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი თიბისი იყო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, რბოლაშიც იღებდა მონაწილეობას. მან აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და უცხოელ ბიზნესმენებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
"რალი, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სრულიად უნიკალური მოვლენაა. ცხრა ქვეყნის სამოცი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა საქართველოს ღირშესანიშნაობები ენახათ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ამ დროში უკვე დაიბადა რაღაც იდეები და ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
რალის კიდევ ერთი მთავარი სპონსორი Tsikolia Watches იყო, რომელმაც გამარჯვებულებს თავისი საათები და სპეციალური დიზაინით დამზადებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
"ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ ბიზნესმენებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან ისინი პოტენციური ინვესტორები არიან. მე ვესაუბრე მათ და დიდი ნაწილი საქართველოში ბიზნესის კეთებით არის დაინტერესებული, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ღონისძიების სპონსორი და საჩუქრების დიზაინერი ვარ", - გვითხრა ზვიად ციკოლიამ.
Peaks of the Caucasus-ის მთავარი პარტნიორები თიბისისთან და Tsikolia Watches-სთან ერთად, Gulf, სილქნეტი, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics და Prewarcar იყვნენ.
კომენტარები