ბავშვზე ძალადობა და შევიწროება - რას იხსენებს სტივ ჯობსის პირველი შვილი მამამისის შესახებ?
2018 წლის 4 სექტემბერს ლიზა ბრენან-ჯობსის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა, რომელშიც ავტორი ყვება მისი და სტივ ჯობსის ურთიერთობის შესახებ. წიგნში ირკვევა, რომ Apple-ს დამფუძნებელი არამარტო ეგოცენტრული პიროვნება, არამედ საკუთარ შვილზე მოძალადეც იყო. ამ თემასთან დაკავშირებით Business Insider-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც ქართულ ენაზე გთავაზობთ.
ახალი ამბავი არ არის, რომ სტივ ჯობსი ძალიან უხეში ადამიანი იყო. უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომელიც Apple-ს დამფუძნებლის ბოროტებაზე, უხეშობასა და სიტყვაძუნწობაზე მეტყველებს. ამ თვისებებს ის ხშირად ამჟღავნებდა თავის თანამშრომლებთან, ბიზნეს პარტნიორებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანაც კი.
აქამდე მხოლოდ მცირე ინფორმაცია გვქონდა ამის შესახებ, თუმცა მისი შვილის, ლიზა ბრენან-ჯობსის ავტობიოგრაფიულ წიგნში მოყოლილი ისტორიები კიდევ ერთხელ ქმნის აღქმას, რომ სტივ ჯობსი არამარტო ეგოცენტრული, არამედ საშინელი თვისებების მქონე ადამიანი იყო.
ყველასთვის ნაცნობია, რომ სტივ ჯობსი წლების განმავლობაში უარყოფდა, რომ ბრენან-ჯობსის მამა იყო და ალიმენტსაც არ უხდიდა. მოგვიანებით, დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ სტივ ჯობსი მართლაც ლიზას მამა იყო და სასამართლომ ალიმენტის გადახდა დააკისრა. ასევე, სტივ ჯობსი დიდი ხანი უარყოფდა, რომ Apple-ს ერთ-ერთ პირველ კომპიუტერს ლიზა თავისი შვილის საპატივცემულოდ დაარქვა, თუმცა მოგვიანებით მან ეს მაინც აღიარა.
ეს ყველაფერი ისედაც ცნობილი იყო, თუმცა ბრენან-ჯობსის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი კიდევ უფრო ფართო წარმოდგენას გვიქმნის სტივ ჯობსის შესახებ. ლიზა წერს, რომ მამამისი იშვიათად ხვდებოდა მას პატარაობაში, მას შემდეგაც კი, რაც Apple-ს დამფუძნებელმა გაიგო, რომ ლიზა მისი კანონიერი შვილი იყო. მანამდე კი, სანამ სტივ ჯობსი ალიმენტის გადახდას თავს არიდებდა, ლიზა და მისი დედა სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ბრენან-ჯობსის დედა არასტაბილური სამსახურებისა და დაბალი ანაზღაურების გამო გადასახადების გადახდას ძლივს ახერხებდა, ოჯახი კი ხშირად სხვისი შემოწირულობებით ცხოვრობდა.
როდესაც სასამართლომ სტივ ჯობსს ალიმენტის გადახდა დააკისრა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესი დროულად დასრულებულიყო, რათა Apple-ს იმიჯზე, რომელიც მაშინ დგამდა პირველ ნაბიჯებს, უარყოფითად არ ემოქმედა.
მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსმა თავის შვილთან დაახლოება დაიწყო, ლიზას დედას, კრისან ბრენანს ერთი ინციდენტის გამო მამასთან შვილის მარტო დატოვების შიში გაუჩნდა. საქმე ისაა, რომ სტივ ჯობსი ცხრა წლის ქალიშვილის სექსუალური მიდრეკილებებისა და ინტერესების შესახებ უხერხულ შეკითხვებს უსვამდა.
"ჩვენ ცივი ადამიანები ვართ"
მოგვიანებით, როცა თინეიჯერი ბრენან-ჯობსი მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, სტივ ჯობსმა შვილს დედამისის ნახვა ექვსი თვით აუკრძალა. არადა, მაშინ დედა ერთადერთი ახლობელი ადამიანი იყო ლიზასთვის. ერთ დღეს, ლიზამ თავის დედინაცვალსა და სტივ ჯობსს უთხრა, რომ მარტოობას განიცდიდა და სთხოვა, საღამოობით ღამემშვიდობისა მაინც მისურვეთო. ნაცვლად იმისა, რომ უფროსებს მისი მარტივი თხოვნა შეესრულებინათ, დედინაცვალმა უპასუხა: "ჩვენ ცივი ადამიანები ვართ".
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ერთხელ, როდესაც სტივ ჯობსი თავის ცოლთან ერთად სექსის იმიტაციას აკეთებდა, მოითხოვა, რომ ბრენან ჯობსი ოთახში დარჩენილიყო, რათა "ოჯახური მომენტის" შემსწრე ყოფილიყო. სტივ ჯობსი თავის შვილს ყოველთვის ეუბნებოდა ფულის მიცემაზე და მუდმივად აფრთხილებდა, რომ ის მისი ქონებიდან ვერაფერს მიიღებდა. მეტსაც გეტყვით, სტივ ჯობსი თავის ქალიშვილს საძინებელში გათბობის დაყენებაზეც კი არ თანხმდებოდა.
როდესაც ბრენან-ჯობსი წამოიზარდა და სკოლაში გააქტიურდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სასკოლო კლუბებსა და თვითმმართველობის არჩევნებში, სტივ ჯობსი - ადამიანი, რომელიც თავიდან უარყოფდა ლიზას მამობას და მასთან დროს საერთოდ არ ატარებდა, - შვილს საყვედურობდა, რომ ოჯახისთვის საერთოდ ვეღარ იცლიდა. "ეს ასე ვერ გაგრძელდება. შენ ფაქტობრივად ოჯახის წევრი არ ხარ", - ეუბნებოდა სტივ ჯობსი თავის შვილს.
მეორე მხრივ, ჯობსების მეზობლები იმდენად სწუხდნენ ლიზა ბრენან-ჯობსის მდგომარეობის გამო, რომ საკუთარ სახლში შეიფარეს. ისინი მას უნივერსიტეტის გადასახადის გადახდაშიც ეხმარებოდნენ.
რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულებს უღირსად ეპყრობა, მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც მშობლები ასეთ ტკივილს აყენებენ შვილებს. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ სტივ ჯობსი ადამიანებს ხშირად ამცირებდა, ახლა კი ვიცით, რომ საკუთარ შვილსაც არ ინდობდა.
ლიზა ბრენან-ჯობსი, როგორც ძალადობის მსხვერპლი
ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია იმ ისტორიებისა, რომელსაც სტივ ჯობსის შვილი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ყვება. წიგნი 4 სექტემბერს გამოდის, ამიტომ სრული სურათი ჯერჯერობით უცნობია. ცხადია, წიგნი ერთი ადამიანის მოგონებებზეა აგებული და ის საკმაოდ ემოციური, ამავდროულად კი მიკერძოებულია. სტივ ჯობსის მეუღლე და დები ამბობენ, რომ წიგნში აღნიშნული ფაქტები მკვეთრად განსხვავდება მათი იმდროინდელი მოგონებებისგან.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლიზა თავის წიგნში ამ ისტორიებს ყვება არა იმისთვის, რომ სტივ ჯობსი და მისი ოჯახის წევრები დაადანაშაულოს, არამედ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასვას წერტილი ამ თავგადასავალის გარშემო. მას სურს, რომ აპატიოს სტივ ჯობსს ყველაფერი და ცხოვრება განაგრძოს.
ეს მისი არჩევანი და უფლებაა, თუმცა როგორც სხვები აღნიშნავენ, ყველაფერი რასაც ლიზა ყვება, სინამდვილეში ბავშვზე ძალადობაა - ბავშვის ემოციებზე განზრახ მანიპულირება. ის, თუ როგორ ცდილობს ლიზა მამისთვის პატიებას, ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მიმართავენ.
მამამისის გამართლების მცდელობით, ბრენან-ჯობსი უერთდება იმ ადამიანების გრძელ სიას, რომლებიც სტივ ჯობსის საქციელებისთვის უფრო მეტად დამნაშავეები არიან, ვიდრე თავად სტივი. საუკეთესო გზა, რომ მოძალადემ ძალადობა და დამცირება შეწყვიტოს, აუცილებელია რომ ვინმე წინ აღუდგეს. სტივ ჯობსის შემთხვევაში კი, ამას ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებდა. როდესაც ლიზა ბრენენ-ჯობსს მამამისი ამცირებდა და მასზე ძალადობდა, სტივ ჯობსის ცოლი მას წინ არ აღუდგა, ისევე როგორც არავინ სხვა. როდესაც ჯობსი თავის თანამშრომლებსა და პარტნიორებს ეპყრობოდა ცუდად, არც ამ შემთხვევაში გამოჩნდა ვინმე, ვინც ხელს შეუშლიდა.
სტივ ჯობსის მცირე ბიოგრაფიული დამატება
სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, კალიფორნიის შტატში, სან ფრანცისკოში დაიბადა. მისი პირადი ცხოვრებისეული ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. მას ორი მშობლები ჰყავდა - ბიოლოგიური და აღმზრდელები. ჯოანა შიბლე (მოგვიანებით ჯოანა სიმპსონი) და აბდულფატა ჯანდალი, რომლებმაც ერთმანეთი ვისკონსინის უნივერსიტეტში გაიცნეს, სტივ ჯობსის ნამდვილი მშობლები იყვნენ.
წყვილს მოულოდნელად ეყოლა შვილი, რომელიც მალევე გააშვილეს. ეს ბავშვი სტივ ჯობსი იყო. მოგვიანებით, ჯოანა შიბლემ და აბდულფატა ჯანდალიმ იქორწინეს და მეორე შვილიც ეყოლათ, რომელსაც მონა სიმპსონი ერქვა. სტივისგან განსხვავებით, მშობლებს მონა არ გაუშვილებიათ.
სტივ ჯობსი კლარა და პოლ ჯობსებმა იშვილეს და მას სტივენ პოლ ჯობსი დაარქვეს. კლარა ბუღალტერი იყო, ხოლო პოლი სანაპირო დაცვის ვეტერანი და მექანიკოსი. წყვილი კალიფორნიაში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც დღეს სილიკონ ველია გაშენებული. ახალგაზრდობაში სტივ ჯობსი და მისი აღმზრდელი მამა საოჯახი გარაჟში ელექტრონიკით იყვნენ გატაცებულნი. პოლი სტივს ასწავლიდა როგორ შეეკეთებინა სხვადასხვა ნივთები და როგორ ემუშავა ელექტრონიკასთან. ამ გამოცდილებამ სტივ ჯობსს მოგვიანებით უდიდესი წარმატება მოუტანა.
თავისი ნამდვილი მშობლებისა და დის შესახებ სტივ ჯობსმა 27 წლის ასაკში შეიტყო და მოძებნა ისინი.
კრისან ბრენანის, ლიზასა და სტივ ჯობსის ისტორია
ლიზა ნიკოლ ბრენან-ჯობსი 1978 წლის 17 მაისს დაიბადა. დედამისი, კრისან ბრენანი და მამამისი, სტივ ჯობსი, ერთმანეთს პირველად კუპერტინოში, საშუალო სკოლაში 1972 წელს შეხვდნენ. სტივსა და კრისანს 5 წლის განმავლობაში ჰქონდათ რომანი. 1977 წელს, როდესაც სტივ ჯობსმა Apple დააფუძნა, ის და კრისანი თავიანთ მეგობარ დენიელ კოტკესთან ერთად, კუპერტინოში კერძო სახლში გადავიდნენ, რომელიც ოფისთან ახლოს მდებარეობდა.
ამ დროს, კრისანი სტივისგან დაორსულდა, რამაც ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. სტივ ჯობსი ამბობდა, რომ ბავშვი მისი არ იყო და კრისანის ორსულობაზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრებოდა. ამ მიზეზის გამო, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
სტივ ჯობსმა 1991 წლის 18 მარტს ლორენ პაუელ-ჯობსზე იქორწინა, რომელიც სტენფორდის ბიზნეს სკოლაში გაიცნო. ისინი ერთად პალო ალტოში, კალიფორნიაში ცხოვრობდნენ და ქორწინებიდან სამი შვილიც ეყოლათ.
სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში, 2011 წლის 5 ოქტომბერს კუჭის კიბოსგან გარდაიცვალა.
კომენტარები