საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი რომ არის, ამას ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე უფრო მეტად ვგრძნობთ. უამრავ ტურისტს შეხვდებით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ სხვა ქალაქის ქუჩებში. რიცხვებშიც რომ გადავიყვანოთ, ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნიდან წასული ნებისმიერი კმაყოფილი სტუმარი ტურიზმის გაზრდილ მაჩვენებელს ნიშნავს.

ადამიანებს, რომლებსაც დაგეგმილი არ აქვთ სად გაემგზავრებიან, აინტერესებთ რომელი ქვეყანაა უსაფრთხო და სად ნახავენ მათთვის საინტერესო ბუნებასა თუ ისტორიულ ძეგლებს. ინფორმაციის გასაცვლელად საუკეთესო საშუალებაა ფორუმები, სადაც კმაყოფილი ან უკმაყოფილო ტურისტი თავის შთაბეჭდილებებს წერს, ახლები კი წინასწარ იგებენ, რას უნდა მოელოდნენ. ამ მხრივ საქართველოს ცუდი დახასაიათება არ აქვს და აღნიშნულია, რომ "საქართველო ომგამოვლილი ქვეყანაა და მიუხედავად ამისა, მაინც კარგად გამოიყურება."

ზოგადი შეფასებები

TripAdvisor-ზე საქართველოს შესახებ მოსაზრება და შეფასება 174 ათასზე მეტმა ტურისტმა დატოვა. უახლეს შეფასებებში ტურისტები ძირითადად წერენ, რომ საქართველო კომფორტული ქვეყანაა სამოგზაუროდ. კომფორტული როგორც გადაადგილების, ისე ხარჯის მხრივ. უცხოელებს საქართველოში მოგზაურობა საკმაოდ იაფი უჯდებათ. ერთ-ერთ ფორუმზე სკოლადამთავრებულმა ბიჭმა ისიც კი აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოდის, რადგან უნდა იაფად და უსაფრთხოდ იმოგზაუროს.

ძირითადად საქართველოზე სასიამოვნო შეფასებებს წერენ, როგორი განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა გვაქვს, არაჩვეულებრივი კერძები და ღვინო. ხაჭაპური, რომელიც ჩვენთვის ყოველდღიური საჭმელია ტურისტებში განსაკუთრებულ აღფრთხოვანებას იწვევს.

"საუზმეზე ხაჭაპური ჭამე!!!", - წერდა ერთ-ერთი ტურისტი თავის შეფასებაში.

ბევრი წერს, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა საქართველოში, რადგან აქ განსაკუთრებული შთაბეჭდილება და გამოცდილება მიიღეს: "ევროპასთან შედარებით პატარა კულტურული შოკია".

რა მოსწონთ

მოგზაურობისას უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. ერთ-ერთი სტუდენტი წერდა, რომ მშობლებს არ უნდათ მისი საქართველოში გამშვება, რადგან კავკასია უსაფრთხო არ ჰგონიათ. ფორუმის სხვა მომხმარებლებმა აუხსნეს, რომ საქართველო კავკასიაშიც და ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ურჩევდნენ მშობლებისთვის სტატისტიკა ეჩვენებინა. აღნიშნავენ იმასაც, რომ ჩვენს ქვეყანაში მარტო მოგზაურობა უსაფრთხოა და არ არიან ე.წ. ჯიბის ქურდებიც კი.

"რამდენი წელია თბილისში ვცხოვრობთ და საფრთხეში თავი არასდროს მიგრძვნია, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ჩემი სართულის მეზობელმა გადაწყვიტა ფოიერვერკი სახლში გაეშვა", - წერდა ყველაზე დიდ უცხოურ ფორუმზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

Kazbeki hiking 🇬🇪 #kazbegi #liveterbestute #georgia #ferie

A post shared by Maren Thu (@mar1thu) on

რაც შეეხება ქვეყნის შიდა ტრანსპორტს. ტურისტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ავტოსტოპი საქართველოში გადაადგილების უსაფრთხო საშუალებაა. სამარშრუტო ტაქსები, რომლებსაც დიდ მინივენებს ეძახიან, არაკომფორტულია, მაგრამ სწრაფი და იაფია. ბევრი ინტერესდება შესაძლებელია თუ არა მანქანის ქირაობა და მათი მართვის მოწმობა ჩვენთან მოქმედებს თუ არა.

რა არ მოსწონთ

საერთაშორისო ფორუმებსა და სხვადასხვა დახურულ ჯგუფში აღნიშნავენ, რომ საქართველოზე ცოტა ინფორმაციაა. ფორუმზე აღნიშნულია, რომ ვინც ხშირად მოგზაურობს მიხვდება, რომ ოფიციალურ ვებგვერდებსა და ტურისტულ სააგენტოებს ბოლომდე არ უნდა ენდონ. მოგზაურობის დაგეგმვაზე ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ფორუმებს, ბლოგებსა და შეფასებებს აქვს. სწორედ ამ ინფორმაციის სიმცირეზე საუბრობენ ჩვენი ქვეყნის პოტენციური სტუმრები.

ძირითადად პრობლემად ტურისტები ინგლისური ენის არცოდნას ასახელებენ. ბევრი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა ინგლისური იციან, მაგრამ უფრო დიდი თაობა რუსულად ამჯობინეს საუბარს. რამდენიმე კითხვა რუსეთსაც ეხებოდა.

ასევე ამბობენ, რომ ერთადერთი საფრთხე საქართველოში საგზაო შემთხვევებია, რადგან "საშინელი მძღოლები" გვყავს.

პოპულარული ქალაქები საქართველოში

ვებგვერდზე ცალკე არის გამოყოფილი ქალაქები, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ უცხელი ტურისტები. ათეული ასე გამოიყურება:

  1. თბილისი;
  2. ბათუმი;
  3. გაგრა;
  4. ქუთაისი;
  5. სოხუმი;
  6. ქობულეთი;
  7. მესტია;
  8. ბორჯომი;
  9. ბიჭვინთა;
  10. თელავი.

ამ ათეულში მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამი ადგილი, გაგრა, სოხუმი და ბიჭვინთა. მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადი რუსეთიდან შემოდის. თავისთავად, არ არის გასაკვირი, რომ ოკუპირებულ ქალაქებს ბევრი რუსი ტურისტი სტუმრობს.

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

თბილისი

ტურისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ თბილისი ლამაზი ქალაქია, რადგან განსაკუთრებული არქიტექტურით ევროპისა და აზიის ნაზავია. ბევრი ახალგაზრდა დედაქალაქის ღამის ცხოვრებით ინტერესდება. წერენ, რომ თბილისში საკმაოდ ბევრი ბარია და ქალაქში ღამის ცხოვრებით არ მოიწყენენ.

ასევე შეფასებებში წერია, რომ თბილისის ტურისტული ნაწილი პატარა და ზოგისთვის მოსაწყენიც კი აღმოჩნდა. არ გამოპარვიათ საბჭოთა არქიტექტურაც.

ტურისტებს თბილისი მოსწონთ, რადგან მათთვის სამოგზაუროდ კომფორტული ქალაქია. ერთ-ერთ მომხმარებელი წერდა, რომ თბილისიდან ერთდღიან ტურებზე წასვლა ადვილია, ასევე, აღნიშნავენ, რომ ქალაქი საცხოვრებლად იაფია.

ბათუმი

ტურისტები თბილისის შემდეგ ბათუმი ყველაზე ხშირად სტუმრობენ. თუმცა არაერთი ადამიანი წერდა, რომ ბათუმი არის საზღვაო ქალაქი, რომელსაც არ უნდა ესტუმრო და თუ საქართველოში მოგზაურობას აპირებ, სჯობს მთაში წახვიდე. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში განსაკუთრებით ლამაზი ბუნებაა, თუმცა დასძენენ, რომ რეგიონები ღარიბი და ბინძურია. სილამაზით გამოყოფენ ყაზბეგსა და სვანეთს, განსაკუთრებით კი მესტიასა და უშგულს.