ჰოკინგმა უკანასკნელ ნაშრომში პარალელურ სამყაროთა პარადოქსი გადაჭრა
განსვენებული ასტროფიზიკოსის ახალი თეორია, მის მიერვე შემუშავებული კოსმოსური პარადოქსის ამოხსნაში გვეხმარება და ასტრონომებს პარალელურ სამყაროთა არსებობის დამადასტურებელი არგუმენტების მოსაძიებლად ახალ სტიმულს აძლევს.
ნაშრომი გამოსაქვეყნებლად სამეცნიერო გამომცემლობას - Journal of High-Energy Physics ჰოკინგის გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე გადაეცა.
1980-იან წლებში, სტივენ ჰოკინგმა, ასტროფიზიკოს ჯეიმს ჰარტლთან ერთად, სამყაროს შექმნის ახალი თეორია შეიმუშავა.
ჰარტლ-ჰოკინგის ამ თეორიით, დაძლეულ იქნა ალბერტ აინშტაინის თეორიაში არსებული ის შინაგანი წინააღმდეგობა, რომლის პოსტულატის თანახმადაც, ჩვენი სამყარო დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა ეს.
იმის ასახსნელად, თუ როგორ აღმოცენდა სამყარო არაფრისაგან, მეცნიერებმა კვანტურ მექანიკას მიმართეს. მართალია, ამ თეორიით ერთი პრობლემის გადაჭრა მოხერხდა, მაგრამ წარმოიშვა მეორე, ან უფრო სწორად - პრობლემათა უსასრულობა.
საკუთარი თეორიის შემუშავებისას ფიზიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიდი აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ არა ერთი, არამედ სამყაროთა უსასრულო რაოდენობა წარმოიქმნა.
ჰარტლ-ჰოკინგის თეორიის თანახმად, ზოგიერთი პარალელური სამყარო ჩვენსას წააგავს: იქაც არსებობენ დედამიწის მსგავსი პლანეტები, საზოგადოებები, და ჩვენი მსგავსი ადამიანებიც კი.
სხვა დანარჩენი სამყაროები შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავდებოდნენ ჩვენგან - ეს შეიძლება იყოს პლანეტა, რომელიც დედამიწას ჰგავს, მაგრამ მასზე ჯერ კიდევ შემორჩენილია დინოზავრების პოპულაცია. ან კიდევ, ზოგიერთ მათგანში, შეიძლება ყველაფერი განსხვავებული იყოს: მაგალითად, ეს იყოს სამყარო დედამიწის, ან სულაც ვარსკვლავებისა და გალაქტიკის გარეშე, ფიზიკის სრულიად სხვა კანონებით.
ალბათ ეს ყველაფერი ფანტასტიკასავით აღიქმება, მაგრამ ჰარტლ-ჰოკინგის თეორიის მათემატიკური ნაწილის მიხედვით, ეს სრულიად დასაშვები და შესაძლებელია.
თუმცა, თავს იჩენს ერთი პრობლემა: თუკი არსებობს სამყაროთა ურიცხვი რაოდენობა, ფიზიკის კანონების ასევე ურიცხვი ვარიაციების პირობებში, მაშინ, თეორიას არ ძალუძს იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ სამყაროში ვიმყოფებით ჩვენ და რა თავისებურებები განასხვავებს მას სხვა სამყაროებისგან.
თავის უკანასკნელ ნაშრომში, ჰოკინგი, პროფესორ თომას ჰერტოგთან ერთად (ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია) სწორედ ამ პარადოქსის ახსნას ცდილობს. BBC-სთან საუბრისას ჰერტოგი ამბობს: „არც სტივენს და არც მე არ გვაკმაყოფილებდა საკითხისადმი ასეთ პოზიცია“; „გამოდის, რომ მულტისამყარო შემთხვევით აღმოცენდა, და ამის გარდა ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია; ჩვენ შევთანხმდით კიდეც, რომ ამ ყველაფერს უნდა შევრიგებოდით, თუმცა დანებებას არ ვაპირებდით“.
ჰარტლ-ჰოკინგის თეორია ორი მეცნიერის ოცწლიანი ერთობლივი შრომის ნაყოფია. ახალი თეორიის ჩარჩოებში პარადოქსის გადაწყვეტა სხვა ეგზოტიკური თეორიის - ე.წ. სიმების თეორიის მათემატიკური არსენალის დახმარებით მოხერხდა.
საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ ფიზიკოსებს საშუალება მისცა სხვა კუთხით შეეხედათ მეცნიერებისათვის, ხოლო ნაშრომში აღწერილი ჰარტლ-ჰოკინგის თეორიის ახლებური შეფასება მულტისამყაროში წესრიგს აღადგენს.
ჰარტლ-ჰოკინგის თეორიის თანახმად, პარალელური სამყაროები ნამდვილად არსებობენ და ამასთანავე, ფიზიკის კანონები იქაც ისეთივე უნდა იყოს, როგორც ჩვენს სამყაროშია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამყარო ტიპურია, მაშასადამე, ის შეხედულებები და დასკვნები, რომლებიც მასზე დაკვირვების შედეგად გამოგვაქვს, პარალელურ სამყაროებთან მიმართებაშიც გამოყენებადია.
„ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, შესაძლოა „ჭკუამიღმური“ და ზედმეტად ბრძნული მოგვეჩვენოს, მაგრამ, რეალურად მსგავსი იდეები დახმარებას გაუწევენ იმ ფიზიკოსებს გაუწევენ დახმარებას, რომლებიც სამყაროს წარმოქმნის შესახებ უფრო სრულყოფილი თეორიის შემუშავებას ცდილობენ“ - ამბობს პროფესორი ჰერტოგი. და შემდეგ განაგრძობს: „ფიზიკის კანონები, რომლებსაც ჩვენ ლაბორატორიებში ვამოწმებთ, ყოველთვის არ არსებობდნენ. ისინი, დიდი აფეთქების შედეგად, იმის მიხედვით კრისტალიზირდნენ, თუ როგორი თანდათანობით გრილდებოდა და ფართოვდებოდა ჩვენი სამყარო. ის, თუ რა სახის კანონები ჩამოყალიბდებოდნენ ამ პროცესში, დიდწილად დიდი აფეთქების ფიზიკურ პარამეტრებზე იყო დამოკიდებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი შესწავლის შემდეგ, უკვე სიღრმისეულად განვსაზღვრავთ თუ საიდან წარმოდგებიან ჩვენს მიერ შექმნილი თეორიები ფიზიკაში, როგორ ყალიბდებიან ისინი და რამდენად უნიკალურნი არიან“.
ჰერტოგის აზრით, ახალი თეორიის ერთ-ერთი ამაღელვებელი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ამ თეორიის დახმარებით მეცნიერებმა შეიძლება ჩვენს სამყაროში პარალელურ სამყაროთა კვალს მიაკვლიონ; ეს სავსებით შესაძლებელია დიდი აფეთქების მიკროტალღური ნაკვალევის საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში. თუმცა, ჰერტოგი იქვე აზუსტებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ერთი სამყაროდან მეორეში გადაადგილება სამწუხაროდ ნაკლებად შესაძლებელია.
კომენტარები