ფოტოები დამწვარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიიდან
თბილისში, დიდუბის რაიონში, სავაჭრო ცენტრ თერგში 3000 მ2-მდე ტერიტორია დაიწვა. შენობის მესამე სართულზე ხანძარი 27 თებერვალს, შუაღამით გაჩნდა. ცეცხლს 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.
სავაჭრო ცენტრში განთავსებული იყო მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ასევე, იყიდებოდა თამბაქოს ნაწარმი და სასურსათო პროდუქცია. მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის კერების ლიკვიდაციას. შენობის სახურავიდან ძლიერი კვამლი ამოდის.
დაზარალებული მოვაჭრეები გარეთ დგანან და ელოდებიან ინფორმაციას მათი ქონების შესახებ.
ნანა სუხაშვილი ამბობს, რომ 19 წელია ამ სავაჭრო ცენტრში მუშაობს და თამბაქოს ნაწარმს ყიდის. მისი ოჯახის შემოსავლის წყაროც მხოლოდ ეს იყო. ფიქრობს, რომ სხვისი დაუდევრობის მიზეზით გაჩნდა ცეცხლი:
"დირექცია ყოველ წუთს დადიოდა და ელექტროენერგიის გაყვანილობებს ამოწმებდა. ახალი გაკეთებულია ყველაფერი. მე შევედი, არ მიშვებდნენ, მაგრამ მაინც და არაფერი აღარ დამხვდა. იქ თუ სიგარეტი გადარჩებოდა, იმდენი წყალია ჩასული... რკინის ფულიც კი ვერ ვიპოვე".
25 წელია სავაჭრო ცენტრ თერგში სიგარეტს ყიდის სიმონ მიროტაძე, წუხელ კი ყველაფერი დაეწვა. ამბობს, რომ ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე საუბარი არ შეუძლია.
კიდევ ერთი დაზარალებული, ლეილა ლევთაძე სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვს. ჟურნალისტებთან საუბრისას ჰყვება, რომ საღამოს შუქი ჩააქრო, დაცვა დატოვა და სახლში წავიდა:
"მოვედი და დაწვეს. არავინ არაფერს არ გვეუბნება".
კომენტარები