გაიხსენეთ რამდენჯერ შეგიძენიათ მეორადი ავეჯი — ზოგიერთ შემთხვევაში დაბალი ფასის, ზოგჯერ კი ვინტაჟური ავეჯის უნიკალური ვიზუალისა და ხარისხის გამო. ძველი ავეჯის მოყვარულებმა კარგად ვიცით, რომ მისი დიდი ნაწილი დამზადებულია განსაკუთრებული ოსტატობითა და მაღალი ხარისხის მასალით. ამასთან, მეორადი ავეჯი ხშირად ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე მისი თანამედროვე ალტერნატივები.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეორადი ავეჯის გამოყენებით თითოეული ჩვენგანი ამცირებს ნარჩენების რაოდენობას, მხარს უჭერს სწორი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და ამგვარად, წვლილი შეაქვს მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

იმისთვის, რომ მეორადი ავეჯის შეძენა და გამოყენება სასიამოვნო თავგადასავლად დარჩეს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკად არ გვექცეს, აუცილებელია ვიცოდეთ რამდენიმე ოქროს წესი, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ.

ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ის, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ მეორად ავეჯსა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

მეორად ავეჯში არსებული ფარული საფრთხეები

ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო

მეორადი ავეჯის შეძენის მიმზიდველობის უკან, უამრავი საფრთხე იმალება, რომლებმაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ ჩვენს ჯანმრთელობაზე:

1. ბიოლოგიური და ჰიგიენური საფრთხეები: უხილავი სტუმრები

ყველაზე გავრცელებული და რთულად მოსაგვარებელი პრობლემა რბილ ავეჯთან (დივნები, სავარძლები, მატრასები) დაკავშირებული ბიოლოგიური დაბინძურებაა.

  • ბაღლინჯოები (Bed Bugs) მეორადი ავეჯის თანმხლები ყველაზე დიდი საფრთხეა. ისინი კვერცხებს დებენ ნაჭრის ნაკეცებში, ხის ნაპრალებსა და ზამბარებს შორის. მათი აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია.
  • წინა მფლობელებისგან ავეჯს შესაძლოა მოჰყვეს შინაური ცხოველების ბეწვი, კანის მკვდარი უჯრედები და ოფლი, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ობისა და ბაქტერიების გასავრცელებლად.

2. ქიმიური საფრთხეები და მოძველებული სტანდარტები

ბევრი ვინტაჟური ნივთი შეიქმნა იმ ეპოქაში, როდესაც გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის დაცვის რეგულაციები გაცილებით სუსტი იყო ან საერთოდ არ არსებობდა.

  • მე-20 საუკუნის შუა წლებამდე წარმოებული ხის ავეჯი ხშირად იღებებოდა ტყვიის შემცველი ლაქ-საღებავებით. დროთა განმავლობაში საღებავი იქერცლება და გარდაიქმნება მტვრად, რომელიც სასუნთქი გზებით ორგანიზმში ხვდება და ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს.
  • ტოქსიკური აალების საწინააღმდეგო ნივთიერებები: ძველ რბილ ავეჯში გამოიყენებოდა ქიმიური ნაერთები (მაგ., PBDEs), რომლებიც დღეს აკრძალულია მათი კანცეროგენული თვისებების გამო. თანამედროვე სტანდარტები (როგორიცაა ბრიტანული Fire Safety Regulations) მოითხოვს ნაკლებად ტოქსიკურ, მაგრამ უფრო ეფექტიან დაცვას, რაც ძველ ნივთებს არ გააჩნია.

3. მექანიკური და სტრუქტურული დაზიანებები

ავეჯი, რომელიც ვიზუალურად ახალივით გამოიყურება, შესაძლოა კონსტრუქციულად გაუმართავი იყოს.

  • ხის შიდა კარკასი დროთა განმავლობაში შრება და სუსტდება. შესაძლოა, სკამი ან მაგიდა ერთი შეხედვით მყარი ჩანდეს, მაგრამ დატვირთვისას მოულოდნელად გატყდეს, რაც ტრავმის მიზეზი გახდება. ისევე როგორც რბილი ავეჯის მატერია, მატრასებიც ერთი შეხედვით შეიძლება კარგად გეჩვენოთ, მაგრამ რეალურად ერგონომიულობა, გამძლეობა და ბოჭკოები უკვე დარღვეული ჰქონდეს.
  • გასაშლელი დივნების, სარწეველა სავარძლების ან ძველი კომოდების მექანიზმები ხშირად დაზიანებულია. მოძველებული ზამბარები ან მძიმე უჯრები, რომლებსაც არ აქვს თანამედროვე დამჭერები, განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვებს, რადგან არსებობს თითების მოყოლის ან ნივთის გადმოყირავების მაღალი რისკი.
  • ბევრი მეორადი კარადა თუ თარო ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტაბილურობის ტესტებს. კანონმდებლობის არარსებობის გამო, ძველი ავეჯი ხშირად ზედმეტად მძიმეა ზედა ნაწილში, რაც წონასწორობის დარღვევას იწვევს.

ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო

4. უსაფრთხოების მოთხოვნების გვერდის ავლით წარმოებული ავეჯი

შესაძლოა, მეორად ბაზარზე შეგხვდეთ თანამედროვეობაში ნაწარმოები ავეჯიც, რა დროსაც უკვე არსებობდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგულაციები და სტანდარტები, თუმცა ეს პროდუქტი მათი გვერდის ავლით შექმნეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეორად ბაზარზე იყიდება ავეჯი და არა მხოლოდ ავეჯი, რომელიც გამოთხოვილია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან, რადგან ვერ აკმაყოფილებდა ამ ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნებს, მაგალითად, შეიცავდა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, არ იყო კონსტრუქცია მყარი და ა.შ.

მეორადი ავეჯის შემთხვევაში გართულებულია მიკვლევადობაც. ახალ ავეჯს, რომელიც უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისადაა ნაწარმოები, შეფუთვაზე აწერია მწარმოებელი, ხშირ შემთხვევაში იმპორტიორი, დატანილია სხვადასხვა სახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გამაფრთხილებელი მითითებები, სწორად მოვლის წესები. მეორად ავეჯზე მსგავსი ინფორმაცია დატანილი აღარ არის და უმეტეს შემთხვევაში, რთულია დაადგინო მწარმოებელიც კი.

ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო

პრაქტიკული გზამკვლევი: როგორ შევამოწმოთ მეორადი ავეჯი შეძენამდე

იმისათვის, რომ შენაძენმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, აუცილებელია ნივთის დეტალური, კრიტიკული დათვალიერება. ნუ მოგერიდებათ გამყიდვლისთვის კითხვების დასმა და ნივთის ტესტ-დრაივი — ეს თქვენი უფლება და უსაფრთხოების გარანტიაა.

1. დეტალური ვიზუალური დათვალიერება

ნივთის შეფასება მხოლოდ შორიდან დათვალიერებით არ უნდა შემოიფარგლოს.

  • თუ სკამს ან დივანს ყიდულობთ, აუცილებლად დაჯექით და დარწმუნდით, რომ ზამბარები არ გამოსცემს უცნაურ ხმას, ზედაპირი არ არის ჩავარდნილი და კონსტრუქცია არ ირყევა. ნებისმიერი ჭრიალი მიუთითებს იმაზე, რომ ხის კარკასი დაზიანებულია ან შემაერთებელი დეტალები მოშვებულია.
  • რბილი ავეჯის შემთხვევაში, ყურადღებით დაათვალიერეთ ნაკერები. თუ ხედავთ მცირე ზომის მუქ წერტილებს ან უცნაურ ლაქებს, ეს შესაძლოა მწერების არსებობის ნიშანი იყოს.

2. მექანიზმების შემოწმება

თუ ავეჯს აქვს მოძრავი ნაწილები, თითოეული მათგანი რამდენჯერმე უნდა შემოწმდეს:

  • უჯრები და კარადები: გახსენით და დაკეტეთ ყველა უჯრა. ისინი შეფერხების გარეშე უნდა მოძრაობდეს. შეამოწმეთ, აქვს თუ არა უჯრებს დამჭერები, რათა შემთხვევით გადმოღებისას ფეხზე არ დაგეცეთ.
  • გასაშლელი სისტემები: დივან-საწოლების შემთხვევაში, მექანიზმი მინიმუმ 2-3-ჯერ გაშალეთ და დაკეცეთ. დარწმუნდით, რომ ლითონის კონსტრუქცია არ არის დაჟანგული ან დეფორმირებული, რაც მომავალში მის გაჭედვას გამოიწვევს.

3. ყნოსვის ტესტი — სუნი, როგორც ინდიკატორი

სუნი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინდიკატორია ავეჯის ისტორიის გასაგებად. მძაფრი, სპეციფიკური სუნი ხშირად ფარულ საფრთხეებზე მიგვანიშნებს:

  • ობისა და ნესტის სუნი მიუთითებს, რომ ავეჯი ინახებოდა სარდაფში ან ნესტიან საწყობში. ობის სპორები ღრმად ჯდება ღრუბელში და მათი სრულად გამოყვანა ქიმწმენდითაც კი თითქმის შეუძლებელია.
  • შინაური ცხოველების ან სხვა არასასიამოვნო სუნი ძალიან მდგრადია. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გაქვთ ალერგია, მსგავსი ნივთის შეძენა სახიფათოა, რადგან სუნთან ერთად ქსოვილში ნარჩუნდება ალერგენებიც.

4. მოიკითხეთ ნივთის ისტორია

არ მოგერიდოთ გამყიდვლის გამოკითხვა. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ავეჯი ადგილობრივი ბაზრიდან იყიდება თუ იმპორტირებულია, ვინ არის მომწოდებელი, გაიარა თუ არა რაიმე სახის წმენდა ბაზარზე განთავსებამდე. თუ შესაძლებელია მოიძიეთ ინფორმაცია მწარმოებელზე, ავეჯის სერიის ან პარტიის ნომერზე.

5. ზედაპირული დაზიანებების შეფასება

დააკვირდით ხის ზედაპირს. პატარა, წერტილოვანი ნასვრეტები შესაძლოა, მიუთითებდეს ხის მწერების არსებობაზე. თუ ხე ფხვიერია ან ხელით შეხებისას იფშვნება, ასეთი ავეჯის ყიდვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან მან შეიძლება თქვენს სახლში არსებული სხვა ხის ნივთებიც დააინფიციროს.

7. გადამოწმება: ხომ არ არის ავეჯი ბაზრიდან გამოთხოვილი?

სანამ მეორად ნივთს იყიდით, ეცადეთ მოიძიოთ მწარმოებლის, სერიული ნომერი ან მოდელის დასახელება. ამ მონაცემების გამოყენებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხომ არ მიიჩნევა ეს კონკრეტული მოდელი საფრთხის შემცველად საერთაშორისო ბაზებზე:

Safety Gate (ევროკავშირი): ეს არის ევროკავშირის საფრთხის შემცველი პროდუქტების სწრაფი გაფრთხილების სისტემა. აქ შეგიძლიათ ნახოთ (2005 წლიდან დაწყებული) იმ ნივთების სია, რომლებიც ევროპის ბაზრიდან ამოიღეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო (მაგალითად, თუ კარადა ადვილად ყირავდება ან საღებავი ტოქსიკურია).

CPSC — SaferProducts.gov (აშშ): ეს არის ამერიკის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის (Consumer Product Safety Commission) ბაზა. ის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი რესურსია მსოფლიოში. აქ შეგიძლიათ კონკრეტული მოდელის მიხედვით ნახოთ, ხომ არ იყო ეს ავეჯი გამოთხოვილი ბაზრიდან ადამიაინსთვის სერიოზული ზიანის მიყენების ან დეფექტების გამო.

OECD GlobalRecalls: ეს არის გლობალური პორტალი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას პროდუქციის გამოთხოვის შესახებ მთელი მსოფლიოდან.
ხშირად კომპანიები აკეთებენ განცხადებას კონკრეტული სერიის გამოთხოვაზე, რადგან აღმოჩნდება ხოლმე, რომ ნივთმა ვიღაცას ზიანი მიაყენა. მეორადი ავეჯის გამყიდველმა შესაძლოა, ეს არ იცოდეს ან შეგნებულად დამალოს.

რისი ყიდვაა ყველაზე უსაფრთხო მეორად ბაზარზე?

არსებობს ნივთების კატეგორია, რომელთა ყიდვაც გაცილებით ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული:

  • მყარი ხის ავეჯი: სასადილო და ჟურნალების მაგიდები, წიგნის თაროები, კომოდები და სამუშაო მაგიდები შედარებით უსაფრთხო არჩევანია. მთავარია, უპირატესობა მიანიჭოთ მასიურ ხეს და მოერიდოთ დაზიანებულ ან აქერცლილ პრესმუყაოს. მასიური ხის ავეჯი ხშირად უფრო გამძლეა, ვიდრე თანამედროვე ავეჯი.
  • ლითონის ავეჯი: ლითონის სკამები, გარე/ეზოს ავეჯი და სათავსები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. ლითონის ზედაპირი არაფოროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ბაქტერიები და მწერები ვერ ბუდობენ და მისი იდეალური დეზინფექცია უმარტივესია.
  • შუშა და კერამიკა: სანათები, ვაზები და შუშის ზედაპირიანი მაგიდები თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ. უბრალოდ ყურადღებით დაათვალიერეთ და დარწმუნდით, რომ მათ არ აქვს ბზარი ან ჩამოტეხილი კუთხე, რომლებმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა, ნივთის მსხვრევა გამოიწვიოს.
  • საბავშვო ავეჯი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ბავშვის უსაფრთხოების სტანდარტები წლიდან წლამდე მკაცრდება. ის, რაც 10 ან თუნდაც 5 წლის წინ უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, დღეს შესაძლოა, აკრძალული იყოს. საბავშვო ავეჯი და მით უმეტეს, მატრასი, უმჯობესია იყიდოთ ახალი.

ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.

ეს სტატია დაწერილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.