როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
ამჟამად დედამიწაზე კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, რაც მეტწილად ადამიანთა სამრეწველო საქმიანობითაა პროვოცირებული. საქმე ისაა, რომ ამ დროს ატმოსფეროში დიდი ოდენობით მავნე აირები იფრქვევა, რომლებიც იქ გროვდება და სითბოს აკავებს. სწორედ ამის შედეგია გლობალური დათბობა, ანუ ბოლო საუკუნეში პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურის მკვეთრი მატება.
კლიმატის ცვლილება დედამიწის მთლიან ეკოსისტემაზე ზემოქმედებს და ეს გავლენა, სამწუხაროდ, უარყოფითია. შედეგი აისახება არამხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებსა და თავად ადამიანთა საცხოვრებელ გარემოზე, არამედ ბუნებრივ რესურსებზეც, მაგალითად, წყალზე.
წყალი უმნიშვნელოვანესია როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი სასმელი სითხის, ისე ბუნებრივი რეზერვუარების სახითაც. დედამიწაზე მას საკუთარი ციკლი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც ის ატმოსფეროდან ზედაპირზე და პირიქით მიმოიცვლება. კლიმატის ცვლილება ამ პროცესის ბალანსს არღვევს და წყალთან დაკავშირებულ კრიზისს იწვევს.
რა ხდება, როცა წყლის ციკლი ირღვევა
გლობალური დათბობა ატმოსფერულ ნალექზე ზემოქმედებს — იმაზე, თუ სად, როდის და რამდენად ინტენსიური წვიმა იქნება სხვადასხვა რეგიონში. მაღალი ტემპერატურის გამო უფრო მეტი მოცულობის წყალი ორთქლდება, ხოლო წვიმები დროთა განმავლობაში ადრინდელთან შედარებით ხშირი და ძლიერია.
ამის შედეგად იმატებს წყალდიდობებისა და დატბორვების რისკიც, რადგან ზედაპირზე იმაზე დიდი ოდენობით წყალი ხვდება, ვიდრე მცენარეული საფარი და მიწა შთანთქავს. "ზედმეტი" წყლის ნაწილი ახლომდებარე არხებში ჩაედინება და თან მიაქვს ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერებებიც, როგორიც სასუქია. ასევე, ეს სითხე ტბებში, ოკეანეებსა და ესტუარებშიც გადადის, რის შედეგადაც მათაც აბინძურებს. ამის გამო ადამიანებისთვისა და, ზოგადად, ეკოსისტემისთვის გამოსაყენებლად ვარგისი წყლის მარაგი მცირდება.
ასეთ რეზერვუარებში სასუქის გარევა წყალმცენარეებისთვის ხელსაყრელ პირობებს აჩენს, ამიტომ ისინი ვრცელდებიან. შეიძლება ეს ორგანიზმები სანაპიროებსა და არხებში დაგროვდნენ და იქ წყლის თავისუფლად მოძრაობას შეუშალონ ხელი. ასევე, წყალმცენარეები მზის სხივებსაც ბლოკავენ და წყალქვეშ მცხოვრებ არსებებამდე ჩაღწევის საშუალებას არ აძლევენ. ეს ამ გარემოში ჟანგბადის დონის ბალანსს არღვევს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთ წყალში არსებული ტოქსინები წყლის ბინადრებისთვის საშიშია (ფატალურიც კი) და ადამიანების ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტოქსინები შეიძლება წყლის გასუფთავების პროცესსაც გადაურჩეს და სასმელი წყალი დააბინძუროს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ტემპერატურის ზრდის გამო მყინვარების სწრაფი ლღობაც, რაც ზღვის დონის მატებას იწვევს (რადგან დამდნარი სითხე ოკეანეში ჩაედინება). მსგავს მარილიან წყალს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგის (ე.წ. წყლიანი ჰორიზონტის) დაბინძურებაც მარტივად შეუძლია. სითხის სპეციალურად გაფილტვრისას მარილის მოშორება შესაძლებელია, მაგრამ ეს პროცესი დიდ ენერგიას საჭიროებს და ძვირიც ჯდება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც გვალვებია და მტკნარი წყლის ნაკლებობაა. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და კარიბებში წყლის ასე დამუშავება უწევთ.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც წესი, თოვლი გროვდება და მტკნარი წყლის წყაროდ გამოიყენება. ამის მიუხედავად, იქ ტემპერატურის მატება ატმოსფერული ნალექის (თოვლის სახით) შემცირებას განაპირობებს, ამიტომ ზამთრის შემდეგ ადგილობრივ რეზერვუარებში მარაგები მცირდება. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება ფერმერებზე, რომლებიც მცენარეებს სათანადოდ ვეღარ რწყავენ, რათა მოსავალი მიიღონ.
წყლის კრიზისი მსოფლიოს გარშემო
კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მოვლენები წყლის კრიზისს წარმოშობს. მაგალითად, 2024 წელს რეკორდულად დაბალი ნალექიანობის მქონე თვეები 38%-ით უფრო გახშირდა, ხოლო 52%-ით უფრო ხშირი იყო უპრეცედენტოდ მაღალი 24-საათი წვიმიანობა (1995-2005 წლებს შორის პერიოდთან შედარებით). ეს ორივე ფაქტორი წყლის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითად ზემოქმედებს: გვალვა მის ნაკლებობას იწვევს, დატბორვები კი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას ტვირთავს.
მტკნარი წყლის მარაგზე საუბრისას ისიც გასათვალისწინებელია, რომ გლობალურად მასზე მოთხოვნა გაზრდილია. ეს იმიტომ, რომ წყალი მხოლოდ დასალევად ან ჰიგიენისთვის არ გამოიყენება, არამედ მას სხვადასხვა სამეწარმეო აქტიურობისასაც მოიხმარენ. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება და ურბანიზაცია ნიშნავს, რომ წყალზე მოთხოვნაც იზრდება.
მხოლოდ მოდის ინდუსტრია ყოველწლიურად დაახლოებით 79 ტრილიონ ლიტრ წყალს ხარჯავს და ინდუსტრიული დაბინძურების 20%-ზეა პასუხისმგებელი. მეტიც — ბამბის ერთი მაისურის დასამზადებლად იმდენი წყალია საჭირო, რამდენიც ადამიანს 2.5 წელი დასალევად ეყოფა. საბოლოოდ, ამ ყველაფრის გამო კლიმატის ცვლილების გავლენას წყალზე გაზრდილი მოთხოვნაც ემატება და სიტუაცია მწვავდება.
ფოტო: UNICEF
იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც წყლის ადეკვატური რესურსია, გამოსაყენებლად ვარგისი მარაგის ნაკლებობას განიცდიან. უფრო მწვავე კრიზისის მქონე ქვეყნებში ბავშვებს დასალევად და ჰიგიენისთვის საკმარისი სითხე არ მოეპოვებათ. განსაკუთრებულად დიდი ტვირთი მათ და ქალებს აწვებათ, რადგან სახლებში წყალს სწორედ ისინი იმარაგებენ. ამისთვის ხშირად შორ მანძილზე წასვლა უწევთ. მაგალითად, UNICEF-ის ინფორმაციით, ნიგერის რესპუბლიკის სოფელ ტჩადიში ბავშვები უახლოეს წყლის წყარომდე მისასვლელად 15 კილომეტრს გადიან.
UNICEF-ის მონაცემებით, ყოველ წელს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში მაინც 4 მილიარდი ადამიანი წყლის ნაკლებობას განიცდის; 2 მილიარდი ადამიანი ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, რომლებშიც არასათანადო წყალმომარაგებაა; 2030 წლისთვის წყლის მწვავე კრიზისის გამო 700-მილიონიან მოსახლეობას შეიძლება საცხოვრებლის შეცლა მოუწიოს, ხოლო 2040 წლისთვის 4-იდან 1-მა ბავშვმა უწყლობის მაღალი მაჩვენებლის მქონე არეალებში იცხოვროს.
ასევე, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ევროპის ტერიტორიაზე წყლის მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარები შრება. კერძოდ, 2018-19 წლებში კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში წყლის ნაკლებობა უკვე შეიმჩნეოდა, მას შემდეგ კი მიწისქვეშ არსებული სითხის მარაგი არ აღდგენილა. ამის მიზეზი ძლიერი გვალვებია, რომლებიც გარემოსთვის, მეურნეობისთვისა და ენერგოსექტორისთვის საზიანოა.
უნალექობისა და სიცხის უარყოფითი შედეგები ევროპამ ბოლო წლებში უკვე იხილა. წყლის მრავალმა ბინადარმა ბუნებრივი საცხოვრებელი დაკარგა, ნიადაგის სიმშრალემ სამეურნეო პრობლემები წარმოშვა, საფრანგეთში წყლის ნაკლებობამ ატომური ელექტროსადგურების მიერ ენერგიის გამომუშავების პროცესი შეაფერხა, იგივე მოხდა ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაშიც.
მაშასადამე, წყალზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა მთელს მსოფლიოში შეინიშნება და სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მათ თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, გარემოზე ჩვენი მავნე ზემოქმედება უნდა შევამციროთ, რადგან თუ სათბურის აირების ემისია ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.
გარდა პირველადი მიზეზის აღმოფხვრისა, აუცილებელია წყლის კრიზისთან სხვაგვარად ბრძოლაც. მაგალითად, საჭიროა წყლის ახალი წყაროების ძიება, რისთვისაც ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება შეგვიძლია, როგორიც დისტანციური სენსორებია. ასევე, სიტუაციას შეამსუბუქებს წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება, წყლის დაბინძურებისა და გაჟონვის რისკის შემცირება, გამდინარე წყლის ხელახლა გამოყენება მეურნეობაში და სხვა.


კომენტარები