NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია
ფოტო: NASA
ახალ ნაშრომში (ჯერ არარეცენზირებული) განიხილეს, თუ რა ტიპის ძრავებით აღჭურვაა საჭირო ისეთი კოსმოსური ხომალდის, რომელიც ჩვენს ვარსკვლავს (მზე) გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნის. ნაშრომის მიხედვით, შესაძლებელია ასეთი მისიის განხორციელება სამ ათწლეულში მოხდეს.
აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიაში მასა სივრცე-დროს ამრუდებს. საკმარისად დიდი ობიექტების შემთხვევაში (ვთქვათ, შავი ხვრელი ან ვარსკვლავი), ეს კიდევ უფრო შესამჩნევია. კოსმოსში დაკვირვებისას ასტრონომები რეგულარულად ამჩნევენ გრავიტაციულ ლინზირებას, სადაც შორეული ობიექტებიდან მომავალი სინათლე გამრუდებულია შუალედური ობიექტით, რაც ცვლის სინათლის გზას.
მიუხედავად ამისა, გრავიტაციული ლინზირება შემოიფარგლება იმით, თუ სადაა დაგროვილი დიდი მასა. შესაბამისად, მსგავსი ტელესკოპები არაა მოქნილი.
ამიტომ, მეცნიერები ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მზის ტელესკოპად გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა დაკვირვების ობიექტსა და ტელესკოპს შორის ჩვენი ვარსკვლავი მოვაქციოთ — ასეთ შემთხვევაში მზის გრავიტაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც უზარმაზარი ლინზა. შედეგად "ლინზით" შორეული ობიექტების სინათლის ინტენსივობას გავზრდით.
ამაზე საუბრობდა ფონ რაშელ ესლემანი ჯერ კიდევ 1979 წელს, რომელმაც პირველმა წამოაყენა მსგავსი ტელესკოპის იდეა. მისი თქმით, მილიმეტრიანი სინათლის ინტენსივობა მზის გრავიტაციული ლინზის გამო 100 მილიონჯერ უფრო ძლიერი გახდებოდა.
მსგავსი ტელესკოპის გამოყენებით, შესაძლოა, ეგზოპლანეტების ზედაპირის დაკვირვებაც კი შევძლოთ. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა დედამიწის ტელესკოპად გადაქცევაა, რაც უფრო მარტივია, თუმცა ნაკლებად ეფექტიანი.
მზის ტელესკოპად გარდაქმნა
რა უნდა ვქნათ მზის ტელესკოპად გარდასაქმენლად? ხომალდი უნდა გავუშვათ ძალიან შორ მანძილზე — საუბარია 650–900 ასტრონომიულ ერთეულზე. ცნობისთვის, ერთი ასტრონომიული ერთეული ის მანძილია, რითაც დედამიწა და მზე (საშუალოდ) ერთმანეთისგან არის დაშორებული. ამის შემდეგ ხომალდს მოუწევს ძალიან ზუსტი მანევრების გაკეთება. მეტიც, ასეთ მანძილზე მზის ენერგია ძალიან შემცირებულია, ამიტომ ხომალდმა ბირთვულ ენერგიაზე უნდა იმუშაოს.
დამეთანხმებით, ეს ძალიან რთული იქნება. გასათვალისწინებელია, რომ Voyager 1-იც კი, მზისგან მხოლოდ 170 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული.
შესაბამისად, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ახალ, ჯერ არარეცენზირებულ ნაშრომში, NASA-ს Jet Propulsion Laboratory-ს მეცნიერმა, სლავა გ.ტურიშევმა, აღწერა ასეთი მისიის შესაძლო ვარიანტები. მიუხედავად იმისა, რომ მისია შეიძლება შეუსრულებელი გვეგონოს, NASA განიხილავს მას თავის Innovative Advanced Concepts-ის პროგრამის ფარგლებში.
ჩვეულებრივი რაკეტები ძალიან ნელია ასეთი მისიისთვის, ამიტომ მეცნიერები საუბრობენ მომავლის ინსტრუმენტებზე: მზის ქარებსა და ბირთვულ ძრავებზე.
ტურიშევმა დაადგინა, რომ ამ ორი მეთოდიდან უფრო პრაქტიკული მზის ქარების (solar sail) გამოყენება იქნება. მისია მაინც საკმაოდ რისკიანია, რადგან ხომალდი მზეს ძალიან მიუახლოვდება — 0.04–0.08 ასტრონომიულ ერთეულზე — გრავიტაციული ბიძგის მისაღებად. ამ მეთოდის გამოყენებით, ტურიშევის თქმით, ხომალდი 650 ასტრონომიულ ერთეულს დაახლოებით 25–40 წელიწადში დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ორივე მიდგომა (მზის ქარები და ბირთვული ენერგია) შემუშავების პროცესშია. ტურაშევს მიაჩნია, რომ თუ პროცესებს დავაჩქარებთ, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა ნამდვილად შეგვიძლია.
კვლევის ნახვა arXiv-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები