რადიოაქტიურ ყინულში სიცოცხლის წარმომშობ ამინომჟავებს მიაგნეს — კვლევა
ფოტო: Jaydyn Isiminger / Penn State
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრების აზრით, ასტეროიდ ბენუზე აღმოჩენილი ამინომჟავების წარმოქმნას თხევადი ფორმით არსებული თბილი წყალი სულაც არ სჭირდებოდა. ეს აქამდე დამკვიდრებულ შეხედულებას ეწინააღმდეგება.
გუნდმა მცირე ნიმუშები გააანალიზა. ეს დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის ქანებს მოიცავს, რომლებიც NASA-ს OSIRIS-REx მისიის ფარგლებში 2023 წელს ჩამოიტანეს. აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის ეს მნიშვნელოვანი საშენი მასალები ცივ რადიოაქტიურ გარემოში წარმოიშვა.
კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ სიცოცხლის აღნიშნულ ამინომჟავებს სხვადასხვაგვარ გარემოში შეუძლია ჩამოყალიბება, თანაც არამხოლოდ იქ, სადაც თხევადი ფორმით არსებული თბილი წყალია.
მკვლევრებმა ხაზი განსაკუთრებით გლიცინს გაუსვეს. ეს ყველაზე მარტივი ამინომჟავაა, თანაც ერთ-ერთი ძირითადი მასალა სიცოცხლის წარმოშობისთვის. გუნდმა იზოტოპები გაზომა, მიღებული შედეგებით კი შტრეკერის სინთეზის ჰიპოთეზა დადგა ეჭვქვეშ. ეს მეცნიერებაში დამკვიდრებული ჰიპოთეზაა, რომლის თანახმადაც გლიცინის წარმოშობისთვის თხევადი სახით არსებული თბილი წყალია აუცილებელი.
ნაშრომის თანახმად ეს მოლეკულები მზის სისტემის გარეთა ნაწილში, რადიაციის გავლენის ქვეშ მოხვედრილ ყინულში წარმოიშვა. მეცნიერებმა ბენუდან აღებული ნიმუშები მურჩისონის ცნობილ მეტეორიტს შეადარეს, რომელიც ავსტრალიაში 1969 წელს ჩამოვარდა. კოსმოსური ამინომჟავების კვლევაში ეს მეტეორიტი ერთგვარ ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული.
მურჩისონის მეტეორიტში არსებული ამინომჟავები, სავარაუდოდ, თხევადი წყლის მქონე თბილ გარემოში წარმოიშვა. ბენუს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მასში შემავალი გლიცინი რადიაციის პირობებში, ყინულში უნდა წარმოშობილიყო.
ახალმა აღმოჩენამ ახალი სამეცნიერო თავსატეხიც გამოავლინა, რომელიც ქირალობის სახელითაა ცნობილი. ამინომჟავებს სარკისებური გამოსახულების 2 ფორმა აქვს, დაახლოებით ისე, როგორც ადამიანებს გვაქვს მარჯვენა და მარცხენა ხელი. ქიმიის სტანდარტული კანონების მოქმედების შემთხვევაში ეს 2 ვერსია იზოტოპური აგებულების თვალსაზრისით იდენტური უნდა იყოს. ბენუს ნიმუშებში გლუტამინმჟავის "მარცხენა" და "მარჯვენა" ვერსიებს აზოტის მკვეთრად განსხვავებული მნიშვნელობები აღმოაჩნდა. ამ მოვლენის ახსნა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო.
კვლევა გვაფიქრებს, რომ თუ სიცოცხლის საშენი მასალები გაყინულ, რადიოაქტიურ გარემოშიც კი ჩნდება, სამყარო შეიძლება იმაზე ნაყოფიერი იყო, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კვლევა გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები