BBC: მთავრობამ თბილისის აქციებზე პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა — რა ვიცით გამოძიებაზე
ფოტო: Shutterstock
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია, BBC, აქვეყნებს, "ქართულმა ოცნებამ" გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ მოქალაქეებს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდათ, მაგალითად, გაძნელებული სუნთქვა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველება და ღებინება. უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს ეს სიმპტომები რამდენიმე კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა. დარბევებში მოყოლილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს, რომ წყლის ჭავლი თითქოს "წვავდა".
საკითხით BBC დაინტერესდა. მათ საფუძვლიანი გამოძიება ჩაატარეს: გაესაუბრნენ ქიმიური იარაღების ექსპერტებს, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ექიმებს; შედეგად მათ მტკიცებულებები მოიპოვეს იმაზე, რომ პოლიციამ სპეციალური ქიმიური აგენტი გამოიყენა, რომელიც კამიტის სახელითაა ცნობილი.
ოცნების ხელისუფლების განცხადებით, BBC-ის გამოძიება "აბსურდულია", პოლიციის ქმედებები კი კანონიერი პასუხია იმ ქმედებებზე, რომლებიც "სასტიკმა კრიმინალებმა" ჩაიდინეს.
კამიტი ქიმიური იარაღია, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთი გერმანიის წინააღმდეგ იყენებდა. მიიჩნევა, რომ იგი მოხმარებიდან 1930-იან წლებში ამოიღეს. ამის მიზეზი ნივთიერების ხანგრძლივი ზემოქმედება იყო. კამიტი "ცრემლსადენი გაზით" ჩანაცვლდა, რომელიც გაცილებით უსაფრთხო ალტერნატივაა.
BBC პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს გაესაუბრა. ის ერთ-ერთია, ვინც აქციების პირველ კვირას პარლამენტის წინ გამოვიდა. ხასაიას მსგავსად მანაც აღნიშნა, რომ წყლის ჭავლით დარბევის შემდეგ კანი რამდენიმე დღე ეწვოდა, თანაც, რაც უფრო მეტად ცდილობდა ჩამობანას, შეგრძნება მით უფრო მძაფრდებოდა.
ჩახუნაშვილი დაინტერესდა, სხვა მონაწილეებსაც უვლინდებოდათ თუ არა მსგავსი სიმპტომები. ამის გასაგებად მან სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 350-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან თითქმის ნახევარმა თქვა, რომ მინიმუმ 1 გვერდითი ეფექტი აღენიშნებოდა, თანაც, 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 69 მოქალაქე ჩახუნაშვილმა თავად გამოიკვლია, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ მათ გულის ელექტრულ სიგნალებში მნიშვნელოვნად მეტი ანომალია აღენიშნებოდათ.
ჩახუნაშვილის კვლევამ რეცენზირება გაიარა და საერთაშორისო გამოცემაში, Toxicology Reports, გამოქვეყნდა.
ამ ნაშრომმაც იმაზე მიანიშნა, რასაც ჟურნალისტები და ექიმები აქამდეც ეჭვობდნენ — წყლის ჭავლში რაღაც იქნებოდა შერეული. ამის შემდეგ მათ ოცნების ხელისუფლებას ნივთიერების დასახელება მოსთხოვეს, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა.
BBC-ის ამბის გარკვევაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან დაკავშირებული მამხილებლები დაეხმარნენ. შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა შერგელაშვილის აზრით, ეს იგივე ნივთიერება უნდა ყოფილიყო, რომლის წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებაც მას 2009 წელს დაავალეს.
შერგელაშვილი იხსენებს, რომ ამ პროდუქტის გვერდითი ეფექტები იმდენად მწვავე იყო, რომ მანამდე მას მსგავსი არაფერი არ განეცადა. მისი თქმით, მასა და სხვა 15-20 თანამშრომელს ნივთიერების გასხურების შემდეგ სუნთქვა უჭირდათ. გარდა ამისა, მათ პროდუქტი სახიდან ვერ ჩამოიბანეს იმის მიუხედავად, რომ სპეციალური სითხე (სოდა და წყალი) წინასწარ ჰქონდათ გამზადებული.
როგორც შერგელაშვილი იხსენებს, სწორედ ამიტომ მან ამ ნივთიერების გამოყენება გადაიფიქრა, თუმცა წყლის ჭავლში მას მაინც ურევდნენ. იგი ასევე ამბობს, რომ ეს პრაქტიკა მინიმუმ 2022 წლამდე გრძელდებოდა — ამ დროს შერგელაშვილმა სამსახური დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.
წინა წლის აქციების კადრების ყურების შემდეგ იგი მომენტალურად დაეჭვდა, რომ მონაწილეების დასარბევად "ოცნების" მთავრობა ისევ კამიტს იყენებდა. მან ვარაუდი ყოფილ კოლეგებთან გადაამოწმა, რომლებმაც შერგელაშვილის ეჭვი დაადასტურეს.
BBC სხვა მაღალჩინოსან პოლიციელსაც გაესაუბრა. მანაც დაამოწმა, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში წყლის ქვემეხებში იგივე ნივთიერება დაამატეს, რომელსაც შერგელაშვილის დროს იყენებდნენ.
საინტერესოა, რომ მსგავს სიმპტომებს ცრემლსადენი გაზიც იწვევს. შერგელაშვილმა თქვა, რომ აქციებზე გამოყენებული ნივთიერების ეფექტი ბევრად ხანგრძლივი და დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო.
"მაგალითად, თუ ეს ქიმიური ნივთიერება მიწაზე დაიღვრება, თქვენ ვერ შეძლებთ მასთან ახლოს მისვლას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში, თუნდაც ტერიტორია წყლით გადარეცხოთ", — განმარტა შერგელაშვილმა.
მან ასევე დაამატა, რომ ნივთიერების სახელი მისთვის უცნობია.
მეორე მხრივ, BBC-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინვენტარიზაციის ასლის მოპოვება შეძლო, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება. მასში 2 უსახელო ქიმიური ნივთიერება იპოვეს: "ქიმიური სითხე UN1710" და "ქიმიური ფხვნილი UN3439". ასლი მათი შერევის ინსტრუქციასაც შეიცავდა.
BBC-მ ასლის ავთენტურობის გადამოწმების მიზნით იგი კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსან პოლიციელს აჩვენა. მას დოკუმენტი მართლაც ავთენტური ეჩვენა და თქვა, რომ, სავარაუდოდ, აქციებზე წყლის ქვემეხებში სწორედ ეს 2 უსახელო ნივთიერება დაამატეს.
UN1710 მარტივი ამოსაცნობი აღმოჩნდა. ეს ტრიქლოროეთილენია (TCE) — იგი სხვა ქიმიურ ნივთიერებებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს, საკითხავი მხოლოდ ის იყო, თუ რის გასახსნელად გამოიყენა იგი მთავრობამ.
UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან იგი ძალიან ბევრ ქიმიურ ნივთიერებას შეიძლება აღნიშნავდეს — ყველა მათგანი საშიშია. გამორიცხვის მეთოდით BBC-იმ დაასკვნა, რომ ეს ბრომობენზილის ციანიდი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ხშირად კამიტის სახელით მოიხსენიებენ. იგი პირველი მსოფლიო ომის დროს განავითარეს.
ამის შემდეგ BBC ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღების წამყვან ექსპერტს, კრისტოფერ ჰოლსტეგს, გაესაუბრა. პროფესორი ჰოლსტეგი ჩახუნაშვილის კვლევას, დაზარალებულთა ჩვენებას, ინვენტარიზაციის ასლსა და შერგელაშვილთან ინტერვიუს გაეცნო და დაასკვნა, რომ მთავრობას აქციებზე ნამდვილად კამიტი უნდა გამოეყენებინა.
ასევე, შერგელაშვილის მსგავსად, მანაც აღნიშნა, რომ ეს სიმპტომები ცრემლსადენი გაზისას არ შეესაბამება.
"არასდროს გამიგია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ვინმე კამიტს იყენებდეს. ხალხი მას თავისით ვერ მოიშორებდა: მათ საავადმყოფოში მოუწევდათ წასვლა, შესაბამისად, საპროტესტო აქციის დატოვებაც. ალბათ, ამიტომ შეაჩერეს კამიტზე არჩევანი. თუ ეს სიმართლეა, თუ აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ისევ დააბრუნეს, საზოგადოება შეიძლება საფრთხის წინაშე იდგეს", — განაცხადა ჰოლსტეგმა.
საინტერესოა, რომ კამიტს ამბოხის ჩასახშობად ამერიკული პოლიცია პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც იყენებდა, თუმცა იგი უსაფრთხო ალტერნატივების (მაგალითად, ცრემლსადენი გაზის) გამოგონებისთანავე აიკრძალა.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პოლიციას საპროტესტო აქციების ქიმიური ნივთიერებებით დარბევა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ მათი გამოყენება პროპორციულია, გვერდითი ეფექტები კი — ხანმოკლე.
BBC იარაღების სპეციალისტებსაც გაესაუბრა. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციას ბოლო რამდენიმე ათწლეულია გაცილებით უსაფრთხო საშუალებებზეც აქვს წვდომა, თბილისის აქციებზე გამოყენებული საშუალება ქიმიურ იარაღად შეიძლება კლასიფიცირდეს.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, ამბობს, რომ BBC-ის მიგნებები შემაშფოთებელია. საინტერესოა, რომ მან ამ პრობლემების შესახებ ადრე საქართველოს მთავრობას მიწერა. მან "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, რომ წყლის ქვემეხებში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ რეგულაციები გამკაცრდეს.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ელის ედვარდსი.
ფოტო: BBC
"ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა ერთგვარი ექსპერიმენტული იარაღია, მოსახლეობაზე ცდების ჩატარება კი დაუშვებელია. ეს ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მთავრობამ BBC-ის მიგნებებს "სრულიად არასერიოზული" და "აბსურდული" უწოდა. ისინი ჟურნალისტურ გამოძიებასა და ექსპერტების დასკვნებს უარყოფენ, თავიანთ ქმედებებს კი კანონიერად და "სასტიკი კრიმინალებისთვის" გაცემულ სამართლიან პასუხად მიიჩნევენ.



კომენტარები