ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI კომერციულ ორგანიზაციად იქცა — რას ნიშნავს ეს
ფოტო: Getty Images
28 ოქტომბერს OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, მოსალოდნელი სიახლე გვამცნო: კაპიტალის რესტრუქტურიზაცია დასრულდა. ამის ფარგლებში კომპანიის AI ლაბორატორია კომერციულ კორპორაციად გამოიყო, რომელიც არაკომერციული დაწესებულების ქვეშ იმუშავებს. ამის მისაღწევად რახანია მიმდინარეობდა რთული იურიდიული პროცესები (რომელთაც, სხვათა შორის, კომპანიის თანადამფუძნებელი ილონ მასკი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა).
ახალი სტრუქტურის ქვეშ არაკომერციულ OpenAI Foundation-ს იურიდიული კონტროლი ექნება OpenAI Group-ზე — საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტირებული კორპორაციაზე. ამ უკანასკნელს თავისუფლად, იურიდიული შეზღუდვების გარეშე, შეეძლება დაფინანსების მოპოვება ან კომპანიების შეძენა. OpenAI Foundation-ს OpenAI Group-ში დიდი წილი ექნება და დირექტორთა საბჭოსაც ის აირჩევს.
"გვჯერა, რომ მსოფლიოს უძლიერესი ტექნოლოგიების შექმნისას მსოფლიოს კოლექტიური ინტერესებიც უნდა იქნას გათვალისწინებული", — წერს OpenAI-ს თავმჯდომარე ბრეტ ტეილორი — "რეკაპიტალიზაციის დასრულება საშუალებას გვაძლევს, AI-ს ახალი ჰორიზონტები ვეძიოთ, განახლებული კორპორაციული სტრუქტურა კი უზრუნველყოფს, რომ პროგრესით ყველამ მიიღოს სარგებელი".
ახალი სტრუქტურის ფარგლებში OpenAI Foundation კომერციული ორგანიზაციის 26%-იანი წილის მფლობელი იქნება; კომპანიის ზრდის შემთხვევაში ეს წილიც გაიზრდება. 27%-ს ფლობს Microsoft, OpenAI-ს ადრეული ინვესტორი. ეს წილი დაახლოებით $135 მილიარდად არის შეფასებული. დარჩენილი 47% ინვესტორებსა და დასაქმებულების ეკუთვნით.
Microsoft-ის ბლოგპოსტის მიხედვით, შეთანხმება ასევე გააფართოებს Microsoft-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომლებიც OpenAI-ს მოდელებზე ვრცელდება 2032 წლამდე. თუკი OpenAI ოდესმე გამოაცხადებს, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი შექმნა, შეთანხმების ფარგლებში მოუწევს, ვერიფიკაციისთვის იგი დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფს წარუდგინოს.
ცნობილია, რომ რეკაპიტალიზაციამდე OpenAI არაკომერციული ორგანიზაციის სახით ფუნქციონირებდა და კაპიტალის განაწილებაზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა. ეს პოზიცია თანდათან მძიმე შესანარჩუნებელი გახდა, რადგან კომპანიის დაფინანსების მიღების ამბიციაც მოემატა. აპრილში SoftBank-მა დააანონსა, რომ OpenAI-ში უპრეცედენტო $30-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებდა, თუ კომპანია კომერციულ მოდელზე გადავიდოდა. The Information-ის უწყებით, დაფინანსების ბოლო ნაწილი უკვე გაგზავნილია, ეს კი რესტრუქტურიზაციის დასრულებაზე შეიძლება მიუთითებდეს.
იურიდიული ფორმით არაერთხელ უცდიათ, რომ OpenAI-ს რესტრუქტურიზაციისთვის ხელი შეეშალათ ან პროცესზე სხვანაირად ემოქმედათ. ყველაზე აქტიურად ამას ილონ მასკი ცდილობდა, რომელმაც კომპანიის შესაძენად $97.4-მილიარდიანი შეთავაზებაც კი გააკეთა.
კალიფორნიისა და დელავერის გენერალურმა პროკურორებმა, რომლებმაც კომპანიის გარდაქმნაზე შეშფოთება გამოთქვეს, პროცესის გაგრძელების ნებართვა გასცეს, ოღონდ ორივე დაწესებულების დამატებითი პირობების [1, 2] გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის შეთანხმება OpenAI-ს ავალდებულებს, "განაგრძოს შესაბამისი ზომების მიღება, რათა მოზარდებისთვის და სხვა პირებისთვის შემცირდეს რისკები, რომლებიც AI-სა და AGI-ს განვითარებასა თუ დანერგვას უკავშირდება".
განცხადებაში ბრეტ ტეილორმა აღნიშნა, რომ შტატების წარმომადგენლობასთან გამართული დიალოგები პროცესზე დადებითად აისახა.
"ამ საუბრების შედეგად რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ და გვჯერა, რომ ამით OpenAI — და, შესაბამისად, საზოგადოებაც, რომელსაც ვემსახურებით — უკეთესობისკენ წავიდა", — დაწერა მან.
გაჩენილი კითხვების საპასუხოდ სემ ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. რელევანტურ საკითხებზე მან იაკუბ პაჩოკისთან, უფროს მეცნიერთან, ერთად ისაუბრა.
კომენტარები