ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას სახელწოდებით "დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში".

ასამბლეა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი რეკომენდაციები და შეშფოთებები სისტემურად უარყო და ამით საქართველოში დემოკრატიის არსებობა ეჭვქვეშ დადგა.

"ასამბლეა სინანულით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სისტემატურად უგულებელყო მისი შეშფოთებები და რეკომენდაციები საქართველოს დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რასაც ფართო საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს. დემოკრატიის სწრაფმა უკუსვლამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ეჭვქვეშ დადგა თავად დემოკრატიის არსებობა საქართველოში," — აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

ასამბლეა გმობს "საქართველოს ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" და საქართველოს დაძაბულ საერთაშორისო ურთიერთობებს.

"ასამბლეა ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და დამაზიანებელ, უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში განსაკუთრებით მომრავლდა. ამ კონტექსტში, ასამბლეა ძალიან წუხს ასამბლეასთან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი სახის დიალოგის უარყოფისა და საქართველოს კანონმდებლობის შესახებ მისი მოსაზრებების მომზადებისას, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო", — წერია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების საკითხი და აღნიშნულია, რომ მისი მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებამ არც ამ კონტექსტში გაითვალისწინა.

"საქართველოს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმის გამო, რომ მისი მოწოდება — დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალი, რეალურად დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნას — არ შესრულდა. ამის ნათელი დასტურია ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილება, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ასამბლეა შეწუხებულია იმის გამოც, რომ აღნიშნულ არჩევნებს ვერ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებსაც დამკვიდრებული რეპუტაცია აქვთ არჩევნების მონიტორინგში, რადგან ხელისუფლება მათ ავიწროებს. ამასთან, ასამბლეა წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი ამ არჩევნების დასაკვირვებლად. ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისთვის (OSCE/ODIHR) მიწვევა მიზანმიმართულად ისე დაგვიანდა, რომ არჩევნების დაკვირვება შეუძლებელი გახდა", — წერია რეზოლუციის ტექსტში.

ასამბლეა საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმდინარე "დაუსრულებელ რეპრესიებსაც" გმობს და აღნიშნავს, რომ "ეს რეპრესიები კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებს და აჩქარებს დემოკრატიის უკუსვლას."

"ასამბლეა მკაცრად გმობს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმდინარე და დაუსრულებელ რეპრესიებს, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებას. ეს რეპრესიები კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებს და აჩქარებს დემოკრატიის უკუსვლას", — წერია ევროსაბჭოს ვებგვერდზე.

რეზოლუციის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის "პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან" დაკავშირებითაც და ხაზგასმულია, რომ მას და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს "პოლიტიკურად მოტივირებული" ბრალდებები" აქვთ.

"ასამბლეა კვლავ ადასტურებს, რომ გმობს ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას საქართველოში. ამ კონტექსტში ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას გამოგონილი ბრალდებებით. მსგავსი დევნა მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან," — წერია რეზოლუციის ტექსტში.

ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებაც, რომ მათი მოწოდებების მიუხედავად, დემონსტრაციების დროს "პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, ისევე როგორც მრავალი დადასტურებული ანგარიშის საფუძველზე — დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების დროს" ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა.

"ასამბლეა მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენება ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად და მოხდეს ყველა პოლიტიკურად დევნილი პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება", — წერია რეზოლუციის ტექსტში.

ასამბლეა ასევე საუბრობს ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს მიღებული კანონების შესახებ, რომლების ეფექტმაც, მათი თქმით, გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოების არსებობის საფუძვლები საქართველოში.

"ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამიტომ ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების ნაბიჯების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის აღსასრულებლად, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს ვერ შეესაბამება, კვლავ ძალაშია. გარდა ამისა, ასამბლეა ნანობს "გრანტების შესახებ კანონის" მიღებას საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 16 აპრილს, რომლის თანახმად საერთაშორისო დონორებმა, მათ შორის ევროპის საბჭომ და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, უნდა მიიღონ საქართველოს მთავრობის თანხმობა, სანამ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს დაფინანსებას ან დახმარებას გაუწევენ. დაუშვებელი გრანტის მიღება გამოიწვევს ადგილობრივი ორგანიზაციის დაჯარიმებას ორმაგი ოდენობით. 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო შეტყობინება, რომ ისინი დაექვემდებარებიან ანტიკორუფციული ბიუროს შემოწმებას, რომლის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სერიოზულად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აღნიშნული კანონების ერთობლივმა ეფექტმა გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოების არსებობის საფუძვლები საქართველოში. ამ კონტექსტში ასამბლეა გმობს შვიდი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვას "უცხო ქვეყნებისათვის საბოტაჟის" ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ამას დამთრგუნველი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებაზე", — წერია რეზოლუციის ტექსტში.

ასამბლეა ასევე გამოეხმაურა 'სამოქალაქო მოხელეების წინააღმდეგ განხორციელებულ დაშინებისა და შურისძიების" ფაქტებს, რაც მათი თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას ძირს უთხრის.

"ასამბლეა შეშფოთებულია სამოქალაქო მოხელეების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინებისა და შურისძიების ფაქტებით, მათ შორის მასობრივი დათხოვნებით. ეს ძირს უთხრის საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას" — წერია გავრცელებულ რეზოლუციაში.

ასამბლეა ასევე შეშფოთებულია წულუკიანის საგამოძიებო კომისიითაც და აღნიშნავს, რომ "კოლექტიური ენმ"-ს გაუქმება, ანუ ფაქტობრივად, მთელი დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.

"ასამბლეა კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გამო, რომელიც სწავლობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) რეჟიმისა და მისი წარმომადგენლების საქმიანობას 2003–2012 წლებში. მოგვიანებით ეს გამოძიება 2012 წლიდან დღემდე პერიოდში გაფართოვდა. ასამბლეა გმობს კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ენმ-მა და მასთან დაკავშირებულმა პარტიებმა ხელი შეუშალეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და ამიტომ უნდა აიკრძალონ. ასამბლეა მკაცრად გმობს საქართველოს პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებას, რომ მმართველი უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა "კოლექტიური ენმ"-ის ყველა პარტია — ფაქტობრივად მთელი დემოკრატიული ოპოზიცია — არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს. ასამბლეის აზრით, ოპოზიციის მსგავსი აკრძალვა საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, რაც შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან", — წერს ასამბლეა.

რეზოლუციის ბოლოს, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის დაშლის პროცესი." ასამბლეა ასევე კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის მზადყოფნასაც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარიმართოს, " როცა ხელისუფლება აღიარებს ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს."

"ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის დაშლის პროცესი. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ღია და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს ხელისუფლებასთან და საქართველოს ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან, რათა შეჩერდეს დემოკრატიის უკუსვლა და ქვეყანა პატივი სცეს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს. თუმცა ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი დიალოგი შეიძლება მხოლოდ მაშინ წარიმართოს, როცა ხელისუფლება აღიარებს ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია სრულად ისარგებლოს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ამ პროცესში და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი. დიალოგის მზადყოფნის ნიშნად, ასამბლეა მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს რეპორტიორების ვიზიტს ქვეყანაში უახლოეს მომავალში

ასამბლეა აღიარებს, რომ საქართველოში დემოკრატიის დაშლის შეჩერება ევროპის საბჭოს ყველა ორგანოს საქმეა. შესაბამისად, იგი მოუწოდებს ევროპის საბჭოს ორგანოებს, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლის საფუძველზე, და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს გამოიყენონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო სრულად შეასრულებს ყველა სტანდარტსა და ვალდებულებას, რაც ევროპის საბჭოს წევრობას უკავშირდება", — წერია რეზოლუციის ტექსტში.