ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

17 Sep. 2025, 15:23

"რვა შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ ციხეში ჩამსვათო", მოთქვამდა შეუდრეკელი, თავდაცვის ყოფილი რკინის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე — კაცი, რომელსაც სიტყვა არ დასცდენია, როდესაც ცხრა შვილის დედას მისი პარტიის ტიტუშკებმა სცემეს, ხოლო შვილის ტოლი ახალგაზრდები ნაწამები შეყარეს ციხეში;

"ვმეგობრობდი, მაგრამ დიდი ხანია აღარ მინახავსო", თქვა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელსაც სულ ერთი წლის წინ რომ გეკითხათ, ცეცხლში და ბრძოლაში გაჰყვებოდა, ისეთი ძმობა ჰქონდათ;

"ტელეფონი არ აქვს და ვერ ვუკავშირდებითო," ამბობენ მათივე გუნდის გუშინდელ წევრსა და გუშინდელ ლიდერზე — თორნიკე რიჟვაძეზე, რომელსაც ტყვია მოხვდა და სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ საქმეს ახლა ასე დასჭირდა და დროა, ფეისბუქის მეგობრებიდანაც წაშალო და ძველი ფოტოებიც გააქრო;

"სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო" და ის მოსამართლეები გადაიყვანეს საკუთარ სამსახურში, რომელთა ხელშიც გაიარა გირგვლიანის და სხვა უამრავმა უსამართლო სასამართლო პროცესმა;

"პოლიცია ადამიანებზე ძალადობდაო" და ზუსტად ის პოლიციელები დაიყენეს გვერდით, ვინც ადრეც ამას აკეთებდა;

"კორუფციას უნდა ვებრძოლოთო" და აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში, სადაც ყველა აქტივისტს და ოპოზიციონერს უთვალთვალებენ, თურმე ბოლო ორი წლის განმავლობაში 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო გათეთრდა, ანუ დღეში დაახლოებით 2,45 მილიონი ლარი თურმე ისე თეთრდებოდა, არავინ იცოდა;

"ნაცმოძრაობას ვებრძვითო" და განათლების მინისტრად ნაცმოძრაობის ისეთი ყოფილი მოხელე დანიშნეს, ციხეების რეფორმას რომ კურირებდა; ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები და შემომწირველები კი დეპუტატებად ჰყავთ;

"ევროკავშირი" "ომის პარტიაა," სქესს შეგვიცვლის, დავიღუპებით და ამიტომ აღარ გვინდა თავისუფალი მიმოსვლაო და ამასობაში შვილები ევროპული პასპორტებით ჰყავთ ევროპულ უნივერსიტეტებში გაგზავნილი, სილამაზის სალონებსა და საყიდლებზე იქ დადიან და თუ დასჭირდათ, საფრანგეთის და გერმანიის საავადმყოფოებში მკურნალობენ;

"ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა ვიქნებითო" და ახალგაზრდებს სპეციალურად მომზადებულ "მარშრუტკებში" ჯერ სცემდენ, მერე ვიდეოებს უღებდნენ, ცრემლსადენ გაზს უგდებდნენ და კარს უკეტავდნენ;

"უფასო ფული უნდა დავარიგოთ და ხუთი მილიონი თითო სოფელსო" და ახლა პოლიტიკოსებს დასდევენ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ საჯარო დაპირებების გამო;

"გამჭვირვალობის კანონიო" და არასამთავრობოებს ანგარიშებს უყადაღებენ, მაშინ როცა მათ ასეულობით ათასებს პენსიონერი მშობლები "ჩუქნიან" და მაჯის ისეთ საათებს ატარებენ, რიგითი პოლიციელის ხუთი წლის ხელფასზე მეტი რომ ღირს;

"ღირსების" დამცველები ვართო და 23 წლის გოგოს და პოლიტიკოსს ბანერზე წარწერისთვის აპატიმრებენ და ყველას თვალწინ, პირდაპირ ეთერში სასიკვდილოდ ვინც სცემდა ადამიანებს, ღირსების ორდენები და პრემიები დაურიგეს;

"ევროპა დემოკრატიით უნდა გავაოცოთო" და ქვეყანას ისეთ იზოლაციაში აქცევენ, ვერასოდეს წარმოიდგენდა ვინმე;

ქალისა და ოჯახების სიწმინდის მხარდამჭერები ვართო და ორსულ ქალებს საძინებელში უთენია უვარდებიან. პოლიციის უფროსი დგებუაძე პატიმარ ქალს აფურთხებს, აგინებს და ლოყაში სილის სამართლიანად მიღების გამო წლობით ციხეში უშვებს;

"პოლიციელი გმირიაო" და კალაძის პოსტერების დარაჯებად დააყენეს მელიქიშვილზე;
"კონსერვატორები ვართო" და ევროპის სოციალისტურ პარტიათა ოჯახში იყვნენ, სანამ იქიდან გამოსაგდები არ გახდნენ;

"ოჯახზე, მთასა და სოფელზე ვზრუნავთო" და რეკორდული ემიგრაციის გამო სოფლები და ქალაქებიც დაცარიელდა;

"სოფლებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას ვუფრთხილდებითო" და უხარისხო, კორუმპირებული მშენებლობების და ბიზნესის გამო, მეწყერს უძველესი სოფლები მიაქვს, წვიმა და თოვლი კი გელათის ფრესკებს რეცხავს;

"სიცოცხლით სავსე ქალაქიო" და ბავშვები შადრევნებში ან უმეთვალყურეოდ მიტოვებულ მშენებლობებზე იღუპებიან;

აქ ჩამოთვლილთაგან ოცნება არც ერთი ღირებულის ერთგული არ არის. ის არის ხალხის ფულის ძარცვისთვის შეკრებილ ადამიანთა წრე, რომელიც ცდილობს ქვეყანა სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში, რადგანაც ასეთ ქვეყანაში მათ დაუსჯელად გააგრძელონ ჩვენი ძარცვა და ქვეყნის გაჩანაგება. ქვეყანა მათთვის ბანკომატია, საიდანაც ხალხის ხარჯზე სარგებელს იღებ. ამის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ფლიდები და მშიშრები არიან, გამბედავ, პრინციპულ, და მართალ ხალხთან აუცილებლად დამარცხდებიან.

ბოლომდე!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს
  2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება
  3. პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების "არსენალის მთაზე" გადატანა იგეგმება
  4. შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან?
  5. პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ