ცხოველთა სამყაროში რეპროდუქციის გასაოცარი ტიპები გვხვდება. მაგალითად, არსებობს ჭიანჭველა, რომლის კვერცხებიდანაც ორი განსხვავებული სახეობის ნაშიერები მიიღება — ფენომენი, რომელიც სხვა არსებებში არასდროს დაფიქსირებულა.

ესაა ჭიანჭველა Messor ibericus, რომელშიც ე.წ. დედოფლები უნიკალური უნარით გამოირჩევიან. მას მეცნიერებმა ქსენოპაროზული რეპროდუქცია უწოდეს. მკვლევრებმა Messor-ის გვარში შემავალი 5 სახეობის 390 ჭიანჭველას გენეტიკური მონაცემი გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ M. ibericus-ში დედა და მუშა მწერები გენეტიკურად ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ეს მიანიშნებს, რომ მუშა ჭიანჭველები ჰიბრიდები არიან. მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლამ აჩვენა, რომ მათი დედები M. ibericus-ის სახეობას მიეკუთვნებიან, მაგრამ მამის დნმ სულ სხვა ჭიანჭველასია — M. structor-ის. საინტერესო ისაა, რომ შესწავლილი ჰიბრიდი ნაშიერების პირველი თაობის საცხოვრებელი არეალიდან (სიცილია) ამ სახეობის ჰაბიტატი ათასობით კილომეტრითაა დაშორებული.

ფოტო: Jonghyun Park

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მამრი ნაშიერების ნახევარს სხეულზე ჩვეულებრივზე მეტი ბუსუსი ჰქონდა, ნახევარს კი ასეთი წანაზარდები თითქმის საერთოდ არ აღენიშნებოდა (როგორც მთავარ ფოტოზე ჩანს). ეს მახასიათებლები ზემოხსენებული ორი სახეობის სხვაობას შეესაბამება: ბუსუსები M. ibericus-ს, მათი ნაკლებობა კი — M. structor-ს.

ორივე კატეგორიის მამრებში ერთნაირი მიტოქონდრიული დნმ გვხვდება, ანუ მათი დედები ნამდვილად M. ibericus-ს მიეკუთვნებიან. ამის მიუხედავად, მონაცემები ცხადყოფს, რომ ამ დედოფალ ჭიანჭველებს თავიანთი ბირთვული გენომის გარეშე ნაშიერების გაჩენა შეუძლიათ — ესაა ერთგვარი კლონები საერთო გენეტიკური მატერიით, რომელიც სპერმათეკაში (მდედრების რეპროდუქციული ტრაქტის ორგანო) ინახება.

დედოფლები იქ არსებულ სპერმას კვერცხუჯრედში შეღწევის საშუალებას აძლევენ, მაგრამ როგორღაც საკუთარ გენეტიკურ მატერიას შლიან. შედეგად, სტერილური მდედრი მუშების ნაცვლად, მამრებს აჩენენ. გამოდის, რომ ისინი M. structor-ის კლონებს ქმნიან და მათ სპერმის წყაროდ იყენებენ. მდედრები ამ მამრებთან ჯვარდებიან და ჰიბრიდ მუშა ჭიანჭველებს აჩენენ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.