მეცნიერებმა კოსმოსური "ღმერთის ხელის" ახალი თვისებები გამოავლინეს
ფოტო: NASA/CXC/SAO/N. Wolk
2009 წელს ჩანდრას რენტგენულმა ობსერვატორიამ (NASA) უჩვეულო ფოტო გამოაქვეყნა — პულსარი, რომელიც უზარმაზარი ხელის ფორმის ნისლეულითაა გარშემორტყმული. აქედან მოყოლებული ასტრონომები ამ ვარსკვლავს გულმოდგინედ აკვირდებიან როგორც ჩანდრას, ასევე სხვა მძლავრი ტელესკოპების საშუალებით.
ბოლო დროს მეცნიერებმა შთამბეჭდავი აფეთქების ნარჩენების უფრო დეტალური პორტრეტი შექმნეს, რომელმაც შეიძლება პულსარის უჩვეულო ვიზუალის შესახებ ახალი მინიშნებები მოგვცეს.
როგორც ვახსენეთ, ამ დრამატული შესახედაობის კოსმოსური ობიექტის ცენტრში პატარა პულსარია, სახელად B1509-58. მცირე ზომის მიუხედავად, იგი ნისლეულს წარმოქმნის, რომელიც MSH 15-52-ის სახელითაა ცნობილი. იგი 150 სინათლის წლის ტოლ მანძილზეა გადაჭიმული, რაც დაახლოებით 1,4 კვადრილიონ კილომეტრს შეადგენს. ეს უზარმაზარი ღრუბელი ხელის მტევანს მოგაგონებთ, სწორედ ამიტომ ეწოდა მას "ღმერთის ხელი".
ოდესღაც მასიურმა ვარსკვლავმა ბირთვული საწვავის მარაგი ამოწურა, რის შედეგადაც მან კოლაფსი განიცადა. სწორედ ასე დაიბადა პულსარი. ამ მოვლენამ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება გამოიწვია და ვარსკვლავის გარე ფენები კოსმოსში გამოტყორცნა, საბოლოოდ კი მკვრივი ნარჩენები მივიღეთ.
B1509-58 წამში თითქმის 7 ბრუნს აკეთებს. მისი მაგნიტური ველი დედამიწისაზე დაახლოებით 15 ტრილიონჯერ უფრო ძლიერია.
მკვლევრებმა მონაცემებზე დაკვირვებით სინათლის 2 წყაროს შორის განსხვავებები იპოვეს. მაგალითად, რენტგენული სხივები (ნისლეულის ის ნაწილი, რომელიც თითებს მოგაგონებთ), რადიოტალღებში ვერ აღმოაჩინეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პულსართან ახლოს შოკური ტალღებიდან მაღალი ენერგიის ნაწილაკები ჟონავს, რომელიც ამ "თითებს" წარმოქმნის.
რადიომონაცემები იმასაც გვიჩვენებს, რომ ნისლეულის RCW 89 სტრუქტურა ჩვეულებრივი ახალგაზრდა ზეახალი ვარსკვლავების ნარჩენებისგან მკვეთრად განსხვავდება. რადიოგამოსხივების დიდი ნაწილი რენტგენულ და ოპტიკურ გამოსხივებას შეესაბამება. ეს იმას მოწმობს, რომ RCW 89 ახლომდებარე წყალბადის აირის ღრუბელს ეჯახება.
მეორე მხრივ, მკვლევრებს ყველა მონაცემი ბოლომდე არ გაუშიფრავთ. ერთი რამ, რაც მათ განსაკუთრებით აბნევს, ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შოკური ტალღაა. როგორც წესი, მათ დიდძალი რადიოგამოსხივება ახლავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მეცნიერებმა რადიოსიგნალები ვერ იპოვეს.
ამ ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ, MSH 15–52 და RCW 89 ბევრ ისეთ თვისებას ავლენს, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. შესაბამისად, ამ სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე ჯერ კიდევ ცოტა რამაა ცნობილი. საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება, რათა პულსარული ქარისა და ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენების ურთიერთდამოკიდებულება დეტალურად გაიშიფროს.
კვლევა გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები