10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი დავიდ საყვარელიძე სამართალდარღვევაშია ეჭვმიტანილი. დავიდ საყვარელიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სამართალდამცავი მასთან ლვოვში, ერთ-ერთ რესტორანში მივიდა და ადვოკატის თანდასწრებით ოქმი გააცნო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საყვარელიძე ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის მიხევდით: ჯგუფურად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ადამიანების საზღვარზე არაკანონიერი გადაყვანა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

10 სექტემბერს სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება უკვე დაიწყო და სასამართლო 18 სექტემბერსაა ჩანიშნული.

მანამდე კი, 26 ივლისს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვა.