56 მილიონი წლის წინ დედამიწაზე პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი იყო — მოვლენა, რომლის დროსაც 200 000 წლის განმავლობაში ნახშირბადის დონემ მოიმატა და გლობალური დათბობა გამოიწვია. ამან ოკეანეების მჟავიანობა გაზარდა, ხოლო ხმელეთზე მცხოვრები ცხოველების სხეულის ზომა საგრძნობლად შემცირდა.

ზოგიერთი მათგანი 30%-ით დაპატარავდა, რაც მზარდ ტემპერატურასთან ადაპტაციის შედეგია. ამას კვადრად-კუბის კანონი აღწერს, რომლის მიხედვითაც სიცხესთან შესაწინააღმდეგებლად სხეულის ზომის შემცირება ზედაპირის ფართობისა და მოცულობის თანაფარდობას ზრდის, ეს კი გაგრილებას უზრუნველყოფს.

უადრესი ცხენისა და თანამედროვე პრიმატების წინაპრის ყბების ძვლები.

ფოტო: Florida Museum, Jeff Gage

სწორედ ასე დაემართა ჩვენთვის ცნობილ უადრეს ცხენ Sifrhippus sandrae-ს. მისი წონა თავდაპირველად დაახლოებით 5.4 კილოგრამი იყო, შემდეგ კი 3.9 კილოგრამამდე შემცირდა. ამ ცხოველის ნაშთებმა ჩვენამდე ყბის ძვლის სახით მოაღწია, რომელზეც კბილებიცაა შემორჩენილი. ნამარხი ფლორიდის საბუნებისმეტყველო მუზეუმში ინახებოდა, თუმცა 2024 წლის აგვისტოში ის მცირე ხნით, არც მეტი, არც ნაკლები, კოსმოსში გაუშვეს.

Blue Origin-ის რაკეტა New Shepard-ით მასთან ერთად კოსმოსში გასაგზავნად კიდევ ორი ნამარხი შეარჩიეს. მცირე ზომა მთავარი კრიტერიუმი იყო, რადგან პატარა ნიმუშების გაშვება უფრო მარტივია. მეორე კრიტერიუმი მათი მნიშვნელობა იყო, ვინაიდან ისინი დედამიწის ისტორიის გარდამტეხი პერიოდებიდანაა.

მთვარის ლოკოკინას ნიჟარა.

ფოტო: Kristen Grace

ერთ-ერთი მათგანი თანამედროვე პრიმატების წინაპარია, რომელსაც ტეიარდინა ეწოდება. ის იმდენად პატარა იყო, რომ ადამიანის ხელის გულზე დაეტეოდა. მეორე ნამარხი ე.წ. მთვარის ლოკოკინას ნიჟარაა.

ეს არსება 2.9 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მას მსხვერპლის დასაჭერად შეეძლო, რომ "კიდურის" ზომა 4-ჯერ გაეზარდა და თავდასხმა სპეციალური შვერილებით დაფარული ენით განეხორციელებინა.

ამ ნიმუშების რაკეტით გაშვება სიმბოლური ხასიათის იყო იმის საჩვენებლად, თუ როგორ განვითარდა სიცოცხლე ადრეული პერიოდიდან დღემდე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.