ნახეთ: ასტრონავტმა დედამიწის ატმოსფეროში მეტეორის შემოჭრა კოსმოსიდან გადაიღო
დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფმა ასტრონავტმა კოსმოსიდან გადაიღო, როგორ შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში მეტეორი და გასაოცარი მწვანე ნათება წარმოქმნა.
ეს შთამბეჭდავი კადრები NASA-ში მომუშავე მეთიუ დომინიკმა, SpaceX-ის მისია Crew-8-ის წევრმა, თბილისის დროით 3 სექტემბრის 04:12 საათზე აღბეჭდა. ის ამ სანახაობას მაშინ შეესწრო, როცა ISS ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს თავზე გადაადგილდებოდა.
მომწვანო ელვარება მეტეორმა გამოიწვია, რომლის მსგავსი განსაკუთრებული სიკაშკაშის მქონე ობიექტებსაც ბოლიდები ეწოდება. კაიროს თავზე დამწვარი ასეთი სხეულის ვიდეო დომინიკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
შენელებულ კადრებში (წამში 1 კადრი) დედამიწაზე ხელოვნურად განათებულ ქალაქებს ვხედავთ. მოულოდნელად ყურადღებას ელვარება იქცევს, რომელიც მარჯვენა კუთხეში შეინიშნება და მალევე ქრება. ამის მიუხედავად, ვიდეოში მოვლენის განვითარება კარგად ჩანს. აჩქარებულ ვერსიაში, რომელიც ასტრონავტმა კომენტარებში გააზიარა, მეტეორის ნათება უფრო ხანმოკლეა.
როგორც წესი, ბოლიდები ატმოსფეროში შემოჭრისას მხოლოდ რამდენიმე წამით, ზოგ შემთხვევაში კი წუთით, არის ხილული და ვარსკვლავებისა თუ მთვარის სიკაშკაშესაც ჩრდილავს. ხშირად ასეთ მოვლენას ბგერითი ტალღა, ანუ ხმაც, ახლავს ხოლმე თან. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მეტეორები ატმოსფეროში უმეტესად ნადგურდება და ხმელეთამდე ვერ აღწევს, ამიტომ უსაფრთხოა.
კომენტარები