მუდმივი ძიების პროცესი — TEDxTbilisi Youth
ადამიანები ყოველთვის რაღაცის ძიებაში ვართ. ვცდილობთ გავარკვიოთ, ვინ ვართ ჩვენ, რა განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, რითი განვსხვავდებით სხვებისგან, რისი კეთება გვინდა და გვსიამოვნებს, რა გამოგვდის კარგად, სად ვგრძნობთ თავს კომფორტულად და ა.შ. მსგავსი კითხვები გამუდმებით თავში გვიტრიალებს და ვცდილობთ, მათ შესაბამისი პასუხები მოვუძებნოთ.
ამ გზას ცხოვრებაში ყველა ადამიანი გადის. თუმცა, ეს პროცესი განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამყაროში თავიანთი ადგილის პოვნას ცდილობენ.
ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, გამხნევება და გამოცდილებების გაზიარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება TEDxTbilisi Youth, რომელიც თიბისის მხადაჭერით 8 სექტემბერს, რედისონ რედში ჩატარდება.
"ძიებაში" — ეს არის ღონისძიების მთავარი თემა, სადაც 25 წლამდე სპიკერები თავიანთ დაკვირვებებსა და განცდებს გაგვიზიარებენ.
TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.
ლიზი ქათამაძე პროფესიით ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტია. ზოგჯერ მსახიობობასაც ითავსებს. უყვარს ზამთარში თხილამურებით სრიალი და კითხვა. ღონისძიებაზე ის ისაუბრებს იმაზე, თუ რას გულისხმობს სექსუალური განათლება და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში ჯანსაღი პარტნიორული კავშირი.
"გამუდმებით რაღაცის ძიებაში ვარ. ამჟამად ვეძებ ჩემი პროფესიის კონკრეტულ განხრას, რომ გავარკვიო, რა არის ჩემი ძლიერი მხარე და სად უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს. ყველაზე კარგად ვრძნობ თავს როცა ვზრუნავ ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და ფსიქოგანათლებაზე", — ამბობს ის.
გიორგი ცარციძე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. ის თამაშების ინჟინერიას სწავლობს და მისი მიზანი საქართველოში თამაშების ინდუსტრიის პოპულარიზაცია და განვითარებაა.
"პატარაობიდანვე მაინტერესებდა თამაშები. არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო სამაგიდო თუ კომპიუტერული. მინდოდა წვლილი შემეტანა თამაშების კულტურისა და ხელოვნების ნაწილად ქცევაში."
გარდა თამაშებისა, გიორგის კლასიკური მუსიკა და ჯაზი უყვარს. უკრავს ვიოლინოსა და პიანინოზეც. ის მსმენელს ესაუბრება იმაზე, თუ როგორ გვეხმარება წარმოდგენა თვითაღმოჩენაში.
ღონისძიების კიდევ ერთი სპიკერი, თეკლა შალიკიანი ტექნოლოგიებითა და სტარტაპ ინოვაციებითაა დაინტერესებული.
"როგორც სტარტაპებით დაინტერესებული, მუდმივად ვიკვლევ ახალ გზებს, როგორ გავაერთიანო საჭიროებები და კრეატიულობა ტექნოლოგიებთან. პროფესიული საქმიანობის მიღმა მიყვარს ბუნებაში ხეტიალი, ფოტოგრაფია, კითხვა, კულინარია და ა.შ რაც ვფიქრობ ყოველდღიური სტრესების დაძლევაში მეხმარება."
თეკლას ისაუბრებს იმაზე, თუ რას გულისხმობენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ უნდა შევიცვალოთ.
TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები. ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი. TEDxTbilisi Youth-ის ბილეთების თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით შეძენის შემთხვევაში, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
კომენტარები