ზაფხულს ყველა განსაკუთრებით ველოდებით. ეს საუკეთესო დროა დასვენებისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად, მოგზაურობისა და თავგადასავლებისთვის. ამ სეზონს ყველა სხვადასხვაგვარად, თავიანთი ინტერესების შესაბამისად ხვდება. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, წიგნები თითოეული ჩვენგანისთვის ზაფხულის განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ზაფხულში საკითხავ წიგნებს გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენს დასვენებას ორმაგად სასიამოვნოს გახდის.

ერთი დიდი ტყის მახლობლად

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ერთი დიდი ტყის მახლობლად ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორის, ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანია. მთავარი გმირი სამშობლოში ბრუნდება და დაკარგული მამის ძებნას იწყებს. ეს ერთდროულად მარტივი და მძაფრსიუჟეტიანი ტექსტი თანდათან რთულდება და შთამბეჭდავ ფინალამდე მიდის. მთავარი გმირის, ტაქსისტი ნოდარის გზა, რომელსაც ის მამის ძიებისას გადის, მკითხველს საქართველოს უახლესი ისტორიის ინტერპრეტაციის საშუალებასაც აძლევს.

ორ ზღვას შუა / უხილავი თამაში

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ორ ზღვას შუა და უხილავი თამაში ქართველი მწერლისა და ფსიქოლოგის, მარი ბექაურის შემოქმედებაა. ორ ზღვას შუა იუმორისტული მოთხრობების კრებულია, რომლებიც ერთი შეხედვით, აბსურდული და დაუჯერებელი ჩანს. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მსგავსი ამბები თქვენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.

ბექაურის კიდევ ერთი წიგნი, უხილავი თამაში კი მათთვისაა, ვისაც დეტექვივი უყვარს. გამომცემლობაში ერთდროულად ორი მწერალი მიდის. ორივე რომანის დაწერას აპირებს. ამ ვიზიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ ერთი მწერალი სულ სხვა წიგნს გზავნის, მეორე კი გამომცემლობის დირექტორს ეუბნება, რომ უჩვეულო ამბავი გადახდა, რის გამოც წიგნის დაწერას ვეღარ შეძლებს და ზუსტად იმავე ამბავს ჰყვება, რაც დირექტორმა რამდენიმე დღით ადრე მეორე მწერლის წიგნში წაიკითხა…

წიგნის წაკითხვის შემდეგ, გირჩევთ უყუროთ მასზე გადაღებულ სერიალს Cavea Plus-ზე.

გზა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ძალიან ხშირად საუბრობენ დედაშვილურ ურთიერთობაზე. დედებსა და მათ უანგარო სიყვარულს ლექსებსა და მოთხრობებს უძღვნიან. ამერიკელი მწერალი, კორმაკ მაკართი კი კაცსა და ბიჭზე, მამასა და შვილზე გვიყვება. ის წერს შვილისადმი მშობლის უპირობო, შეუქცევადი, ინსტიქტური და გაუაზრებელი სიყვარულის შესახებ.

"ჯონი რომ არა, რომ არა ჩემი ბიჭუნა, ეს წიგნი არ იარსებებდა. ამიტომაც მივიჩნევ მას ჩემს თანაავტორად", — ამბობდა მაკართი.

ბანაკი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

გიუნელ მოვლუდი ბიოგრაფიულ რომანში ბანაკი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, დევნილებისთვის გაშლილ ე.წ. კარვების ქალაქში, თავის 5-წლიან ცხოვრებას აღწერს.

ამ რომანში ნახავთ როგორია საკუთარი მიწიდან და სახლიდან გამოგდებული ადამიანების ბედი; ნახავთ, სადამდე მიჰყავს ადამიანი ომითა და დევნილობით გამოწვეულ გაჭირვებას, ფიზიკურ ტანჯვასა და ავადმყოფობას.

ტანჟერული სიზმარი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მიხეილ ციხელაშვილის წიგნში ტანჟერული სიზმარი მოქმედება მაროკოში, ქალაქ ტანჟერში ვითარდება. ლეგენდარულ კაფე ბაბაში შემთხვევით ორი გადამდგარი მუსიკოსი ხვდება — ერთი ქართველი ტურისტია, მეორე ამერიკელი ემიგრანტი.

ორ მუსიკოსს შორის გაჩენილი კავშირი შეუმჩნეველი არ რჩება იქვე ჩამომჯდარი, უსიყვარულობით გატანჯული მწერლისთვის, რომელიც სადებიუტო რომანზე მუშაობს. ის გადაწყვეტს, მუსიკოსები თავის პერსონაჟებად აქციოს. საინტერესოა, შეძლებს კი მწერალი ჩაფიქრებული სასიყვარულო ისტორიის დასრულებას?

ჩვეულებრივი ადამიანები / საუბრები მეგობრებთან / მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის ჩვეულებრივი ადამიანები თანაკლასელების, კონელისა და მარიანის ისტორიას გვიყვება. კონელი პოპულარულია, მარიანი კი მარტოსული გოგონაა. ერთ დღეს, მარიანის სამზარეულოში წამოწყებული უცნაური და სასიამოვნო დიალოგი მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

საუბრები მეგობრებთან სალი რუნის სადებიუტო რომანია. ფრენსისის, ბობის, ნიკისა და მელისას ურთიერთობა რეალურ ცხოვრებასა და ვირტუალურ სივრცეში ვითარდება. ისინი საუბრობენ პოლიტიკაზე, სექსსა და ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მეგობრობასა და ერთმანეთზე. ფრენსისი ცდილობს, მკაცრად აკონტროლოს თავისი ცხოვრება. თუმცა, მისი და მელისის ქმრის, ნიკის უწყინარი ფლირტი მოულოდნელად ვნებიან ურთიერთობაში გადაიზრდება.

მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ ირლანდიელი მწერლის კიდევ ერთი რომანია. ის ელისისა და აილინის, კოლეჯის საუკეთესო მეგობრების შესახებ მოგვითხრობს. ელისი და აილინი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს ერთმანეთისგან მოშორებით ატარებენ. თუმცა, ელექტრონული ფოსტით ერთმანეთს მუდმივად უზიარებენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს, ჰყვებიან რომანტიკულ ურთიერთობებზე ...

ინდოეთის დღიური

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუ ზაფხულში სადმე წასვლას ვერ ახერხებთ, არ იდარდოთ. არჩილ ქიქოძის დღიური ამჯერად ინდოეთში გამოგზაურებთ. აქ გაიცნობთ კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს — ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს. გარდა ინდოეთისა, ეს წიგნი თავად ავტორზეცაა, მის მოგონებებზე, სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მის დამოკიდებულებაზე.

მოგონებების მატარებელი / უბრალოდ ბავშვები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ლეგენდარული პატი სმითი და მისი შემოქმედება თქვენს ზაფხულს კიდევ უფრო სასიამოვნოს და დაუვიწყარს გახდის. მოგონებების მატარებელი არის წიგნი არაფერსა და ყველაფერზე, მოგზაურობაზე, დეტექტიურ სერიალებზე, ყავასა და ლიტერატურაზე. თავად სმითი ამ წიგნს მისი ცხოვრების საგზაო რუკას უწოდებს.

უბრალოდ ბავშვები კი პატი სმითის ყველაზე ცნობილი წიგნია. აქ თავად სმითისა და რობეტ მეპლთორპის ისტორიას გაეცნობით, რომლებიც ერთ ზაფხულს, ბრუკლინში, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. წიგნი 60-70-იანი წლების ნიუ-იორკსა და იქაურ მდიდრებსა და ღარიბებს, თაღლითებსა და ხულიგნებს ეძღვნება. ესაა ნამდვილი ზღაპარი, რომელიც ასახავს ორი ახალგაზრდა ხელოვანის აღმასვლას დიდებისკენ.

სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

კოკა ქამუშაძის რომანი სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის ვეფხისტყაოსნის უკუწერის ერთგვარი პოსტმოდერნისტული მცდელობაა. აქ ნახავთ ყველაფერს, რაც ვეფხისტყაოსანშია — სიყვარულს, მეგობრობას, თავდადებას. თუმცა, შეძლებს კი თანამედროვე ადამიანი იყოს ამ ყოველივეს მაგალითი? უყვარდეს, მაგრამ არ უღალატოს, ემეგობროს, მაგრამ არ აწყენინოს, გასცეს, მაგრამ არ წაართვას?

ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, ავტორი მკითხველს ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს.

აუტანელი ქალები / აუტანელი კაცები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ამ წიგნში გაერთიანებულია სოფიო შამანიდის კვლევები, რომელშიც ის ანტიკური პერსონაჟების ლიტერატურულ სახეცვლილებებს განიხილავს. ავტორი მათ წარმოაჩენს თავიანთ პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით და აჩვენებს, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში სხვა ავტორთა თუ კრიტიკოსთა დამოკიდებულება ამ პერსონაჟების მიმართ.

შამანიდის წერის სტილის წყალობით, ეს წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ ფილოლოგებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ქალისა და კაცის ლიტერატურული ურთიერთობები აინტერესებს.

სხვათაშორის, სულაკაურის წიგნის მაღაზიებში და გამომცემლობის ოფიციალურ ვებგვერდზე საზაფხულო ფასდაკლებები დაგხვდებათ. ასე რომ, მოიმარაგეთ წიგნები და გაატარეთ დასვენების დღეები ჯადოსნურად.