შეხვედრა ეროვნულ ნაკრებთან: რამდენი ადამიანი იდგა 2 ივლისს თავისუფლების მოედანზე
ევროპის ჩემპიონატიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს 2 ივლისს ქართველი ქომაგები შეხვდნენ. ეროვნული გუნდის ავტობუსმა ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები გაიარა. საბოლოოდ ქართული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე წარუდგნენ გულშემატკივრებს.
ჩვენი გამოთვლით, 2 ივლისს, 22:30-ისთვის, თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 21 ათასი ადამიანი იდგა. შესაბამის კადრებზე დაყრდნობით ჯერ ხალხის განფენილობა და სიმჭიდროვე შევაფასეთ, ადამიანები კი შემდეგ ხელსაწყო MapChecking-ის დახმარებით დავთვალეთ.
ცნობისთვის, ხალხი აქამდეც დაგვითვლია სხვა შეკრებებზე [1, 2].
ხალხის განფენილობის გასაგებად დრონით გადაღებულ სურათს დავეყრდენით, რომელიც ფორმულას ფეისბუკგვერდზე 22:35-ზე გამოქვეყნდა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანს დაახლოებით ამ დროს მოუახლოვდნენ.
სურათზე ჩანს, რომ ხალხი არ დგას სცენის, ეკრანებისა და ავტობუსის გადაადგილებისათვის გამოყოფილ სივრცეებზე. ცოტა ადამიანი სურათის ქვედა მარცხენა კუთხეშიც, სასტუმრო მონოგრაფის მიმდებარედ.
MapChecking-ის რუკაზე ხალხის მიერ დაკავებული ტერიტორია მოვნიშნეთ, რომლის ფართობიც დაახლოებით 7 000 მ2 აღმოჩნდა.
სიმჭიდროვის შესაფასებელი სპეციალური ვიზუალებისა და ადგილზე მყოფი ჩვენი გუნდის წევრების ვიდეოს მიხედვით, თითო კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 3 ადამიანი (ეს მაჩვენებელი იგივე ხალხის სიმჭიდროვეა) უნდა მდგარიყო.
ხალხის სრული რაოდენობის გასაგებად დაკავებული ტერიტორიის ფართობი ხალხის სიმჭიდროვეზე უნდა გავამრავლოთ, ანუ 7 000 × 3. გამოდის, ამ სურათის მიხედვით, თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 21 ათასი ადამიანი უნდა მდგარიყო.
თავისთავად, ეს რიცხვი მიახლოებითია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სურათი დროის ერთ მონაკვეთშია გადაღებული. იგი სოციალურ ქსელში 22:35-ზე აიტვირთა, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო ადრეა გადაღებული. შესაძლოა, ხალხი მანამდე ან შემდეგ სხვა რაოდენობისა ყოფილიყო. დრონის კადრების სიმწირის გამო სიმჭიდროვის გადამოწმება გართულდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქომაგები თავისუფლების მოედანს მსვლელობით შემოუერთდნენ ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად. შესაბამისი კადრებისა და ხელსაწყოების გარეშე ადამიანთა მოძრავი ნაკადის დათვლა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ ერთ ფოტოზე აღბეჭდილი ხალხის რაოდენობა შევაფასეთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხალხის სიმჭიდროვე ერთგვაროვანი არაა (შესაძლოა, ზოგ ადგილას მეტი ან ნაკლები ადამიანი მდგარიყო) და არც ტერიტორიის ზუსტად მონიშვნაა მარტივი. შესაბამისად, გარკვეული ცდომილება იქნება, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არა — რადიკალური.
დაკავებული ტერიტორიის ფართობისა და ხალხის სიმჭიდროვის გადამრავლება ხალხის დასათვლელად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია. ამის გაკეთება და შედეგების გადამოწმება თავადაც შეგიძლიათ.
ვიზუალებს, რომლებიც ხალხის სიმჭიდროვის შესაფასებლად გამოვიყენეთ, ამ ბმულზე იხილავთ.
კომენტარები