რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
11 მაისს, ღამის 10 საათისთვის, ევროპის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსულ კანონს დაახლოებით 143 253 ადამიანი აპროტესტებდა. ამის დასათვლელად შესაბამისი ტერიტორიის ფართობი და ხალხის სიმჭიდროვე გადავამრავლეთ. ცნობისთვის, Visioner-ის შეფასებით, მთელი დღის განმავლობაში ხალხის რიცხვი 300 ათასიც შეიძლება ყოფილიყო.
ხალხის დასათვლელად შესაბამისი ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ იმ რიცხვზე, რამდენი ადამიანიც საშუალოდ თითო კვადრატულ მეტრზე იდგა, ანუ მათ სიმჭიდროვეზე.
ტერიტორია რამდენიმე ნაწილად დავყავით და თითოეულს შესაბამისი სიმჭიდროვე შევუსაბამეთ. სიმჭიდროვის შესაფასებლად მაუწყებლისა და ფორმულას მიერ დრონით გადაღებული კადრები გამოვიყენეთ. სოციალურ ქსელში პირველი 22:03-ზე გამოქვეყნდა, მეორე კი — 22:28-ზე.
იმისათვის, რომ ფართობის გაზომვა და ხალხის დათვლა უფრო მარტივი იყო, ხელსაწყო MapChecking-ს მივმართეთ.
ევროპის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯამში დაახლოებით 19 153 მ2) ვიდეოებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩანს. სიმჭიდროვის შესაფასებელი ვიზუალების მიხედვით, ვივარაუდეთ, რომ აქ თითო კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 5 ადამიანი იდგებოდა. გამოდის, აქ დაახლოებით 95 764 ადამიანი იყო.
ფორმულას კადრებიდან ჩანს, რომ საკმაოდ ბევრი ხალხია მეტეხის ტაძრის ტერიტორიაზეც (ჯამში დაახლოებით 5938 მ2). შესაბამისად, ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ქუჩაზე ხალხი მ2-ზე 4 ადამიანი სიმჭიდროვით დავითვალეთ. გამოდის, ხალხის რაოდენობა აქ მიახლოებით 23 753 იქნებოდა.
აქციის მონაწილეები შედარებით მეჩხრად (მ2-ზე 3 ადამიანი), თუმცა მაინც იყვნენ რიყის პარკის მიმდებარედაც (6610 მ2). გამოდის დაახლოებით 19 830 ადამიანი.
ხალხის ნაკადი ვიხილეთ ნოე ჟორდანიას სანაპიროზეც (1302 მ2), დაახლოებით 3906 ადამიანი.
ამ ოთხი რიცხვის დაჯამებით — 95 764 + 23 753 + 19 830 + 3906 — ხალხის საბოლოო რაოდენობა 143 253 გამოდის. შესაბამისად, ევროპის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის, დაახლოებით ამდენი ადამიანი იქნებოდა.
გასათვალისწინებელია, რომ რუკაზე ტერიტორიის ზუსტად მონიშვნა არც ისე მარტივია. არის ადგილებიც, სადაც ხალხის ნაკადი არც ისე კარგად ჩანს, რომ სიმჭიდროვე მაქსიმალურად ზუსტად შევაფასოთ. რთულია შენობებისა და ქუჩის საზღვრების გამოყოფაც.
არ დაგვითვლია ისეთი ტერიტორიები, სადაც ხალხი მეჩხრად იყო, რადგან ასეთი ადგილები ძალიან მცირე სხვაობას იძლევა. მეორე მხრივ, მჭიდროდ მონიშნულ ტერიტორიებზეც გვხვდებოდა ადგილები, სადაც თითო კვადრატულ მეტრზე 4-5 ადამიანი არ ყოფილა. შესაბამისად, რაოდენობა მეტ-ნაკლებად ბალანსდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცდომილება მნიშვნელოვანი იქნება.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ დროის განმავლობაში ხალხის ნაკადი მეტ-ნაკლებად მოძრავი იყო, ჩვენ კი ღამის 10-11 საათისთვის გამოქვეყნებულ კადრებს დავეყრდენით. შესაძლოა, დროის სხვა მონაკვეთში უფრო მეტი ან ნაკლები ადამიანი ყოფილიყო ევროპის მოედანზე, თუმცა რადიკალურ სხვაობას ესეც ნაკლებად მოგვცემდა.
ვიზუალებს, რომლებიც ხალხის სიმჭიდროვის შესაფასებლად გამოვიყენეთ, ამ ბმულზე იხილავთ.
კომენტარები