ევროპის ჩემპიონატის გიდი
საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი უკვე დაიწყო და ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრასაც მალე გამართავს. თამაშამდე ვეცდებით რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ, რომელიც საქართველოს მატჩებისთვის სრულად შეგამზადებთ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამ მატჩს გამართავს.
- 18 ივნისს ჩვენი დროით 20:00 საათზე, გერმანიის დროით კი 18:00 საათზე საქართველო თურქეთს, დორტმუნდში, ზიგნალ იდუნა პარკზე, დაუპირისპირდება.
- 22 ივნისს ჩვენი დროით 17:00 საათზე, ხოლო გერმანიის დროით 15:00 საათზე ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ჰამბურგში, ვოლკსპარკშტადიონზე, შეხვდება.
- 26 ივნისს კი, ჩვენი დროით 23:00 საათზე, ხოლო გერმანიის დროით 21:00 საათზე ჯვაროსნები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს, გელზენკირხენში, ველტინს არენაზე, დაუპირისპირდებიან.
თუ გერმანიაში იმყოფებით და აპირებთ ჩვენი ნაკრების თამაშს ან თამაშებს დაესწროთ, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ე.წ. Fan Pass-ის გამოყენებით, თამაშის დღეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილებას შეძლებთ. Fan Pass-ის მოპოვება Euro 2024 app-შია შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ 2 საათით ადრე მაინც მიხვიდეთ იმ შესასვლელთან, სადაც თქვენი ადგილი მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მატჩამდე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ერთად იკრიბებიან და მსვლელობით დაიძვრებიან სტადიონებისაკენ.
გასათვალისწინებელია სტადიონზე შესვლისთვის აუცილებელი რამდენიმე პირობა:
- მოედანზე სპეციალური აკრედიტაციის გარეშე ვერ შეიტანთ ფოტო თუ ვიდეო კამერას. აკრძალულია, მათ შორის, დრონების შეტანაც;
- აკრძალულია ისეთი ბანერებისა და დროშების შეტანა, რომელთა ზომაც აღემატება 2 x 1.5 მეტრს;
- ვერ შეიტანთ სტანდარტული ზომის ზურგჩანთებს;
- გარეთ დაგატოვებინებენ ისეთ მსხვრევად ნივთებს, როგორებიცაა შუშის ბოთლი, ჭიქა და სხვა;
- ვერ შეიტანთ საკვებსა და სასმელს;
- აკრძალულია ლაზერული განათებების შეტანაც.
ისიც გახსოვდეთ, რომ სტადიონიდან გამოსვლის შემდეგ უკან ვეღარ დაბრუნდებით. ცნობისთვის, ნებადართულია ე.წ. ფაუერ ბანკის შეტანა.
თუ გერმანიაში არ იმყოფებით, მაგრამ ცხადია, უყურებთ ჩვენი ბიჭების თამაშს, მაშინ მთავარი რჩევაა, რომ მეგობრებთან ერთად შეიკრიბოთ ან გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებს მიმართოთ. ეს უკანასკნელი კი ბევრია. მატჩების ყურება გულშემატკივრებთან ერთად მიხეილ მესხის სტადიონზეა შესაძლებელი.
იმედია ჩვენი რჩევები ოდნავ მაინც გამოგადგებათ და ჩვენი ნაკრების თამაშის ყურებას სასიამოვნოდ შეძლებთ.
საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
კომენტარები