"მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით", — ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1-ელი იანვრიდან გახდება 415 ლარი. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით

"70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ისედაც არის გათვალისწინებული ინდექსაციით მეტი ზრდა. 555 ლარამდე იზრდება მათთვის პენსია. ამას ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად ის ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის. 20 ლარი იყო ზრდა მხოლოდ. იქ იყო 60 ლარი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ინდექსაცია ნაკლებ მატებას ითვალისწინებს, საგანგებო ზომა მივიღეთ სწორედ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის", — განაცხადა კობახიძემ.