Neuralink-ის პირველ პაციენტს Tesla-ს რობოტის გონებით გაკონტროლება უნდა
ჩვენ უკვე ვნახეთ თუ როგორ თამაშობს Neuralink-ის პირველი პაციენტი ვიდეოთამაშებს. და, აი, ახლა მან Wired-ს განუცხადა, რომ Tesla Optimus რობოტის გონებით გაკონტროლება უნდა.
ასევე: Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს
"ვფიქრობ, ძალიან მაგარი იქნებოდა, Tesla-ს რობოტის გონებით კონტროლი რომ შემეძლოს. ის ჩემთვის უამრავ რამეს გააკეთებდა და შესაძლებლობებიც გამეზრდებოდა. ამით დამხმარე ადამიანი ფაქტობრივად აღარ დამჭირდებოდა", — თქვა ნოლანდ არბომ.
არბო Tesla-ს მანქანაზეც ფიქრობს, რომელსაც ტვინით დაუკავშირდებოდა და ასე მის გამოყენებასაც შეძლებდა.
"ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება რომ შემეძლოს, ეს ჩემს ცხოვრებას საბოლოოდ შეცვლიდა", — აღნიშნა მან.
ამ დროისთვის, ის ფაქტი რომ არბოს მხოლოდ ფიქრით მუსიკის მოსმენა, ვიდეოს ჩართვა, ტელევიზორის ყურება და ვიდეოთამაშების თამაში შეუძლია უკვე დიდი მიღწევაა.
"ამას დიდი რესურსი არ სჭირდება. უბრალოდ ვფიქრობ იმაზე თუ სად მინდა კურსორის გადაადგილება და ეს ხდება", — უთხრა არბომ Wierd-ის ჟურნალისტს.
ამ ყველაფრის ფონზე, ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა.
ეს მას შემდეგ, რაც კომპანიამ არბოსთან დაკავშირებულ გართულებებს თავი კარგად გაართვა. ამ თვის დასაწყისში Neuralink-ში განაცხადეს, რომ პირველი პაციენტის ტვინში ჩადგმული პაწაწინა მავთულები მდგომარეობიდან გამოვიდა. კომპანიამ ცხოველებზე ტესტირების შედეგად იცოდა, რომ ეს შეიძლება ასე მომხდარიყო. ამ მომენტისთვის არბოს პრობლემები აღარ აქვს.
კომენტარები