კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანთა ტვინები წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ასაკის მატებისას ამან დემენციის განვითარება შეაფერხოს, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. ნაშრომი გამოცემაში JAMA Neurology გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1930-იდან 1970-იან წლებამდე დაბადებულ ადამიანთა ტვინების გამოსახულებები შეისწავლეს. მათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მონაცემები გამოიყენეს ფრემინგემის გულის კვლევიდან (ჯანმრთელობის ხანგრძლივი კვლევა, რომელიც 1948 წელს დაიწყო). უფრო ზუსტად, მკვლევრებმა 3 226 ადამიანის ტვინის MRI გამოსახულებები გააანალიზეს.
ნაშრომის ავტორებმა შენიშნეს, რომ 1970-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს 15%-ით დიდი ტვინის ზედაპირი ჰქონდათ 1930-იან წლებში დაბადებულებთან შედარებით; მათი ტვინის მოცულობა 1930-იანების ბავშვებისას 6.6%-ით აღემატებოდა.
გარდა გაზრდილი ზედაპირისა და მოცულობისა, შენიშნეს ისიც, რომ ზომაში მეხსიერებასა და დასწავლასთან დაკავშირებული ნაწილებიც გაიზარდა.
მეცნიერებმა კვლევა იმავე ასაკის 1 145 ზრდასრულის შემთხვევაშიც გაიმეორეს, რომლებიც 1940-იან და 1950-იან წლებში იყვნენ დაბადებულები.
საერთო ჯამში, ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ახალ თაობებს უფრო დიდი მოცულობის ტვინები აქვთ, ანუ ტვინის მოცულობა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დიდია როგორც მთლიანი ტვინის მოცულობა, ასევე კონკრეტული რეგიონებისაც. ეს ეფექტი ინდივიდების დონეზე შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, პოპულაციის მასშტაბით იგი მნიშვნელოვანი იქნება.
რას შეიძლება ნიშნავდეს ტვინის მოცულობის გაზრდა?
ვერ ვიტყვით, რომ ტვინის მოცულობის ზრდა უფრო და უფრო გვაჭკვიანებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ვარაუდით, ტვინის დიდი ზომა მის ჯანმრთელობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ამ მხრივ აღმოჩნდეს სასარგებლო.
ცნობილია, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან მეტი ხალხი ბერდება. მიუხედავად ამისა, ათწლეულების განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს. ეს მიგნება 2016 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც ფრემინგემის გულის კვლევის მონაცემებიც გააანალიზეს.
"ტვინის უფრო დიდი სტრუქტურები, თუნდაც, როგორებიც კვლევის ფარგლებში ვიხილეთ, შესაძლოა, ტვინის გაუმჯობესებულ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეტყველებდეს", — განაცხადა ჩარლზ დეკარლიმ, ნევროლოგიის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — "ტვინის უფრო დიდი სტრუქტურა ტვინის უფრო დიდ რეზერვად გვევლინება და, შესაძლოა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული დაავადებების, თუნდაც ალცჰაიმერისა და სხვა დემენციების, გავლენა გაანეიტრალოს".
კომენტარები