შექმნეს ტექნოლოგია, რომელსაც ემოციების ამოცნობა რეალურ დროში შეუძლია
მეცნიერებმა ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ემოციები რეალურ დროში ამოიცნოს. მიღწევა ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებს ეკუთვნით.
შესაძლოა, ტექნოლოგია სამომავლოდ სხვადასხვა სერვისში გამოვიყენოთ. იგი ისეთი ჰუმანოიდი რობოტების შექმნაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომლებიც ადამიანის ემოციების უკეთ ამოცნობას შეძლებს.
ტექნოლოგიას PSiFI ეწოდება. იგი ნიღბის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც სახეზე თავსდება. PSiFI წელვადი და გამჭვირვალეა. იგი მარტივად გამოსაყენებელია და ფუნქციონირებისთვის ენერგიის გარე წყარო არ სჭირდება.
ტექნიკის ეფექტიანობა ნაწილობრივ სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თავისი მუშაობისათვის საჭირო ენერგიას თვითონვე წარმოქმნის. მას არც კომპლექსური აღჭურვილობა აქვს მონაცემების შესაკრებად.
პრესრელიზის მიხედვით, სენსორს შეუძლია, ვერბალური და არავერბალური ინფორმაცია ერთდროულად დააფიქსიროს. მკვლევართა გუნდმა სისტემაში კუნთის დეფორმაციისა და ხმის იოგების ვიბრაციის დაფიქსირების ფუნქციები გააერთიანა. გარდა ამისა, მონაცემების გადამამუშავებელი წრედი მონაცემებს უსადენოდ გზავნის, ეს კი ემოციების რეალურ დროში ამოცნობას დამატებით უწყობს ხელს.
ტექნოლოგია ემოციების იდენტიფიცირების მიზნით მანქანური სწავლის ალგორითმებს იყენებს. ამის წყალობით იგი მაშინაც კი არჩევს ადამიანების ემოციებს, როდესაც მათ სახეები დაფარული აქვთ.
იმისათვის, რომ ნიღაბი მაქსიმალურად მორგებადი ყოფილიყო, მეცნიერებმა მის დასამზადებლად სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული სურათები გამოიყენეს. საბოლოო პროდუქტი წელვადია, გამჭვირვალე და ყველა ადამიანს კომფორტულად ერგება.
სისტემის პოტენციალის საჩვენებლად მკვლევრებმა ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული აპლიკაცია, ე. წ. "ციფრული კონსიერჟი", გამოიყენეს. ამ აპლიკაციაში ტექნოლოგია კლიენტებს მათ ემოციებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს.
ნაშრომის ავტორებმა სისტემა ვირტუალური რეალობის სხვადასხვა გარემოშიც გამოცადეს, მათ შორის ჭკვიან სახლებზე, ფილმების კერძო თეატრებსა და ჭკვიან ოფისებზე. სისტემა ემოციებს სხვადასხვანაირ სიტუაციაში ამოიცნობს, ამიტომ მას პიროვნებაზე მორგებული მუსიკის, ფილმებისა თუ მხატვრული ლიტერატურის შემოთავაზებაც შეუძლია.
მეცნიერების აზრით, ტექნოლოგიამ მართლაც შეიძლება, პრაქტიკული სარგებელი მოგვიტანოს და ჩვენი სამომხმარებლო გამოცდილება არაერთი კუთხით გააუმჯობესოს.
ნაშრომი ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები