ნახეთ: მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი "გაცოცხლდა"
მას შემდეგ, რაც მთვარეზე გაშვებული აპარატი SLIM ციურ სხეულზე თავდაყირა, თუმცა უსაფრთხოდ დაჯდა, ის გათიშულ მდგომარეობაში იყო. ეს იმიტომ, რომ მისი მზის პანელები არახელსაყრელი განლაგების გამო ენერგიას ვერ გამოიმუშავებდა, ახლა კი ვარსკვლავის სხივებმა იქამდე მიაღწია და მთვარის სნაიპერად წოდებულმა დასაშვებმა მოდულმაც "გამოიღვიძა".
მან დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს სურათებიც გადაუღო და მახლობლად არსებული საინტერესო ქვების შესწავლას შეუდგა.
მეცნიერებმა 6 ასეთი კლდოვანი წარმონაქმნის იდენტიფიცირება შეძლეს და მათ ძაღლის ჯიშების სახელები დაარქვეს: თოი პუდელი, შიბა ინუ, ბულდოგი, აკიტა ინუ, კაი და სენბერნარი. ისინი SLIM-მა სპექტროსკოპიულად უნდა გააანალიზოს, ანუ მათი შემადგენლობა გამოავლინოს.
22 იანვარს SLIM მთვარის ორბიტაზე მოძრავმა ზონდმა Reconnaissance-მა დააფიქსირა. ამ დროს აპარატს მისგან დაახლოებით 80 კილომეტრი აშორებდა, თუმცა მსგავსი სიმაღლიდან ის მაინც აღბეჭდა.
ქვემოთ ნაჩვენებ გამოსახულებებზე მთვარის ზედაპირს SLIM-ის დაშვებამდე და დაშვების შემდეგ ვხედავთ. კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ აპარატის დაჯდომამ ციური სხეულის რეგოლიტის ზედა ფენა გაფანტა, რომელიც უფრო მუქი შეფერილობისაა, და ქვედა მოთეთრო გრუნტი გამოავლინა.
ფოტო: NASA
SLIM დაკარგული დროის ანაზღაურებას ეცდება და მთვარეს აქტიურად გამოიკვლევს, სანამ მისი დაშვების რეგიონში დაღამდება და მზის სხივები ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამ პერიოდში ის ისევ ძილის რეჟიმში გადავა, რაც 14 დღეს გასტანს, რადგან სწორედ ამდენი ხანი გრძელდება 1 ღამე მთვარეზე.
აღსანიშნავია, რომ მოდული სამიზნე არეალში 100 მეტრის რადიუსში უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს სულ რაღაც 55 მეტრ რადიუსში მოახერხა. ამით მან კოსმოსური მისიების ისტორიაში ყველაზე ზუსტ დაშვებას მიაღწია.
კომენტარები