ბოლო დროის 8 განხილვადი წიგნი, რომლის ქართულად თარგმნასაც ვისურვებდით
ფოტო: Alfred A. Knopf / Sunmark Publishing | On.ge
იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ენაზე დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი კითხულობს, საქართველოს საგამომცემლო სივრცე თარგმანების შთამბეჭდავი რიცხვით დაიკვეხნის. ყოველწლიურად ქართულად ასეულობით დასახელების, სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის წიგნი ითარგმნება. ამდენად, ქართველ მკითხველებს საკითხავის მრავალფეროვნებაზე საწუწუნო ნაკლებად გვაქვს. თუმცა, არის რამდენიმე ნაწარმოები, რომლის ქართულად თარგმნასაც ალბათ ბევრი ისურვებდა.
სწორედ ამიტომ, ქვემოთ თავი მოვუყარეთ ბოლო წლების რამდენიმე განსაკუთრებულად პოპულარულ წიგნს, რომელიც ქართულად ჯერჯერობით არ გამოცემულა.
1. ტოშიკაზუ კავაგუჩის სანამ ყავა გაცივდება
ფოტო: Sunmark Publishing
"რას შეცვლიდი, დროში უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს?" — ყდაზე გამოტანილი ამ შეკითხვით ხვდება მკითხველს იაპონელი მწერლის, ტოშიკაზუ კავაგუჩის, 2015 წელს გამოცემული სადებიუტო რომანი. ნაწარმოები ყველაზე მეტად ალბათ მაგიური რეალიზმის ჟანრს განეკუთვნება და გვიყვება ტოკიოს ერთ პატარა ქუჩაზე მდებარე კაფეზე, რომელიც საუკუნეზე მეტია, სტუმრებს ყავასთან ერთად დროში მოგზაურობას სთავაზობს. გახსოვდეს მხოლოდ ერთი წესი: აწმყოში ყავის გაცივებამდე უნდა დაბრუნდე.
რომანში ოთხ ადამიანს, კაფეს ოთხ სხვადასხვა სტუმარს ვხვდებით. თითოეულ მათგანს წარსულში დაბრუნება განსხვავებული მიზნით სურს: იმ კაცთან შესახვედრად, ვინც მიატოვა, მეხსიერებადაკარგული ქმრისგან წერილის მისაღებად, დის უკანასკნელად სანახავად და უცნობი შვილის გასაცნობად.
კავაგუჩის წიგნს კიდევ ოთხი გაგრძელება მოჰყვა. სანამ ყავა გაცივდება 2019 წელს ინგლისურადაც ითარგმნა და მალევე იქცა მსოფლიო ბესტსელერად.
2. პრინცი ჰარის სათადარიგო მემკვიდრე
ფოტო: Penguin Random House
ბოლო წლებში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გადაწყვიტა, მემუარები დაეწერა და საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი ამბები მოეყოლა, ასე რომ, ბესტსელერების სიაშიც ბევრ ავტობიოგრაფიულ ტექსტს შეხვდებით. ერთ-ერთი მათგანია გაერთიანებული სამეფოს პრინცის, სასექსის ჰერცოგ ჰარის, წიგნი სათადარიგო მემკვიდრე.
ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა პრინცმა ჰარიმ ჯერ კიდევ 2021 წელს დააანონსა და თქვა, რომ "ამ ყველაფერს წერდა, არა როგორც ადამიანი, რომელიც პრინცად დაიბადა, არამედ, როგორც ადამიანი, რომლადაც იქცა". საბოლოოდ, მემუარები 2023 წლის დასაწყისში, დიდი გამოხმაურების ფონზე გამოიცა. ეს კი სულ არაა გასაკვირი, თუკი ავტორისა და სამეფო ოჯახის სკანდალურ დაპირისპირებას გავიხსენებთ. სათადარიგო მემკვიდრემ გინესის რეკორდიც დაამყარა, როგორც ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა არამხატვრულმა წიგნმა.
წიგნში პრინცი ჰარი თხრობას ბავშვობის წლებიდან იწყებს და ჰყვება იმაზეც, როგორ იმოქმედა ადრეულ ასაკში დედის, პრინცესა დაიანას, დაკარგვამ და მამამისის მეორე ქორწინებამ. რასაკვირველია, იგი შეეხება ძმასთან, ტახტის მემკვიდრე პრინც უილიამთან, ურთიერთობასა და სამეფო ოჯახის დატოვების მიზეზებსაც.
3. რებეკა იაროსის მეოთხე ფრთა
ფოტო: Red Tower Books
თუ ლიტერატურულ ტენდენციებს აქტიურად არ ადევნებთ თვალს, გეტყვით, რომ ბოლო წლებში ჟანრული პროზა, განსაკუთრებით კი ფენტეზი, გაუგონარი პოპულარობით სარგებლობს. სულ ახლახან წამოიწია ქვეჟანრმა "რომანტეზიმ", რომელიც ფენტეზისა და სასიყვარულო ჟანრების შერწყმაა. აი, ამ მიმართულებით კი უდავო ლიდერია რებეკა იაროსის 2023 წელს გამოცემული წიგნი მეოთხე ფრთა.
მეოთხე ფრთის სიუჟეტი გამოგონილ ქვეყანაში, ბასგიათის საბრძოლო კოლეჯში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი კი 20 წლის ვაიოლეტია, რომელიც დედის, კოლეჯის ხელმძღვანელის რჩევით, გადამწერობას თავს ანებებს და დრაკონის მხედარი ხდება.
დიდწილად ტიკტოკის დამსახურებით, მეოთხე ფრთა გამოცემიდან მალევე The New York Times-ის ბესტსელერების სიის სათავეში აღმოჩნდა და ორ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. 2023 წელსვე გამოვიდა რომანის გაგრძელება, რომლის გამოცემის დღეს მისი 100 ათასზე მეტი ასლი შეიძინეს. გამომცემლის ცნობით, მეოთხე ფრთის გაგრძელება წინასწარი შეკვეთების რიცხვით ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის მერე ყველაზე პოპულარული წიგნია.
///
4. ბრიტნი სპირსის ქალი ჩემში
ფოტო: Gallery Books
2020-2021 წლებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრიტნი სპირსისკენ იყო მიმართული: პოპის პრინცესად მიჩნეული ვარსკვლავი სასამართლოს ძალით ცდილობდა, მამის მეურვეობისგან გათავისუფლებულიყო. ამ ბრძოლაში სპირსს მილიონობით ფანთან ერთად სხვა ვარსკვლავებიც უჭერდნენ მხარს. საბოლოოდ, სასამართლომ მომღერლის მამა მართლაც ჩამოაშორა მეურვეობას. მერე კი სხვა ბრძოლა დაიწყო, უკვე გამომცემლობებს შორის — ბრიტნის ავტობიოგრაფიულ წიგნზე უფლების მოსაპოვებლად.
საბოლოოდ, გამოცემის უფლება უპრეცედენტო კონტრაქტით, $15 მილიონის სანაცვლოდ ერგო Gallery Books-ს. სპირსის მემუარები კი, სახელწოდებით ქალი ჩემში, დიდი მოლოდინის შემდეგ, 2023 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.
გამომცემლობის პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ ქალი ჩემში "გაბედული და გასაოცრად ამაღელვებელი ამბავია თავისუფლებაზე, პოპულარობაზე, დედობაზე, გადარჩენაზე, რწმენასა და იმედზე". წიგნი გახდა The New York Times-ის N1 ბესტსელერი, უკვე ითარგმნა 26 ენაზე და გაიყიდა 3 მილიონზე მეტ ეგზემპლარად.
5. ჰანია იანიგაჰარას პატარა სიცოცხლე
ფოტო: Doubleday
2015 წელს ლიტერატურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია, ბუკერი, მარლონ ჯეიმსის წიგნს შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია ერგო. თუმცა, მასზე ბევრად წარმატებული გამოდგა იმწლევანდელი ნომინანტი, ჰანია იანიგაჰარას პატარა სიცოცხლე. ეს სქელტანიანი წიგნი ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტისთვის რიგით მეორე რომანია, რომელსაც გამოცემისთანავე მოჰყვა კრიტიკოსებისა და მკითხველების აღფრთოვანებული გამოხმაურება.
შვიდნაწილიანი ნაწარმოები მასაჩუსეტსის შტატიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასულ ოთხ კლასელზე გვიყვება: მომავალ მსახიობ უილემზე, მხატვარ ჟან-ბაპტისტზე, არქიტექტორ მალკოლმსა და მათ გამაერთიანებელ რგოლზე, ჯუდზე. რომანი ბევრ ფსიქოლოგიურ საკითხზე კონცენტრირდება, მათ შორისა ტრავმა, მეგობრობის გავლენა, თვითდაზიანება და სუიციდური მიდრეკილებები. მძიმე სურათების შეულამაზებლად აღწერისთვის იანიგაჰარა გაუკრიტიკებიათ კიდეც, მაგრამ პატარა სიცოცხლეს მოყოლილი გამოხმაურება უმეტესწილად მაინც დადებითი იყო.
დიდი მოცულობის და დამთრგუნველი შინაარსის გამო, პატარა სიცოცხლეს დიდ კომერციულ წარმატებას არ უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ წიგნი 2,5 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა და ტიკტოკის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ნაწარმოებადაც იქცა.
6. მეთიუ პერის მეგობრები, საყვარლები და დიდი საშინელება
ფოტო: Macmillan Publishers
კანადელ-ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის, მემუარები 2022-ში, მის მოულოდნელ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოიცა. როგორც ცნობილი გახდა, პერი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად დაიღუპა. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან მსახიობის ხანგრძლივი ჭიდილის შესახებ მისი ფანებისთვის კარგად ცნობილი იყო. ამ თემას დიდი ადგილი დაეთმო პერის მემუარებშიც, რომელიც გამოცემიდან მალევე ბესტსელერი გახდა. თუმცა, წიგნისადმი დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა ავტორის სიკვდილის შემდეგ.
პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გარდა, მემუარებში პერი იხსენებს თავის პროფესიულ საქმიანობას და, რაც ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებთ მის ფანებს, Friends-ზე მუშაობის წლებს. ამ პოპულარულ სიტკომში პერი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ჩენდლერ ბინგს, ასახიერებდა.
წიგნის განხილვებში პერი გულწრფელობისთვის შეაქეს და აღნიშნეს, რომ მონათხრობი მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანებს შეიძლება დახმარებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ, ბევრი სხვა ვარსკვლავისგან განსხვავებით, მსახიობს მემუარების დასაწერად არ აუყვანია "გოსთრაითერი" (გამოცდილი ავტორი, რომელიც სხვისი სახელით გამოსაცემ ტექსტზე მუშაობს). წიგნის წინასიტყვაობა კი მსახიობმა ლიზა კუდროუმ დაწერა, რომელიც პერისთან ერთად მონაწილეობდა Friends-ში.
///
7. გაბრიელ ზევინის ხვალ, ხვალ და ხვალ
ფოტო: Knopf Publishing Group
გიფიქრიათ იმაზე, რა გავლენას ახდენს ვიდეოთამაშები ჩვენს ყოველდღიურობაზე? მსგავსი შეკითხვით დაიწყო თავის რიგით მე-10 რომანზე მუშაობა ამერიკელმა მწერალმა გაბრიელ ზევინმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ერთ დღეს საყვარელი ვიდეოთამაშით გართობა მოისურვა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მისი ძველი ვერსია გამქრალიყო. ჩემი ცხოვრების ნაწილიც მასთან ერთად გაქრაო, ამბობს ზევინი, რომელმაც თავისი ეს განცდა ბესტსელერ რომანად აქცია.
ხვალ, ხვალ და ხვალ ბავშვობაში განშორებულ მეგობრებზე, სემსა და სეიდიზე, გვიყვება, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლისას ერთმანეთს ისევ ხვდებიან და იწყებენ ვიდეოთამაშის შექმნაზე მუშაობას. ნაწარმოების სიუჟეტი კი მათ გარშემო თითქმის 30 წლის განმავლობაში ტრიალებს. ეს სიყვარულის ისტორიაა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აქამდე წაგიკითხავსო, გვამცნობს წიგნის ანოტაცია.
ზევინმა რომანზე მუშაობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო, მაგრამ ტექსტის უმეტესი ნაწილი კოვიდპანდემიის პერიოდში დაიწერა. საბოლოოდ, ნაწარმოები 2022 წლის ზაფხულში გამოიცა და არაერთი პრემიის მფლობელი გახდა. ჯერ კიდევ გამოცემამდე, $2 მილიონად გაიყიდა წიგნის ეკრანიზაციის უფლებაც.
8. დონა ტარტის საიდუმლო ისტორია
ფოტო: Alfred A. Knopf
ჩამონათვალში ეს ყველაზე ძველი წიგნია, დონა ტარტის სახელი კი ალბათ ისედაც გექნებათ გაგონილი. თუმცა, საიდუმლო ისტორია, რომელიც ავტორისთვის სადებიუტო რომანი იყო, პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მეტიც, კვლავაც ტიკტოკის წყალობით, წიგნმა სხვა სიცოცხლე დაიწყო; პლატფორმაზე რომანის ჰეშტეგით დადებულ ვიდეოებს ჯამში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
1992 წელს გამოცემული საიდუმლო ისტორია ყველაზე მეტად ალბათ თრილერის კატეგორიაში გადის, მაგრამ წიგნი ჟანრის კლასიკურ ფორმას არღვევს, უფრო ზუსტად, ატრიალებს — მკვლელების ვინაობას (რომელთა შორისაც მთხრობელია) პირველივე გვერდზე ვიგებთ. ტარტისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივებსა და მის შედეგებზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანია. ამბავი კი კოლეჯში, კლასიკური ენების შემსწავლელი ექვსი სტუდენტის გარშემო ვითარდება. ამის გამო, საიდუმლო ისტორია იქცა ერთ-ერთ ფუძემდებლად ლიტერატურული ქვეჟანრის და ერთგვარი სუბკულტურისა, დარქ აკადემიის, რომელიც გოთიკური ესთეტიკით, რომანტიზმით, კლასიკური მწერლობითა და ხელოვნებით გატაცებას მოიცავს.
ტარტის თქმით, წიგნზე რვა წლის განმავლობაში ყოველდღიურად მუშაობდა. საბოლოოდ, მან რომანი 29 წლის ასაკში დაასრულა და გამოსცა. საიდუმლო ისტორიის პირველი ტირაჟი დებიუტისთვის შეუფერებლად დიდი გახლდათ — 75 ათასი ასლი. თუმცა, წიგნი გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერი გახდა. ნაწარმოები დღემდე 24 ენაზეა თარგმნილი და 5 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი

კომენტარები