ფოტორეპორტაჟი საოკუპაციო ხაზთან გამართული აქციიდან
დღეს, 14 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა და ასევე, პოლიტიკოსებმა, ოპოზიციური პარტიებიდან აქცია გამართეს.
ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს დამონტაჟებულ ბანერამდე მისვლის უფლება არ მისცეს და კორდონი გააკეთეს.
აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ზოლთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსება გააპროტესტეს. მათ ეჭირათ ბანერები წარწერით: "არა ოკუპაციას", "ჟურნალისტები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ", "შორს ხელები და მავთულხლართები საქართველოდან".
შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის ჟურნალისტ ლაშა ბერულავას თქმით, მათი მიზანია რუსეთს დაანახონ, რომ ოკუპაციას არ ეგუებიან. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა რურუას თქმით, ეს აქცია იქნება სიგნალი ხელისუფლებისა და თავისუფალი სამყაროს მიმართ.
საოკუპაციო ხაზთან აქციის მონაწილეებმა ბანერი აღმართეს სადაც წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 101 კილომეტრში, როკის გვირაბთანაა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი კიდევ გაჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
კომენტარები