2023 წელი სერიალების მოყვარულებისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ნეტფლიქსმა Ginny & Georgia-ს და Never Have I Ever-ის ახალი სეზონებით გაგვანებივრა, მთელი წლის განსახილველ თემად კი HBO-ს The Last of Us იქცა.

2023-ის მსგავსად, წელსაც უამრავი სიახლე და საყვარელი შოუების ახალი სეზონები გველის. ამ სტატიაში იმ 24 სერიალს მოვუყარეთ თავი, რომელთაც 2024 წელს მოუთმენლად ველით.

1. ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი / Avatar: The Last Airbender

ფოტო: Netflix

რა თქმა უნდა, ეს სია ავატარით უნდა დავიწყოთ. პოპულარული ანიმაცია ეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა და ყველას მარტივად შეაყვარა თავი. მის ადაპტაციას ნეტფლიქსი იღებს. სერიალში, ისევე, როგორც ანიმაციაში, ავატარ აანგს წყლისტომელი და-ძმა, კატარა და სოკა, შემთხვევით აღმოაჩენენ და მას სამყაროს გადარჩენაში ეხმარებიან.

შოუში აანგის როლს გორდონ კორმიე ასრულებს, კატარას როლში კიავენტიიოს ვიხილავთ, სოკას პერსონაჟს კი იენ ოუსლი განასახიერებს. სერიალიდან კადრები უკვე გავრცელდა.

პრემიერის თარიღი: 22 თებერვალი

2. ბრიჯერტონი / Bridgerton (მე-3 სეზონი)

ფოტო: Netflix

სერიალი ბრიჯერტონი, როგორც იქნა, მესამე სეზონით ბრუნდება! შოუს პირველ 2 სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც კომპანიამ დედოფალი შარლოტას ახალგაზრდობაზე გადაღებული სერიალის გამოშვებაც მოასწრო.

შოუს ინსპირაცია ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. თითოეული სეზონი ოჯახის და-ძმებიდან ერთ-ერთის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს. ამჯერად მთავარი გმირები კოლინ ბრიჯერტონი და პენელოპი იქნებიან.

პრემიერის თარიღი: პირველი ნაწილი — 16 მაისი, მეორე ნაწილი — 13 ივნისი.

3. კალმარის თამაში / Squid Game (მე-2 სეზონი)

ფოტო: Netflix

მე-2 სეზონით ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი კალმარის თამაშიც ბრუნდება. სერიალმა პრემიერის თვეში რეკორდიც დაამყარა და გამოსვლიდან 25 დღეში 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.

გასაკვირი არაა, რომ შოუს გაგრძელებას მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდა, სწორედ ამიტომ, ნეტფლიქსმა სერიალის მიხედვით რეალითი შოუც გადაიღო. ახალ სეზონში მთავარი პერსონაჟი, მოთამაშე 456 დაბრუნდება, სიუჟეტი კი, როგორც პირველი სეზონის ბოლოს ვნახეთ, შურისძიების თემის გარშემო განვითარდება.

პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

4. მისტერ და მისის სმიტები / Mr. & Mrs. Smith

ფოტო: Prime

რთულია, ფილმი მისტერ და მისის სმიტები დაგავიწყდეს, რომელიც ტელეეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა და პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. 16 წლის შემდეგ ფილმის მიხედვით სერიალი გამოვა.

ფილმისგან განსხვავებით, ამჯერად მთავარმა პერსონაჟებმა ერთმანეთის ნამდვილი ვინაობის შესახებ იციან და ერთ-ერთი დავალებისთვის დაქორწინებული წყვილის როლს თამაშობენ, თუმცა თანდათან ერთმანეთი შეუყვარდებათ. შოუში ჯაშუშების როლებს მომღერალი დონალდ გლოვერი და მსახიობი მაია ერსკინი მოირგებენ.

პრემიერის თარიღი: 2 თებერვალი

5. შოგანი / Shōgun

ფოტო: Hulu

Hulu-ს ახალი მინისერიალი ჯეიმს კლაველის ამავე სახელწოდების ისტორიული ნოველის ადაპტაციაა. შოუში მოქმედება მე-17 საუკუნეში ხდება. მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი სამოქალაქო ომის პერიოდში იაპონიაში მოხვედრილი ინგლისელი მეზღვაურია, რომელიც მოულოდნელად სრულიად განსხვავებული სამყაროს ნაწილი გახდება.

პრემიერის თარიღი: 27 თებერვალი

6. მოსიარულე მკვდრები: ისინი, ვინც გადარჩნენ / The Walking Dead: The Ones Who Live

ფოტო: AMC Networks

მოსიარულე მკვდრების მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ რიკ გრაიმსის პერსონაჟის გაუჩინარებიდან უკვე 5 წელზე მეტი გავიდა. სერიალის შემქმნელები მაყურებლების კითხვებს ახალი სპინოფით უპასუხებენ, რომლითაც საბოლოოდ გავიგებთ, რა შეემთხვა რიკს და შეხვდება თუ არა ის მიშონსა და მათ შვილს, რომელიც არც იცის, რომ ჰყავს.

პრემიერის თარიღი: 25 თებერვალი

7. 3 სხეულის პრობლემა / 3 Body Problem

ფოტო: Netflix

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი ნეტფლიქსმა ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღო. შოუს შემქმნელები სამეფო კარის თამაშების სცენარისტები იქნებიან. სერიალში მოქმედება ჩინეთში ხდება და ასტროფიზიკოსი ქალის გარშემო ვითარდება, რომელიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირების გზასა და ალტერნატიულ სამყაროს აღმოაჩენს.

პრემიერის თარიღი: 21 მარტი

8. დრაკონის სახლი / House of the Dragon (მე-2 სეზონი)

ფოტო: HBO

სამეფო კარის თამაშების სამყაროს მოყვარულებს კარგი წელი ელით, რადგან სერიალის შემქნელებმა უყურადღებოდ არც House of the Dragon დატოვეს. სერიალში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. როგორც ტრეილერიდან ჩანს, მე-2 სეზონში რკინის ტახტის მოსაპოვებლად კიდევ ერთ დიდ ბრძოლას ვიხილავთ და არც დრაკონები მოგვანატრებენ თავს.

პრემიერის თარიღი: 2024 წლის ზაფხული

9. რიპლი / Ripley

ფოტო: Netflix

პატრიცია ჰაისმითის წიგნებზე არაერთი ფილმი გადაუღიათ, 2024 წელს კი ერთ-ერთის ეკრანიზაციას სერიალადაც ვიხილავთ. ნეტფლიქსის ადაპტაციაში ფსიქოპათ ტომ რიპლის როლს ცნობილი მსახიობი ენდრიუ სკოტი მოირგებს. სკოტის პერსონაჟი დაქირავებული მკვლელია, რომელიც 1960-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს.

პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

10. შენ / You (მე-5 სეზონი)

ფოტო: Netflix

სტალკერი ჯო გოლდბერგი ხომ არ მოგენატრათ? ნეტფლიქსი სერიალ You-ს გულშემატკივრებსაც არ ტოვებს გულგრილს და შოუს ფინალური სეზონით ბრუნდება. სერიალი იქ დამთავრდება, სადაც დაიწყო — ნიუ-იორკში.

გასულ სეზონებში ვხედავდით, რომ ჯო იმ ქალებს კლავდა, რომლებიც, მისი მტკიცებით, უყვარდა, მე-4 სეზონის ბოლოს კი მან სიმართლეს თვალი გაუსწორა და აღიარა, რომ კარგი ადამიანი სულაც არაა. ბოლო სეზონზე ჯერჯერობით ვიცით, რომ მთავარი გმირის ცხოვრებაში ამ ქალებიდან ერთ-ერთი ბრუნდება, რომელიც წარსულში სიკვდილს გადაურჩა.

პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

11. ნამდვილი დეტექტივი: ღამის ქვეყანა / True Detective: Night Country

ფოტო: HBO

ნამდვილი დეტექტივის გადამეორების დროა, რადგან სერიალი 4 წლის შემდეგ ახალი სეზონით ბრუნდება. ამჯერად შოუს ერთ-ერთი მთავარი გმირის როლს ჯოდი ფოსტერი ირგებს, რომელიც მეორე დეტექტივთან ერთად ალასკაზე რვა მეცნიერის გაუჩინერებას იძიებს. ამ სეზონის სცენარისტი და რეჟისორი ისა ლოპესი იქნება.

პრემიერის თარიღი: 14 იანვარი

12. რეჟიმი / The Regime

ფოტო: HBO

შოუ Succession-ის შემქმნელები მორიგ დრამას გვიმზადებენ. The Regime გამოგონილი ევროპული ქვეყნის კანცლერზე გვიყვება, რომელიც ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს. მის როლს სერიალში ქეით უინსლეტი შეასრულებს. შოუში მასთან ერთად ჰიუ გრანტსაც ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 3 მარტი

13. არქეინი / Arcane (მე-2 სეზონი)

ფოტო: Netflix

ცნობილი თამაშ League of Legends-ის მიხედვით შექმნილმა ანიმაციურმა სერიალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მარტივად მიიქცია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნეტფლიქსმა შოუს მე-2 სეზონიც დაუმტკიცა. ჯერჯერობით კომპანიამ მხოლოდ მცირე ზომის ვიდეო გაავრცელა, თუმცა აქედანაც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ საოცარი სანახაობა გველის.

პრემიერის თარიღი: 2024 წლის ნოემბერი

14. ემიგრანტები / Expats

ფოტო: Prime Video

როგორც ჩანს, იანვარში სერიალების მოყვარულებს ძილი არ უწერიათ, რადგან Prime Video ახალ შოუს გვიზამდებს. Expats ჰონგ-კონგში მცხოვრებ ემიგრანტების ოჯახსა და მათ მეგობრებზე გვიყვება, რომლებმაც ახალი ცხოვრება დაიწყეს. მათ ცხოვრებას მოულოდნელი ტრაგედია თვალის დახამხამებაში შეცვლის. სერიალს კიდევ უფრო საინტერესოდ შესანიშნავი მსახიობები აქცევენ — მთავარ როლებში ნიკოლ კიდმანსა და ბრაიან ტის ვნახავთ.

პრემიერის თარიღი: 26 იანვარი

15. ბიჭები / The Boys (მე-4 სეზონი)

ფოტო: Prime Video

Supernatural-ის სცენარისტ ერიკ კრიპკეს მორიგი სერიალი ბიჭები კომიქსების მიხედვითაა გადაღებული და ჩვენს სამყაროში მოხვედრილ სუპერგმირებზე მოგვითხრობს. მარველისგან განსხვავებით, შოუში სუპერგმირები საკუთარი ძალაუფლებითა და პოპულარულობით ბოროტად სარგებლობენ, მათ შესაჩერებლად კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ერთიანდებიან. ტრეილერიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თავგადასავლები, პოლიტიკური სატირა და სამყაროს გადარჩენის მცდელობები არც ამ სეზონში მოგვაკლდება.

პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

16. დაუმარცხებელი / Invincible (მე-2 სეზონის მე-2 ნაწილი)

ფოტო: Prime Video

Invincible ანიმაციური სერიალია, რომელიც მარკ გრეისონზე გვიყვება. მარკი ერთი ჩვეულებრივი მოზარდია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მამამისი პლანეტის ყველაზე ძლიერი სუპერგმირია. მარკი თავისი მე-17 დაბადების დღიდან მალევე საკუთარი ძალის აღმოჩენასაც იწყებს, მე-2 სეზონში კი მის კონტროლსაც სწავლობს და ბოროტმოქმედების დასამარცხებლადაც იყენებს.

პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

17. ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი / My Brilliant Friend (მე-4 სეზონი)

ფოტო: HBO

HBO-ს იტალიური სერიალი, ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი, ორი მეგობარი გოგოს ცხოვრებაზეა და მათ ისტორიას ბავშვობიდან ხანდაზმულ ასაკამდე გვიჩვენებს. ლილა და ელენა 1950-იან წლებში ნეაპოლის ღარიბ უბანში იზრდებიან და ყოველდღიურად ძალადობრივ გარემოში გადარჩენა უწევთ.

სერიალი ეკრანებზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ამ სეზონში ლილას ფაბრიკაში მუშაობით გააქვს თავი, მაშინ, როდესაც ელენა ცნობილი მწერალი ხდება, მაგრამ ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობს.

პრემიერის თარიღი: 2024 წლის ზაფხული

18. ექო / Echo

ფოტო: Marvel Studios

ამ წელს მარველის ერთგული მაყურებლებიც არ დარჩებიან ახალი სერიალის გარეშე. სერიალი, როგორც სათაურიდანვე ჩანს, პერსონაჟ ექოს, იგივე მაია ლოპესის ისტორიას გვიყვება, უკეთ გვიჩვენებს მის ბავშვობასა და ურთიერთობას ბოროტმოქმედ და მის აღმზრდელ კინგპინთან.

პრემიერის თარიღი: 9 იანვარი

19. დათვი / The Bear (მე-3 სეზონი)

ფოტო: Rotten Tomatoes TV

სცენარისტების გაფიცვის დასრულების შემდეგ, სხვა სერიალებთან ერთად, კომედიური დრამა The Bear-იც ბრუნდება. შოუს მთავარი გმირი ახალგაზრდა შეფ-მზარეული, კარმი ბერზატოა, რომელსაც ძმის თვითმკვლელობის შემდეგ, ოჯახის ხორცის სენდვიჩების მაღაზია დარჩა.

ბერზატო წარმატებულ კარიერაზე უარს ამბობს და მშობლიურ ჩიკაგოში ბრუნდება, სადაც ძმის დატოვებული ვალები, სამზარეულოს დაჟანგებული ტექნიკა და უმართავი პერსონალი ხვდება, პარალელურად კი ის ოჯახურ ტრავმასთან გამკლავებას ცდილობს. მზარეულის როლს Shameless-ის ვარსკვლავი ჯერემი ალენ უაიტი ასრულებს.

პრემიერის თარიღი: 2024 წლის ივნისი

20. გრისელდა / Griselda

ფოტო: Netflix

სერიალი Griselda ნარკომოვაჭრის, "შავ ქვრივად" და "კოკაინის ნათლიად" წოდებული გრისელდა ბლანკოს ცხოვრებას ეფუძნება. ბლანკო 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ნიუ-იორკისა და მაიამის ნარკოვაჭრობის უდიდეს ქსელებს ედგა სათავეში. 1985 წელს იგი დააპატიმრეს. ბლანკო ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც დანაშაულებრივი საქმიანობით მილიარდერი გახდა. მის როლს შოუში სოფია ვერგარა მოირგებს და ცნობილი მსახიობის გარდასახვას ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 25 იანვარი

21. მტრობა: კაპოტე გედების წინააღმდეგ / Feud: Capote vs. the Swans (მე-2 სეზონი)

ფოტო: FX Networks

წარმატებული პირველი სეზონის, Feud: Bette and Joan-ის, შემდეგ, სერიალი 7 წლის მერე ახალი დრამით ბრუნდება. თუ პირველ სეზონში შოუ ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარული მსახიობების ცხოვრებაზე გვიყვებოდა, ამჯერად ის გამოგონილი პერსონაჟების საიდუმლოებს შეეხება.

სერიალის მთავარი პერსონაჟები ელიტური წრის ქალები არიან, რომელთაც "გედებსაც" ეძახიან, მათი იდეალური ცხოვრება კი მაშინ იცვლება, როდესაც მწერალი კაპოტე მათ საიდუმლოებს ფარდას ახდის და წიგნად გამოსცემს.

პრემიერის თარიღი: 31 იანვარი

22. იელოუსტოუნი / Yellowstone (მე-5 სეზონის მე-2 ნაწილი)

ფოტო: Paramount Network

2024 წელს Yellowstone-ის მაყურებლებიც საბოლოოდ გაიგებენ, როგორ მთავრდება სერიალის ბოლო სეზონი, რომლის გაგრძელებასაც უკვე 1 წელია ელიან. შოუს მთავარი გმირები დატონის ოჯახის წევრები არიან, რომლებიც მონტანას შტატის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ როლს თამაშობენ და არც მტრები აკლიათ. ვნახოთ, როგორ განვითარდება დატონების ოჯახური დრამა ბოლო სეზონში.

პრემიერის თარიღი: 2024 წლის ნოემბერი

23. ბუნკერი / Silo (მე-2 სეზონი)

ფოტო: Apple TV

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებს კიდევ ერთი სურპრიზი ელით — წელს ბუნკერის მე-2 სეზონს ვიხილავთ. სერიალში დედამიწის ჰაერის მოწამვლის შემდეგ, ათასობით ადამიანი უზარმაზარ მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა საცხოვრებლად და მათ გარეთ გასვლა ეკრძალებათ. ვითარება მაშინ იცვლება, როდესაც ახალგაზრდა ინჟინერი ჯულიეტი იმის გამორკვევას იწყებს, რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ბუნკერის დატოვებას შეეცდებიან.

პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

24. ჰაერის მბრძანებლები / Masters of the Air

ფოტო: Apple TV

რეჟისორები სტივენ სპილბერგი და ტომ ჰენკსი The Pacific-ისა და Band of Brothers-ის შემდეგ, ერთად მესამე მინისერიალზე მუშაობენ, რომელიც კვლავაც მე-2 მსოფლიო ომის თემატიკას შეეხება. როგორც ტრეილერში ვხედავთ, წინა ორის მსგავსად, სტრატეგიის შემუშავებისა და თავგანწირული ბრძოლის კადრების ხილვა არც აქ მოგვაკლდება. ამასთან, რეჟისორები შოუში ჯარისკაცების პიროვნებასა და მათ რომანტიკულ ურთიერთობებსაც გვაჩვენებენ.

პრემიერის თარიღი: 26 იანვარი

ბონუსად: უცნაური ამბები / Stranger Things

მართალია, სერიალის შემქმნელები იმედს არ გვაძლევენ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უცნაური ამბების ბოლო სეზონი ამ წელს მაინც გვეღირსება და გავიგებთ, როგორ დამთავრდება ჩვენი საყვარელი გმირების ისტორია.