კამპანიაში "გახდი ჩემპიონი ენერგოეფექტურობაში" სპორტკომპლექსებმა მთელი საქართველოდან მიიღეს მონაწილეობა
გარემოსთვის ნაკლებად საზიანო მიდგომები დღევანდელ მსოფლიოში უკვე თითქმის ყველა სფეროში აქტიურად ინერგება. მრავალი კომპანია ცდილობს, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადაინაცვლოს, რათა გარემოზე ემისიური თუ სხვა სახის კვალი არ დატოვოს. გარდა იმისა, რომ ეს დედამიწის ეკოსისტემაზე ზრუნვის მიზნით კეთდება, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციების ხარჯებსაც ამცირებს.
ამ მიზეზების გამო, ბევრი დაწესებულება სწორედ ენერგოეფექტურობის გზას ირჩევს, გამონაკლისი არც საქართველოში არსებული ობიექტებია.
კამპანია "გახდი ჩემპიონი ენერგოეფექტურობაში" და მისი მიზნები
ენერგოეფექტურობის დანერგვის წასახალისებლად ახლახან საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP) ფარგლებში კამპანია "გახდი ჩემპიონი ენერგოეფექტურობაში" ჩატარდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებული სპორტული ობიექტებისთვის იყო გამიზნული. კამპანია ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ასევე ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით განხორციელდა.
კონკურსში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სპორტულ დაწესებულებას შეეძლო. კამპანიის მიზანი მათთვის ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებაში დახმარება და ამის წახალისება იყო ისევე, როგორც თანამშრომლებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისაა და და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დანერგვისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ომარ წერეთელიც, საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობაში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. როგორც ის აღნიშნავს, სწორედ ამას ემსახურება ზემოხსენებული პროექტიც, რომელიც სპორტულ ობიექტებში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებას მოიაზრებდა.
მისივე თქმით, მსგავსი ინიციატივები ენერგიის მეტად პასუხისმგებლიანად მოხმარების თვალსაზრისით საზოგადოებაში ქცევის ცვლილებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირებაზე დადებითად აისახება.
კამპანიის აქტივობები და პროექტში მონაწილე ობიექტები
კამპანია "გახდი ჩემპიონი ენერგოეფექტურობაში" სპორტულ კომპლექსებს ბევრ შესაძლებლობას სთავაზობდა. მათ შორის იყო:
- ტრენინგი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ;
- ევროკავშირში დანერგილი მოხალისეობრივი ინსტრუმენტის Energy Display მეშვეობით შენობის აუდიტი ენერგიისა და წყლის რესურსების გამოყენების გაუმჯობესებაზე;
- მონაწილე კომპანიებთან კონსულტაციით მათთვის ენერგიის დაზოგვის გზამკვლევის შემუშავება და გადაცემა, რომელსაც სამომავლოდ ენერგოეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად და განსახორციელებლად გამოიყენებენ;
- ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული, ცნობიერების ასამაღლებელი, საინფორმაციო მასალების შემუშავება და მონაწილეებისთვის გადაცემა;
- ყველაზე აქტიური მონაწილეებისთვის ენერგომოხმარებაზე კონსულტაციების გაწევა და ენერგოაუდიტის ჩატარება.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, საბოლოოდ, 8 ობიექტი შეირჩა. მონაწილეები საქართველოს 4 რეგიონიდან სპორტის მრავალფეროვან აქტივობებს წარმოადგენდნენ, მათ შორის საცხენოსნო, ფიტნეს, ცურვისა და სხვა მიმართულებებს.
კამპანიის მონაწილეები:
- ლევან კიკილაშვილი და პარტნიორები — ველოტურიზმის კომპლექსი მესტიაში;
- საცხენოსნო ცენტრი "რაიდმედი" — საცხენოსნო სპორტული კლუბი, რომელიც ემსახურება როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს. ასევე, უზრუნველყოფს პარაცხენოსნობის შესწავლას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოს ბავშვთა პარასპორტის ასოციაციის ბენეფიციარები არიან;
- ვაკის საცურაო აუზი — სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს შემდეგ სერვისებს აერთიანებს: საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, მასაჟის პროცედურები, ფინური და თურქული საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, ჯგუფური ვარჯიშების ნაირსახეობა, მაგიდის ჩოგბურთი, წყალში ხტომა, დაივინგი, ღია ვერანდა, კაფე ჯანსაღი და დაბალანსებული მენიუთი;
- Smart Fit — კომპანია სმარტ კაპიტალ ჯგუფის სპორტული დარბაზი. კომპანია რამდენიმე თვეა, აქტიურად ჩაერთო მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა თანამშრომლების კეთილდღეობა, ქალთა გაძლიერება და გარემოზე ზრუნვა. მოწვეულმა ტრენერმა ვიკა კიკაბიძემ თანამშრომლებისთვის შეიმუშავა სპეციალური გამაჯანსაღებელი პროგრამა, რომელიც მოიცავს პილატესს, იოგას, გაწელვებს, კარდიო და ძალოვან ვარჯიშებს;
- Fitness club round1 — ფიტნეს დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, ასევე კრივისა და MMA-ს სექციით;
- ა(ა)იპ სკოლისგარეშე სპორტული დაწესებულება საფეხბურთო სკოლა "ბახტრიონი" — საფეხბურთო სკოლა ახმეტაში;
- გურჯაანის სპორტ კომპლექსი — მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა მორგებული. ესენია: ცურვა, კიკბოქსინგი, ფიტნესი, კალათბურთი და ა.შ;
- ა(ა)იპ იყავი აქტიური, იყავი ჯანმრთელი — ქობულეთში სპორტული აქტივობების ორგანიზატორი.
მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ყველა ობიექტს 23 ოქტომბერს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდა. შეხვედრა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელმა გახსნა. სპორტული ობიექტების თანამშრომლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ ქევხიშვილი შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიების გატარების შესახებ ესაუბრა და საჭირო ინფორმაცია გაუზიარა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ კითხვები დაესვათ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ექსპერტების დეტალური პასუხები მოესმინათ.
კამპანიის გამარჯვებული
საბოლოოდ, კამპანიის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის ჩემპიონად გურჯაანის სპორტული კომპლექსი დასახელდა. პრიზის სახით გამარჯვებულ კომპლექსს აუდიტი ჩაუტარდა და . გაიცა რეკომენდაციები მიეცა სპორტულ კომპლექსში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლადაც.
გამარჯვებული სპორტული ობიექტი ენერგოეფექტურობის კამპანიაში გურჯაანის მერიის მხარდაჭერით ჩაერთო, რომელიც ცდილობს, ამ საკითხის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლოს და შესაბამისი პროექტების განხორციელებას შეუწყოს ხელი. ამისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს. ასევე, გეგმავს და ატარებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილ ღონისძიებებს.
მერიაში ამბობენ, რომ გურჯაანის სპორტული კომპლექსის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი მუნიციპალიტეტსა და, ზოგადად, რეგიონში წყლის სპორტის სახეობების განვითარებაში მისი მნიშვნელოვანი როლია.
კამპანიაში გამარჯვებულ სპორტკომპლექსი, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, გურჯაანის მერიისა და ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით, დეტალურად შეისწავლეს და მისთვის ოპტიმალური რეკომენდაციებიც გასცეს. ობიექტის წარმომადგენლები გაწეული შრომისთვის CENN-ს, ბ-ნ ნოდარ ქევხიშვილსა და ბ-ნ ნიკა ჯავშანაშვილს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი აქვთ.
ექსპერტი ენერგეტიკის დარგში, ნოდარ ქევხიშვილი, ამბობს, რომ პარლამენტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ორი წლის წინ მიიღო და ის მშენებლობის სექტორში ამ ზაფხულს ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით შენობის ასაშენებლად ნებართვის მისაღებად საჭიროა, დამკვეთმა მერიაში შენობის გარე შემომზღუდავ კონსტრუქციებზე მონაცემები წარადგინოს, რადგან ისინი შესაბამის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.
ნოდარ ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი მოთხოვნები შენობის მიერ ენერგომოხმარებას მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. ენერგომოხმარება სწორედ ენერგოაუდიტით ფასდება, რომელიც კამპანიაში გამარჯვებულ გურჯაანის სპორტულ კომპლექსს ჩაუტარდა.
ამგვარად, კამპანია "გახდი ჩემპიონი ენერგოეფექტურობაში" საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მან გარემოზე ზრუნვა, ენერგოეფექტურობა და სპორტი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა, საქართველოში არსებულ სპორტულ ობიექტებს კი საინტერესო და გამოსადეგ აქტივობებში ჩართვის საშუალება მისცა.
კომენტარები