აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე თემატურ პარკში ახლახან ძალიან იშვიათი ალიგატორი გამოიჩეკა, რომელსაც თეთრი სხეული და ღია ფერის თვალები აქვს.

ეს პაწაწინა არსება ჯერ მხოლოდ 98 გრამს იწონის და 49 სანტიმეტრი სიგრძისაა. ის და მისი ძმა, რომელიც ჩვეულებრივი შეფერილობისაა, ქათმის ხორცსა და სპეციალურ საკვებს უკვე იღებენ, რომელიც ალიგატორებისთვისაა განკუთვნილი.

"ისინი ქვეწარმავლების რიგში ძალიან განსაკუთრებულ სახეობას მიეკუთვნებიან, ამიტომ ვუფრთხილდებით და ვიცავთ. ვგეგმავთ, რომ ისინი სტუმრებს მომავალი წლის დასაწყისიდან ვაჩვენოთ, რათა დამთვალიერებლებმა ამ არსებების შესახებ მეტი გაიგონ და ისე შეიყვანონ, როგორც ჩვენ.

ამჟამად ჯერ მათ ჯანმრთელობასა და ზრდას ვაკვირდებით, ასევე მათ უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ", — აცხადებენ თემატური პარკის Gatorland წარმომადგენლები.

ფოტო: Gatorland/Ken Guzzetti

ახალგამოჩეკილი ალიგატორის თეთრი შეფერილობის მიზეზი ლეიკიზმია, იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც პიგმენტაცია მცირდება, მაგრამ სრულად არ იკარგება. ზოგჯერ მას ალბინიზმთან აიგივებენ, მაგრამ, სინამდვილეში, მისგან განსხვავდება: ამ უკანასკნელს მელანინის მაფორმირებელი უჯრედების ნაკლებობა იწვევს, ლეიკიზმი კი გარკვეული პიგმენტაციის სიმცირეა.

ალბინოს ცხოველებს მოვარდისფრო თვალები აქვთ, ლეიკიზმის მქონეებს კი — მოლურჯო ან მუქი, როგორც ზემოხსენებულ ალიგატორს. ბუნებაში თეთრი ალიგატორები არსებობენ, მაგრამ ეს ძალზე იშვიათია. ამის მიზეზი ისაა, რომ პიგმენტაციასთან დაკავშირებული დარღვევები რეცესიულია, ანუ შთამომავლობაში მის გამოსავლენად სათანადო მუტირებული გენი ორივე მშობელში უნდა იყოს. ამასთან, თეთრი შეფერილობა ცხოველებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ვერ იცავს და სიმსივნეების ჩამოყალიბების რისკს ზრდის, განაპირობებს მხედველობის პრობლემებსაც და კამუფლაჟს ართულებს.

მზიან ფლორიდაში მობინადრე მტაცებლისთვის ეს ხელსაყრელი ნამდვილად არაა. ახალგამოჩეკილი ალიგატორი ამ სახეობის ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ მეცხრე წარმომადგენელია, რომელსაც ლეიკიზმი გამოუვლინდა. მის გარდა სამი მსგავსი ქვეწარმავალიც Gatorworld-ში ბინადრობს.

ამგვარი ალიგატორები პირველად 36 წლის წინ, ლუიზიანაში აღმოაჩინეს, ფლორიდაში გამოჩეკილი მდედრი ცხოველი კი მათი პირველი ასეთი შთამომავალია. მისთვის და მისი ძმისთვის ჯერ სახელები არ შეურჩევიათ, თუმცა შესაძლოა, Ice, Noelle, Snow, Pearl, Ivory ან Marshmallow დაარქვან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.