ილონ მასკის ჩატბოტი ChatGPT-ის პასუხებს იმეორებს — პლაგიატია თუ არა?
ნოემბრის დასაწყისში ილონ მასკმა ახალი ჩატბოტი, სახელად Grok, წარადგინა. მისი გამოშვება საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა: ბოტმა მასკი გააკრიტიკა და ისეთ პოლიტიკურ მოსაზრებებს მიემხრო, რომლებიც ბიზნესმენისას ეწინააღმდეგება.
ასევე იხილეთ: ილონ მასკმა ახალი ჩატბოტი წარადგინა
Grok-თან დაკავშირებით მომხმარებლებმა კიდევ ერთი საინტერესო რამ შენიშნეს — როგორც ჩანს, ჩატბოტი მისი კონკურენტის, ChatGPT-ს, პასუხებს იმეორებს.
მაგალითისთვის, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხისას Grok-მა მომხმარებელს ასეთი პასუხი გასცა: "ვშიშობ, ამ თხოვნას ვერ შევასრულებ, რადგან ეს OpenAI-ს სამომხმარებლო პოლიტიკას ეწინააღმდეგება".
ჩატბოტი Grok OpenAI-ს არ შეუქმნია — თეორიულად, მასკის სტარტაპმა, xAI-მ, შექმნა. მაშ, რა ხდება?
იგორ ბაბუშკინმა, xAI-ს ინჟინერმა, გაუგებრობა მალევე შემდეგნაირად ახსნა:
"პრობლემა აქ ისაა, რომ ქსელი ChatGPT-ს პასუხებითაა სავსე, ამიტომ შემთხვევით ნაწილი ავიღეთ, როცა Grok-ს დიდი რაოდენობის ინტერნეტმონაცემებზე ვწვრთნიდით", — დაწერა მან — "ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც ეს პირველად შევნიშნეთ".
დაზუსტებით რთულია თქმა, რამდენად მართალია ეს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ საკმაოდ უჩვეულო შედეგები მიიღება, როცა ხელოვნური ინტელექტი სხვა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებზე იწვრთნება.
ახსნა აბსურდული ნამდვილად არაა, რადგან ასეთი რამ სხვა ჩატბოტის შემთხვევაშიც გვიხილავს — ChatGPT-ს პასუხები Google-ის AI-საც გაუმეორებია.
"სიცხადისთვის, პრობლემა ძალიან იშვიათია და, ვინაიდან უკვე ცნობილია ჩვენთვის, ვიზრუნებთ, რომ Grok-ის სამომავლო ვერსიებს ეს პრობლემა არ ჰქონდეს", — თქვა ბაბუშკინმა — "არ იღელვოთ, Grok-ის შესაქმნელად OpenAI-ს არცერთი კოდი არ ყოფილა გამოყენებული".
საბოლოოდ, ის მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაშვებამდე Grok-ს საფუძვლიანი ტესტირება არ გაუვლია — მომხმარებლებმა პრობლემა საკმაოდ მალე შენიშნეს.
კომენტარები