აი, რა დანიშნულება აქვს საქარე მინებზე გამოსახულ შავ წერტილებს
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ მანქანის საქარე მინაზე შავ წერტილებს კონკრეტული დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა? ეს მართლაც ასეა — კერამიკის საღებავისაგან "დახატულ" ამ წერტილების სარტყელს, ანუ "ფრიტას", სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: სტრუქტურული მხარდაჭერა, მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ესთეტიკური სრულყოფა.
სტრუქტურული მხარდაჭერა
"ფრიტა" ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქარე მინა ადგილზე დარჩეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შავი საღებავისაგან გაკეთებულ პატარა წერტილებს ამის უზრუნველყოფა მართლაც შეუძლია — კერამიკის უხეში საღებავი მეტად წებოვან ზედაპირს ქმნის წებოსთვის, რომელიც ფანჯარასა და ჩარჩოს აკავშირებს ერთმანეთთან; ამას გარდა, იგი წებოს ულტრაიისფერი სხივებისგანაც იცავს — წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მასალა დაიშლებოდა.
უსაფრთხოება
შავი წერტილებისაგან შემდგარი სარტყელი უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც გვეხმარება: ორნამენტი, რომელშიც პატარა წერტილები პანელის ცენტრში იყრის თავს, ანუ წერტილოვანი მატრიცა, ე.წ. ლინზირების პროცესს უშლის ხელს.
ლინზირება ოპტიკური გამრუდებაა და უმეტესად საქარე მინის შექმნისას იჩენს თავს, როცა შუშის მოსაღუნად ფანჯრის პანელებს დაახლოებით 700 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას უქვემდებარებენ.
კიდის გარშემო რომ მხოლოდ სქელი შავი სარტყელი ყოფილიყო, სითბურ ენერგიას იგი ბევრად უფრო სწრაფად შთანთქავდა, ვიდრე გამჭვირვალე შუშა. ტემპერატურის ასეთი სხვაობის შედეგად საქარე მინაზე სწორი ხაზები დაბრეცილი გამოჩნდებოდა ანდა შუშის ცენტრისაკენ გადაიხრებოდა.
ამ პრობლემის გადასაჭრელად სწორედ წერტილოვან მატრიცას იყენებენ. იგი შავიდან გამჭვირვალემდე შედარებით ფაქიზ გადასვლას უზრუნველყოფს, საქარე მინაზე სითბო უფრო თანაბრად ნაწილდება და გამოსახულებაც სწორად ჩანს.
ესთეტიკური დატვირთვა
ამ წერტილებს ესთეტიკის თვალსაზრისითაც აქვს თავისი დანიშნულება. ისინი საქარე მინისა და ჩარჩოს დამაკავშირებელ წებოს ფარავს. შესაბამისად, გადასვლა მეტად ჰარმონიულია.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მანქანებში "მესამე წინაფრის ფრიტაც" გვხვდება. ამ დროს წერტილები ხელს უშლის მზის სხივებს, რომ მზისგან დამცავ წინაფრებს შორის შეაღწიოს და ხილვადობა გაართულოს.
მაშასადამე, შავი წერტილები საავტომობილო ინჟინერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ — მანქანების ამ განუყოფელ კომპონენტს მართლაც აქვს თავისი დანიშნულება.
კომენტარები