ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარეები ვართ. ამიტომაც წავედით მთვარეზე — და აი ახლა, მარსისკენ მიგვიწევს გული.

თუმცა, საეჭვოა, ადამიანის ამბიციები მარსით შემოიფარგლოს, ჩვენ სულ უფრო მეტი გვინდა!

ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ძირითადად სამყაროს შემეცნებით ხდება. და ვინ არიან ის "პრომეთეები" ვინც ასეთ საქმეში წინ მიგვიძღვებიან? დიახ, ესენი არიან მეცნიერები და ამ სტატიაში სწორედ პირველ ასეთ ადამიანებზე ვისაუბრებთ. უფრო კონკრეტულად, ვეცდებით გავარკვიოთ ვინ იყო ისტორიაში პირველი მეცნიერი.

პირველი "მეცნიერი"

როდესაც ფიქრობთ "მსოფლიოს პირველ მეცნიერზე", თქვენ ალბათ, გახსენდებათ, პლატონი, პითაგორა, ან სულაც არისტოტელე?!

იმედები უნდა გაგიცრუოთ, ეს შეიძლება იყოს ვინმე უილიამ უეველი, რომელიც სულ რაღაც 160 წლის წინ მოკვდა.

ფოტო: wikipedia

საქმე იმაშია, რომ სწორედ ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ტერმინი "მეცნიერი" პირველად გამოიყენა. ტერმინი უეველმა 1830-იან წლებში დაამკვიდრა. რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მეცნიერებით იყვნენ დაკავებული, მაგრამ არ იყო ყოვლისმომცევლი ტერმინი, რაც ამ პრაქტიკას მთლიანობაში აღწერდა.

ეს ის პერიოდია, როდესც მეცნიერება სულ უფრო ვითარდებოდა, შესაბამისად, დარგები ერთმანეთს შორდებოდა და იყოფოდა.

"მათემატიკოსი შორდება ქიმიკოსს, ქიმიკოსი ნატურალისტს. ამით შემეცნება იყოფა და კარგავს ერთიანობას", — ფიქრობდნენ მაშინდელი მიმომხილველები.

იმ პერიოდის მკვლევრები ამაზე სერიოზულად ფიქრობდნენ და არ იცოდნენ რა დაეძახათ საკუთარი თავისთვის. ეს პრობლემა სულ უფრო იზრდებოდა, მანამ, სანამ ბრიტანეთის მკვლევრების ასოციაციის შეხვედრაზე ერთ-ერთმა (უილიამ უეველმა) არ გამოაცხადა — შეგიძლიათ თავს მეცნიერები უწოდოთო.

და აი ისიც, შეიძლება გაიფიქროთ, მაგრამ ახალი ტერმინი ყველას არ მოეწონა. ის საკმაოდ სწრაფად მიიღეს შეერთებულ შტატებში. თუმცა, ბევრი ბრიტანელი მკვლევრის აზრით, ის უსიამვნოდ ჟღერდა და ზედმეტად ამერიკული იყო. ჟურნალებში იწერებოდა კრიტიკა და მკვლევრები აუდიტორიას საკუთარ ალტერნატივებს სთავაზობდნენ.

საბოლოოდ, "მეცნიერმა" მაინც გაიმარჯვა. თუმცა, ტერმინის ბოლომდე დამკვიდრებას მაინც გარკვეული დრო დასჭირდა. და აი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "მეცნიერი" ოფიციალურად იქცა იმ ადამიანის მახასიათებლად, რომელიც სამეცნიერო კვლევებშია ჩართული.

ორი სიტყვა თავად დისციპლინაზე

უეველმა პირველმა დაამკვიდრა ტერმინი მეცნიერი და ამიტომ, შეიძლება სწორედ ის იყოს "პირველი მეცნიერი", მაგრამ მაინც. . . ის ნამდვილად არ იყო პირველი მეცნიერი, იმ დისციპლინის პირდაპირი გაგებით, როგორც ახლა ჩვენ ეს გვესმის.

მსჯელობის გასაგრძელებლად, ალბათ, ჯერ უნდა გავიგოთ ზუსტად ის თუ რას ვგულისხმობთ სიტყვა "მეცნიერში" და მეცნიერებაში.

თუ ამ ყველაფერში ვგულისხმობთ უშუალოდ მეცნიერული მეთოდის გამოყენებას: ჰიპოთეზას, ტესტირებას, დასკვნას და ხელახალ ჰიპოთეზას, მაშინ ადამიანების უმეტესობა იტყვის, რომ ასეთი პირველი ადამიანი ფრენსის ბეკონია.

ის მიჩნეულია პირველ ადამიანად, რომელმაც მეცნიერების როგორც დისციპლინის და მეთოდის განსაზღვრა მოახდინა. თავის 1620 წელს გამოცემულ წიგნში (Novum Organum) მან თქვა: "სამყაროს გასაგებად საჭიროა ექსპერიმენტი. ეს არის ყველაფრის საფუძველი, რადგან ჩვენ მხოლოდ წარმოდგენით ვერ შევიმეცნებთ, საჭიროა აღმოჩენა. ეს კი ბუნებაზე დაკვირვებითა და მისი შესწავლით შეიძლება".

ფოტო: Wikipedia

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ბეკონიც არ იყო დღევანდელი გაგებით მეცნიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იყო მკვლევარი. სწორედ მან უარყო იმ დროს დამკვირდებული პრაქტიკა: "წაიკითხე არისტოტელე, შემდეგ ბიბლია და სცადე მათი დაკავშირება".

თუმცა, ისევე, როგორც უეველმა, ბეკონმა, მხოლოდ განაგრძო ის რაც იდეურად უკვე არსებობდა. ფრენსის ბეკონი, ნიკოლას კოპერნიკი, ტიხო ბრაჰე, უილიამ გილბერტი, იოჰანეს კეპლერი, გალილეო გალილეი, რენე დეკარტი და ისააკ ნიუტონი — ამ ადამიანების საქმიანობა და იდეები დომინირებს ტრადიციულ მეცნიერებაში დღესაც — მართალია, რომ ყველა ეს ადამიანი გამოირჩეოდა ექსპერიმენტული კვლევის ადრეული გამოყენებით. მაგალითად, გალილეოს ცნობილი ექსპერიმენტი პიზას დახრილი კოშკიდან, მაგრამ მაინც, ვერცერთს ვუწოდებთ "პირველ მეცნიერს".

მათ ყველას რამდენიმე ასეული წლით დაასწრო ჰასან იბნ ალ-ჰაისამმა. ის დაახლოებით 965 წელს დაიბადა, ახლანდელ ერაყში. ის ისლამური ოქროს ხანის შუა პერიოდში ცხოვრობდა. მან მსოფლიოს ალგებრა (თავდაპირველად ალ-ჯაბრ), ალგორითმები (თავდაპირველად ალ-ხვარიზმი) და სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები მისცა. მას ეკუთნის ისეთი ასტრონომიული მიღწევები, როგორიცაა ანდრომედას გალაქტიკის დაფიქსირება და სხვა.

ფოტო: Unesco

სწორედ ამ სწავლულმა რამდენიმე საუკუნით დაასწრო ისააკ ნიუტონს ოპტიკის სფეროში: მან შეისწავლა სინათლე მის შემადგენელ ფერებად და აღმოაჩინა გარდატეხის კანონები. ასევე პირველად მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ჩვენ არ გამოვყოფთ სინათლის სხივებს თვალებიდან.

ის ასევე წერდა მედიცინაზე, ასტრონომიასა და მათემატიკაზე. გარკვეულ წილად ის შეიძლება ჩაითვალოს პირველ თეორიულ ფიზიკოსადაც. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს პირველ მეცნიერს.

დასაწყისში

და მაინც, ვინ/რა არის მეცნიერი? ის, ვინც მიჰყვება მეცნიერულ მეთოდს? ან, ვინმე, ვინც ფენომენის ზებუნებრივად მიღების ნაცვლად, ცდილობს ის რაციონალურად და ემპირიულად ახსნას?

თუ ამ უკანასკნელ ვარიანტს ავირჩევთ, მაშინ არის ერთი ფიგურა, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს "მსოფლიოში პირველ მეცნიერს" — და მის მოსაძებნად კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა დავბრუნდეთ.

ფოტო: Wikipedia

ეს არის თალეს მილეტელი, რომელიც ძველ საბერძნეთში ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში ცხოვრობდა. სწორედ ის ითვლება პირველ ადამიანად, რომელიც ცნობილია მათემატიკით, ფილოსოფიითა და დედუქციური მსჯელობით. ჰეროდოტეს თქმით, რომელიც თალესის პერიოდიდან ერთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა, მან სწორად იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება და ეს ძვ. წ. 585 წლის 28 მაისს.

რა თქმა უნდა, თალესი ყველაფერში სწორი ვერ იქნებოდა. მას მიაჩნდა, რომ ყველაფერი წყლისგან იყო შექმნილი და სავარაუდოდ, ბრტყელი დედამიწის მომხრეც იყო. და მაინც, თუ ვინმეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელიც მეცნიერების გზას დაადგა, სწორედ თალესი იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.