ChatGPT-ის ხმოვანი პასუხებით ახლა უკვე ყველა ისარგებლებს — მოუსმინეთ ხელოვნურ ინტელექტს
კომპანია OpenAI-ს მიერ შექმნილი ჩატბოტით ChatGPT მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი სარგებლობს. სექტემბერში მას ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც ხმოვან პასუხებს გულისხმობს. ამ დრომდე ის მხოლოდ Plus და Enterprise სერვისების მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ახლა ხელოვნური ინტელექტის მოსმენას უკვე Android და iOS სმარტფონების ყველა მფლობელი შეძლებს.
ეს ფუნქცია მობილურ აპლიკაციაშია ინტეგრირებული და ამით მხოლოდ მისი გამოყენებისას ისარგებლებთ. ChatGPT-ის ხმოვანი პასუხები, აი, ასე ჟღერს:
კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სადემონსტრაციო ვიდეოდან ჩანს, რომ ჩატბოტს მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ეს თითქმის იგივე დროა, რასაც ის ტექსტის დაგენერირებას ანდომებს.
იმისათვის, რომ აღნიშნული ფუნქციით ისარგებლოთ, აპლიკაციაში შესვლისას ყურსასმენების სიმბოლოს უნდა დააჭიროთ, რომელიც ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეშია. ამის შემდეგ აარჩევთ სასურველ ხმას რამდენიმე ვარიანტიდან: Juniper, Ember, Breeze, Cove, და Sky. ხელმისაწვდომია როგორც კაცის, ისე ქალის ხმა, ცვლილებების შეტანა კი ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.
პასუხის დაგენერირებისას ღრუბლის ფორმის მოძრავი სიმბოლო ჩნდება, შემდეგ კი 4 ოვალად გარდაიქმნება, რათა აუდიოს მოერგოს. ხმოვანი ასისტენტი საუბრისას ადამიანის მსგავსად ყოვნდება და მისი მეტყველება "რობოტულად" სულაც არ ჟღერს.
ხმოვანი ფუნქციის გააქტიურების შემდეგ შეგიძლიათ, რომ აპლიკაციიდან გამოხვიდეთ და ის ფონურად მაინც დატოვოთ, რათა რაიმეს კეთების პარალელურად ჩატბოტს კითხვები დაუსვათ. გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში ყოფნის განმავლობაში ის დროგამოშვებით დახმარებას შემოგთავაზებთ.
კომენტარები