"ოდაბადე არ იყიდება" — რას აპროტესტებენ ბალდელები
"ოდაბადე არ იყიდება", — ეს სიტყვები სოფელ ბალდის მოსახლეობის საპროტესტო მოძრაობის ლოზუნგად იქცა. ისინი ზაფხულიდან მოყოლებული ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის იჯარით გადაცემას აპროტესტებენ. "ოდაბადე" მეგრული სიტყვაა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას მშობლიური ადგილის აღსანიშნავად იყენებენ.
ადგილობრივების პროტესტი ახლაც გრძელდება. ჩვენ რამდენიმე მათგანთან ვისაუბრეთ, მათ შორის, ცოტნე თვარაძესთან. ის წარმოადგენს მოძრაობას — ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად.
მან გვითხრა, რომ მოსახლეობამ, კანიონის იჯარით გაცემის შესახებ შემთხვევით გაიგო მაშინ, როდესაც მდინარეზე მისულებს ბანაობის უფლება არ მისცეს. ახლა ისინი ინვესტორს ბალდის კანიონზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.
მოკლედ — რა მოხდა და რას ითხოვს მოსახლეობა
- სახელმწიფომ, ბალდის უნიკალური კანიონი იჯარით გადასცა კერძო ინვესტორს, 40 წლის ვადით, თუმცა, ადგილობრივების თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება პროცესში მათი ჩართულობის გარეშე მიიღო.
- საუბარია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 295 მეტრის სიმაღლეზე არსებულ კანიონზე, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
დეტალები:
- 2022 წლის ოქტომბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ კანიონის კერძო პირისთვის იჯარით გადასაცემად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
- გამარჯვებული 2022 წელს რეგისტრირებული, შ.პ.ს. კანიონი 350 გახდა.
- მას 40-წლიანი სარგებლობით გადაეცა 24 130 კვ.მ მიწის ნაკვეთი იმ პირობით, რომ კომპანიამ, 3 წლის განმავლობაში, კანიონის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყოს: ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო, დაკიდებული ბილიკი და 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქცია.
თაზო რუხაია პროტესტის კიდევ ერთი მონაწილეა. რუხაია ამბობს, რომ კანიონის ტერიტორიის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიაწოდეს და ამას ოფიციალური შეხვედრის სახე არ ჰქონია.
ინვესტორის პოზიცია
On.ge აუქციონში გამარჯვებული კომპანიის, შ.პ.ს კანიონი 350-ის დირექტორს, გიორგი მერკვილაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად, მოსახლეობიდან უკმაყოფილო არავინ იყო, ახლა კი საპროტესტო მოძრაობის ლიდერები სოფლის მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენენ.
- "ხუთი თვე ვმუშაობდი აქ და ერთ თანასოფლელს არ უთქვამს პრეტენზია ჩემდამი, პირიქით, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე იყო", — გვითხრა მერკვილაძემ, — "ისინი, ვინც აპროტესტებენ, არცერთი არ არის ადგილობრივი, ყველას ბებია ჰყავს აქაური, ყველა ქუთაისელები, გორელები და თბილისელები არიან".
მოსახლეობის მოთხოვნები
როცა კანიონის გაიჯარების შესახებ შეიტყვეს, ინფორმირებისთვის ინვესტორსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მშენებლობის დროებით შეჩერება მოითხოვეს.
მათი თქმით, გარკვეული დაპირებების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირებისგან შესაბამისი შედეგი არ მიუღიათ.
ამიტომ, 23 ოქტომბერიდან პროტესტის სხვაგვარ ფორმაზე გადავიდნენ — კარავი გაშალეს იმ ადგილთან ახლოს, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. თაზო ამბობს, რომ საჭიროა, მუდმივად ადგილზე იყვნენ, რომ "აკონტროლონ რა ხდება".
ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს ის ფაქტიც, რომ არ ჩატარებულა კვლევა, თუ როგორ აისახება მიმდინარე მშენებლობა გარემოზე.
თაზო გვეუბნება იმასაც, რომ ჩარევით, ბუნება მკვეთრად იცვლის სახეს: "გვიწევს, ჩვენი თვალებით ვუყუროთ, როგორ ნადგურდება მთლიანი ხეობა, რომელიც ულამაზესია და უნიკალურია".
სასამართლო სარჩელი
მოძრაობამ ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად, სასამართლოში შეიტანა სარჩელი. მოძრაობას იურიდიულ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი (EMC) უწევს.
იურისტის, სალომე შუბლაძის განმარტებით,
- საქართველოს კანონმდებლობით, გარემოსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის დროულად ინფორმირება და პროცესში მათი ჩართვა.
- ამ პროცედურული დარღვევის გარდა, პრობლემურია იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსიც.
- "ბალდის კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პირველადი მიზანი დაცული ტერიტორიის ხელუხლებლად შენარჩუნება უნდა იყოს", — აღნიშნავს იურისტი.
ბოლო ცნობები:
- 2 ნოემბერს, ფეისბუქ გვერდზე, ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად, დაწერეს, რომ მოძრაობის წევრებს კანიონი 350-ის დირექტორი და თანამშრომლები თავს დაესხნენ.
- მათი თქმით, პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
- მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ინვესტორს სოფელში აღარ შეუშვებდნენ და გზა გადაკეტეს.
- ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები