ელიზაბეტთალი - მეცხრამეტე საუკუნის გერმანული სოფელი თეთრიწყაროში
2017 წელს საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლებიდან 200 წელი გავიდა. მართალია, ისინი ამჟამად აქ არ ცხოვრობენ, თუმცა შემორჩენილია მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი კვალი. ეს არის სოფელი ელიზაბეტთალი თეთრიწყაროს რაიონში.
რუსეთის მეფის, ალექსანდრე პირველის 1804 წლის მანიფესტის მიხედვით, დაპყრობილი ტერიტორიების ასათვისებლად უცხოელებს იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ ეძლეოდათ მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთები სამუდამო მემკვიდრეობით მფლობელობაში თუმცა - არა პირადი საკუთრებაში. მათ უნდა სცოდნოდათ მიწის დამუშავება, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა ან რაიმე სხვა ხელობა. უნდა ჰყოლოდათ ოჯახი, მათ ასევე გარანტირებული ჰქონდათ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება. ისინი გათავისუფლებული იყვნენ სამხედრო ყოველგვარი გადასახადისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან.
ალექსანდრე პირველის მეუღლის პატივსაცემად, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთს, სადაც გერმანელების 1 400 ოჯახი ჩამოასახლეს, ელიზაბეტთალი ეწოდა. სოფელი გამორჩეულია სახლებით, რომელებიც თეთრი ქვითა და ცემენტით, ლურსმნის გარეშეა აგებული. გასაოცარია მუხის აივნების გამძლეობა. გერმანელების მიერ აშენებულ ყველა სახლს აქვს სარდაფი, მარანი და სათავსოები.
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას, მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, აქ მცხოვრები გერმანელებიც უარყოფითად შეხვდნენ. დროთა განმავლობაში კოლონიების კოლექტივიზაციასთან ერთად, კოლონისტების მიერ შექმნილი ერთობებიც დაიშალა და თითქმის 125-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1941 წელს, გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლების შემდეგ სოფელში რაჭველები ჩამოასახლეს და მხოლოდ ის გერმანელები დატოვეს, რომლებიც ქართველებზე იყვნენ დაქორწინებულნი.
სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს უნიკალური მარანი. გერმანული არქიტექტურით აგებულ მარანში ქართული ვაზის ღვინო მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიით მზადდებოდა. შენობა სამსართულიანია, პირველი სართული სარდაფის ტიპისაა, რომელიც ერთმანეთში გამავალი ხუთი გვირაბითაა გაერთიანებული. მარნის გარშემო ვენახი იყო გაშენებული, რომელიც „შალას“ სახელწოდებითაა ცნობილი. ასურეთული "შალა" ძველი ქართული ვაზის ჯიშია. ისტორიის თანახმად, ის გერმანელმა გლეხმა შალმამ იპოვა ტყეში, სოფელში ჩამოიტანა და ვაზის სახელიც აქედან მოდის. დღეს, ეს მარანი უფუნქციოა.
სოფელში იყო გოთიკურ სტილში აგებული ლუთერული ეკლესია, რომლის გუმბათი კომუნისტებმა მოანგრიეს. გერმანელების გადასახლების შემდეგ ეკლესია კულტურის სახლად გადაკეთდა.
ფოტო: მაკო ჯაბუა / On.ge
ფოტო: მაკო ჯაბუა / On.ge
გერმანელები სოფელზე ზრუნავდნენ. შედეგად, ელიზაბეტთალი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფელი იყო.
კომენტარები