რა მანძილით არის ვარსკვლავები დაშორებული ერთმანეთისგან?
ღამით ცაში ახედვისას უამრავ მანათობელ წერტილს ვხედავთ მიმობნეულს. როგორ ახლოსაც არ უნდა ჩანდეს ვარსკვლავები ერთმანეთთან, რეალურად ამ ციურ სხეულებს შორის საკმაოდ დიდი მანძილია. მაშ, რამდენად შორსაა ისინი ერთმანეთისგან?
ცნობილია, რომ ირმის ნახტომში ორ ვარსკვლავს შორის საშუალო მანძილი 5 სინათლის წელიწადია, ანუ 47 ტრილიონი კილომეტრი.
ადამიანის თვალს ამ მანძილის აღქმა არ შეუძლია; ღამით ცის ყურებისას მოელვარე ვარსკვლავების ორგანზომილებიან გამოსახულებას ვხედავთ. ის, რასაც ერთ ვარსკვლავად აღვიქვამთ, შესაძლოა, რეალურად ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ვარსკვლავი იყოს, ხოლო თანავარსკვლავედის თითოეული წევრი კი — ერთმანეთისგან იმაზე ბევრად დაშორებული, ვიდრე წარმოგვიდგენია.
"თუკი ცაში ორ ვარსკვლავს ხედავთ გვერდიგვერდ, ეს 2D პროექციაა", — თქვა ანა როსენმა, ასტროფიზიკოსმა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა — "ვერ გაიგებ, რეალურად ერთმანეთის გვერდიგვერდ არის თუ არა".
უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავებს შორის მანძილი მნიშვნელოვნად განსხვავდება. მზე მისი უახლოესი ვარსკვლავისგან, პროქსიმა კენტავრისგან, 4.25 სინათლის წელიწადითაა (40 ტრილიონი კილომეტრი) დაშორებული. მეორე მხრივ, პროქსიმა კენტავრი სამვარსკვლავიან სისტემაში ერთ-ერთია და უახლოეს მეზობლებს მხოლოდ 0.2 სინათლის წელიწადი აშორებს.
კენტავრის სისტემის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გალაქტიკაში ვარსკვლავებს შორის საშუალო მანძილი მათ განაწილებაზე (რომელიც დროთა განმავლობაში ასევე იცვლება) სრულ ინფორმაციას არ იძლევა.
საგულისხმოა ისიც, რომ ვარსკვლავები მოძრაობს, თუმცა სიშორის გამო ამისათვის თვალის მიდევნება არ შეგვიძლია. მეორე მხრივ, ცვლილებას დავინახავდით, საკმარისად დიდხანს რომ გვეცხოვრა — ათასწლეულების დაშორებით რომ დავკვირვებოდით, შევნიშნავდით, რომ ნელ-ნელა თანავარსკვლავედების ფორმა იცვლება.
ამჟამად მიჩნეულია, რომ ვარსკვლავების უმეტესობა კლასტერებად დაყოფილ გარემოში იბადება და ერთმანეთთან ახლო-ახლოსაა. დროთა განმავლობაში გარე გავლენების, თუნდაც გალაქტიკის გრავიტაციული ველის, შედეგად ისინი შეიძლება ნელ-ნელა გაიფანტოს.
ირმის ნახტომის ძლიერი გრავიტაცია ვარსკვლავებს ხელს უშლის, რომ ზედმეტად არ დაშორდეს ერთმანეთს. ეს სხვა გალაქტიკებშიც ხშირად ხდება ასე. ირმის ნახტომში ვარსკვლავების უმრავლესობა ერთმანეთისგან 5 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და ეს მანძილი სხვა გალაქტიკების შემთხვევაშიც მსგავსია.
აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ვარსკვლავი მშობლიურ გალაქტიკას გამოეყოფა და მეზობელ ვარსკვლავებსაც შორდება.
ვარსკვლავი, რომლებიც საკმარისად მაღალ სიჩქარეს იძენს, გალაქტიკის გრავიტაციას უსხლტება ხელიდან. ირმის ნახტომის შემთხვევაში ეს გალაქტიკის ცენტრში არსებული უზარმაზარი შავი ხვრელის, Sagittarius A*-ის, მეშვეობით ხდება — თუკი ვარსკვლავი მას ძალიან ახლოს ჩაუვლის, იგი არ შთაინთქმება, არამედ სისწრაფე ემატება.
ვარსკვლავი, რომლებიც ამ ან სხვა გზით აჩქარდება, ნელ-ნელა გალაქტიკას ტოვებს. ამის შემდეგ, შესაძლოა, იგი მარტოდმარტო გადაადგილდეს გალაქტიკებს შორის არსებულ უზარმაზარ სიცარიელეში, ეს კი, თავის მხრივ, მილიონობით სინათლის წელიწადზე შეიძლება იყოს გადაჭიმული.
კომენტარები