საფრანგეთში iPhone 12-ის გაყიდვა შეწყდა — მიზეზად დასაშვებზე მაღალ გამოსხივებას ასახელებენ
ეს ყველაფერი შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, თუმცა საფრთხე არც ისეთი სერიოზულია.
კომპანია Apple-ის მხრიდან iPhone 15-ის გამოშვების პარალელურად საფრანგეთმა iPhone 12-ის გაყიდვა შეწყვიტა.
ასევე იხილეთ: Apple-მა iPhone 15 წარადგინა — რით განსხვავდება ის წინა მოდელებისგან
სამშაბათს საფრანგეთის რადიაციის მაკონტროლებელმა ორგანო ANFR-მა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში iPhone-12-ის გაყიდვა დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება SAR ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღეს.
მათ შეამოწმეს, რამდენ რადიაციას გამოყოფს მობილური, როცა სხეულთან ახლოსაა (მაგალითად, ჯიბეში ან ხელში), რადიაციის დონე კი დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა. მოდელის გაყიდვა მანამ არ გაგრძელდება, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.
Reuters-თან საუბრისას Apple-მა მტკიცებები უარყო და განაცხადა, რომ რადიაციის გლობალური სტანდარტებით iPhone 12-ის უსაფრთხოება რამდენიმე საერთაშორისო უწყებამ დაადასტურა; წარდგენილი ჰქონდათ Apple-ისა და სხვა ლაბორატორიების დასკვნებიც, რომლებიც ფრანგული სააგენტოს წესებთან მობილურის შესაბამისობას ადასტურებდა.
Apple-მა ისიც განაცხადა, რომ ANFR-ის მიგნებებს გადაამოწმებენ და პრობლემის გადაჭრას სააგენტოსთან ერთად შეეცდებიან.
ასევე იხილეთ: რომელ სმარტფონებს აქვს ყველაზე მეტი და ნაკლები გამოსხივება? — იხილეთ ჩამონათვალი
ეს ყველაფერი შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, თუმცა საფრთხე არც ისეთი სერიოზულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მობილური ტელეფონების მიერ წარმოქმნილ ელექტრომაგნიტურ ველებზე არაერთი კვლევა ჩაატარა. ამ დროს არ გამოკვეთილა ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა, რომელსაც მობილური ტელეფონის გამოყენება იწვევს.
საგულისხმოა ისიც, რომ, შესაძლოა, გამოსხივების დონე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებითაც შემცირდეს. მაშასადამე, iPhone 12-ში ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი რომც იყოს, სავარაუდოდ, ეს მარტივად მოგვარდება.
სხვათა შორის, iPhone 15-ის გამოშვების შემდეგ iPhone 12 პირდაპირ Apple Store-იდან აღარ იყიდება. თავისთავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაყიდვა შეჩერებულია; მისი შეძენა მესამე მხარის გამყიდველებისგან კვლავ შესაძლებელია.
თუკი Apple-ის მოწყობილობებში რადიაციის სიხშირეებზე მეტის გაგება გსურთ, კომპანიას თავის ვებსაიტზე სპეციალური სია აქვს გამოქვეყნებული, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.
კომენტარები