აზერბაიჯანული მოძრაობა დემოკრატია 1918 იხურება და მიზეზად მთავრობის ზეწოლას ასახელებს
აზერბაიჯანულმა მოძრაობა დემოკრატია 1918-მა განაცხადა, რომ საქმიანობას წყვეტს. მიზეზად კი მათი წევრების მიმართ მთავრობის მუდმივი ზეწოლა და რესურსების ნაკლებობა დაასახელა.
მოძრაობის თქმით, საბჭომ გადაწყვეტილებას კენჭი 10 სექტემბერს უყარა. წევრები ფიქრობენ, რომ ანტიდემოკრატიული სისტემა ქვეყანაში პოლიტიკურ აქტივობას შეუძლებელს ხდის.
"შეზღუდული რესურსები არ გვაძლევს საშუალებას, რომ პოზიტიური ცვლილებები განვახორციელოთ", — ნათქვამია განცხადებაში, — "ამ მიზეზების გამო, ჩვენი პოლიტიკური მიზნები, პროცესები და რაიმე ტიპის ორგანიზაციული საქმიანობა აზრს კარგავს".
"გვჯერა, რომ როცა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები მომწიფდება, ორგანიზაციები, რომელთაც რეალური ცვლილების განხორციელება შეეძლებათ, კვლავ გაჩნდებიან", — ნათქვამია განცხადების დასკვნით ნაწილში.
მოძრაობა 2013 წელს პოლიტიკურმა აქტივისტმა აჰმად მამადლიმ დააარსა. ორგანიზაცია უმეტესად პოლიტიკურ, სტუდენტურ და მშრომელთა უფლებების დაცვის აქტივიზმში იყო ჩართული.
მამადლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში აქტივობა "უშედეგოდ" მიაჩნია.
მოძრაობის მოწინავე წევრები რამდენჯერმე დააკავეს, რაც, მათი აზრით, პოლიტიკური საქმიანობით არის განპირობებული. აგვისტოში დემოკრატია 1918-ის წევრები აფიადინ მამადოვი, აიხან ისრაფილოვი და ელვინ მუსტაფაევი კურიერების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობის მიღების გამო ადმინისტრაციული მუხლით დააპატიმრეს.
მამედლი ამბობს, რომ მოძრაობა საქმიანობას ნაწილობრივ გააგრძელებს დემოკრატია 1918-ის ეგიდით შექმნილი საჯარო ინსტიტუტების მეშვეობით, როგორებიცაა სტუდენტური მაგიდა და მუშათა მაგიდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები