Google Chrome-ის დიზაინი იცვლება — როგორი იქნება ბრაუზერი
15 წლის იუბილეს მოახლოებასთან ერთად Google Chrome-ის დიზაინი ახლდება. ცვლილება, კერძოდ, დესკტოპის ვერსიას შეეხება.
მომდევნო კვირებში ბრაუზერი Material You-ს დიზაინებით განახლდება. ხატულები მეტად მკაფიო გახდება, ფერის ახალი პალიტრები კი საშუალებას მოგვცემს, ჩანართები და ინსტრუმენტების პანელი უკეთ შევუხამოთ ერთმანეთს. ინფორმაციას პარიზა ტაბრიზი, Google-ის ვიცე-პრეზიდენტი, ავრცელებს ბლოგპოსტით.
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ისაა, რომ ობიექტები ოდნავ უფრო მომრგვალებული ჩანს, მათ შორის კუთხეებიც ფანჯრის კიდეებში.
საგულისხმოა, რომ, თავად Chrome ბრაუზერის გარდა, ახლდება Chrome Web Store-ის ინტერფეისიც. ამ უკანასკნელში Material You-ს დიზაინის ელემენტებს ვიხილავთ. ცვლილებების წინასწარ დათვალიერება ფართო საზოგადოებას უკვე შეუძლია.
ამასთან ერთად, Google-ს ცვლილებები Chrome-ის Safe Browsing ინსტრუმენტებშიც შეაქვს, რათა ბრაუზერით სარგებლობა ჩვენთვის მეტად უსაფრთხო გახდეს. როცა პოტენციურად სახიფათო საიტზე ხართ შესული, ამჟამად Google მას ადგილობრივად შენახულ სიას ადარებს შესამოწმებლად. აღნიშნული ნუსხა 30-60 წუთში ერთხელ ახლდება.
მომდევნო კვირებში საიტები უკვე Google-ისავე სიაზე შემოწმდება, რომელშიც სახიფათო საიტებია შეყვანილი; ეს რეალურ დროში მოხდება. ეს სულ რამდენიმე წუთის წინ შექმნილი მავნე საიტებისაგან დაგვიცავს.
"მოლოდინი გვაქვს, რომ იდენტიფიკაციასა და პრევენციას შორის დროის შემცირებით მავნე პროგრამებისა და ფიშინგისგან დაცვა 25%-ით გაუმჯობესდება", — აცხადებს ტაბრიზი.
კომენტარები