რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს — ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე თემატურ ნარკვევს ავრცელებს. რუსეთს გადაწყვეტილებებს და შეთანხმების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ის სურსათის იარაღად განზრახ გამოყენების ცინიკურ პოლიტიკად აფასებს და აცხადებს, რომ აგრესორმა სურსათის გლობალურ მიწოდებას საფრთხე შეუქმნა.
გთავაზობთ წერილს სრულად:
"17 ივლისს, სტამბოლში ხელმოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა არ განეახლებინა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა (BSGI), რომელიც უკრაინას მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. როგორც ხაზგასმით აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ეს ინიციატივა იყო "იმედის შუქურა მსოფლიოში, რომელსაც ეს უკიდურესად სჭირდება".
უკრაინა მსოფლიოში სურსათის უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია და სანამ რუსეთი მის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა, მსოფლიოში ქერის მეხუთედი, ასევე სიმინდის მეექვსედი და ხორბლის მერვედი ნაწილი უკრაინიდან მოდიოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარცვლეულის მინდვრებს და ელევატორებს თავს დაესხა და უკრაინის პორტები გადაკეტა, მსოფლიოში სურსათის ფასები რეკორდულ დონემდე აიწია და ბევრი იმპორტიორი ქვეყნისთვის საჭირო სურსათის მიწოდებას საფრთხე შეექმნა. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტის აღდგენას და სურსათზე გლობალური ფასების შემცირებას ისახავდა მიზნად.
მრავალი გამოწვევის მიუხედავად, მან თავის მთავარ მიზანს მიაღწია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 45 სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის 33 მილიონი ტონა მარცვლეულისა და სურსათის ექსპორტმა უკრაინიდან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათზე გლობალური ფასების დაახლოებით 25%-ით შემცირებაში იმ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელზეც ფასები რუსეთის თავდასხმის შემდეგ მალევე ავარდა. როგორც აჩვენებს ღიად ხელმისაწვდომი მონაცემები ვაჭრობის შესახებ, მარცვლეულის ნახევარზე მეტი, მათ შორის ხორბლის ორი მესამედი, განვითარებად ქვეყნებში იგზავნებოდა.
გარდა ამისა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის (WFP) მარცვლეულის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. 2023 წელს სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველ ქვეყნებში (როგორიცაა ავღანეთი, ჯიბუტი, ეთიოპია, კენია, სომალი, სუდანი და იემენი) ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად შეძენილი ხორბლის 80% უკრაინის მიერ იყო მიწოდებული. შავი ზღვის მარშრუტის გარეშე, მსოფლიო სასურსათო პროგრამას მოუწევს საჭირო მარცვლეულის შეძენა სხვაგან უფრო მაღალი ფასებით და მიწოდების უფრო გრძელი ვადით, მაშინ, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სასურსათო კრიზისის წინაშეა.
რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო გაეროს გენერალური მდივნის განახლებული წინადადებების მიუხედავად, რომელიც პრობლემების გადასაწყვეტად მუშაობას ითვალისწინებდა. სხვებზე გადასაბრალებლად, რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი სოფლის მეურნეობის ექსპორტი არ იყო საკმარისად გამარტივებული. ეს არ დასტურდება ღიად ხელმისაწვდომი მონაცემებით ვაჭრობის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთის სოფლის მეურნეობის ექსპორტი ძალიან წარმატებულია. რუსეთმა ასევე მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო სასუქების ექსპორტთან დაკავშირებით გაეროსთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის პარალელურად გაფორმდა. გაერო დაუღალავად მუშაობდა მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოების დასაზუსტებლად და კერძო სექტორთან თანამშრომლობდა საბანკო და სადაზღვევო სექტორების სფეროებში შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ეს ძალისხმევა ევროკავშირთან და მის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.
რუსეთის მიერ გავრცელებული სიცრუის საპირისპიროდ, ევროკავშირმა ნამდვილად მოახდინა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენს სანქციებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოეხდინა. არ არსებობს სანქციები რუსეთის სურსათის და სასუქების ექსპორტზე მესამე ქვეყნებში და ევროკავშირმა ეკონომიკურ ოპერატორებს ვრცელი მითითებები მიაწოდა და განმარტა, რომ ეს მიწოდება მესამე ქვეყნებში დაშვებულია. ასევე შესაბამისი გადახდების დასაშვებად გაეროსთან ვიმუშავეთ.
ამ კარგად ცნობილი და გადამოწმებული ფაქტების მიუხედავად, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლა გადაწყვიტა, სურსათი იარაღად გამოიყენა და საფრთხე სურსათის გლობალურ მიწოდებას შეუქმნა. ინიციატივიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთმა ყოველდღიური მიზანმიმართული თავდასხმებით ასევე უკრაინის მარცვლეულის შესანახი ობიექტების და პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო, არა მხოლოდ თავად შავ ზღვაში, არამედ მდინარე დუნაიზეც. საპასუხოდ, ხორბლისა და სიმინდის საბითუმო ფასები მყისიერად მკვეთრად გაიზარდა და ეს იყო მაქსიმალური ზრდა, რომელიც რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ მოხდა. სურსათის ფასების გაზრდილი მერყეობა, სავარაუდოდ, მანამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ დაასრულებს სურსათის გლობალურ მიწოდებაზე მიზანმიმართულ ზეწოლას, რაც ცხოვრების გაძვირების კრიზისს მსოფლიოში კიდევ უფრო ამძაფრებს და ყველაზე მწვავედ აისახება ადამიანებზე ვინც სასურსათოდ დაუცველ, იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში ცხოვრობს. ეს მიუღებელია და მტკიცედ დაგმობილი უნდა იყოს.
როდესაც მსოფლიოში შეფერხებულია მიწოდება და ფასები იზრდება, რუსეთი მიმართავს მოწყვლად ქვეყნებს, განსაკუთრებით აფრიკაში, ორმხრივი შეთავაზებებით მარცვლეულის შეზღუდული მიწოდების შესახებ და თავისივე შექმნილი პრობლემის მოგვარების შთაბეჭდილებას ქმნის. ეს სურსათის იარაღად განზრახ გამოყენების ცინიკური პოლიტიკაა.
რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს. პირველი, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისთვის გაეროსა და თურქეთის დაუღალავი ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მეორე, კვლავ გავაძლიერებთ ჩვენს "სოლიდარობის ხაზებს", როგორც ალტერნატიულ მარშრუტებს ევროკავშირის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად. აქამდე ამ ხაზებმა უკრაინის 41 მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალება მოგვცა და მათ რაც შეგვიძლია მეტად ვზრდით, რათა რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შედეგები შევამსუბუქოთ. მესამე, ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს და ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერა გავუზარდეთ, რისთვისაც 2024 წლამდე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 18 მილიარდი ევრო გამოვყავით.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, როგორც ეს აფრიკის კავშირმა უკვე გააკეთა და ასევე შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ. მთელ მსოფლიოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მართვის საერთო ინტერესი გააჩნია. ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს".
კომენტარები