ლოხ-ნესის ურჩხული გიგანტური გველთევზა იყო? — ახალი კვლევა გავრცელებულ ჰიპოთეზას უარყოფს
ლოხ-ნესის ურჩხული პირველად გამოჩნდა შოტლანდიის მითოლოგიაში 1930-იან წლებში, როდესაც ტბის ვიზიტორებმა დაიწყეს ცნობების გავრცელება წყალში რაღაც უჩვეულოს შემჩნევის შესახებ. მახასიათებლები ჰიპოთეზური ურჩხულისა, რომელსაც შემდგომში ნესი დაარქვეს, პლეზიოზავრის, ანუ ზღვის გველის მსგავსი იყო.
ლოხ-ნესის ურჩხულის შესახებ, ალბათ, გსმენიათ. მასზე მრავალი მითი თუ ჰიპოთეზა არსებობს, მათ შორის, ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო "გიგანტური გველთევზას ჰიპოთეზა", რომელიც ახალ კვლევაში მონაცემთა მეცნიერმა, ფლოი ფოქსონმა, Pinney Associates-დან და Folk Zoology Society-დან, უარყო.
"პოპულარული წარმოდგენების საპირისპიროდ, ფოლკლორსა და ზოოლოგიას შორის კვეთა ექვემდებარება მეცნიერულ ანალიზს და აქვს პოტენციალი, მოგვცეს ღირებული შეხედულებები ანთრო-ზოოლოგიურ ფენომენებზე", — აღნიშნა ფოქსონმა.
ლოხ-ნესის ურჩხულის ისტორია
ლოხ-ნესის ურჩხული პირველად გამოჩნდა შოტლანდიის მითოლოგიაში 1930-იან წლებში, როდესაც ტბის ვიზიტორებმა დაიწყეს ცნობების გავრცელება წყალში რაღაც უჩვეულოს შემჩნევის შესახებ. მახასიათებლები ჰიპოთეზური ურჩხულისა, რომელსაც შემდგომში ნესი დაარქვეს, პლეზიოზავრის, ანუ ზღვის გველის მსგავსი იყო.
ცნობილ და ბევრი მითქმა-მოთქმის გამომწვევ ფოტოზე, რომელიც 1934 წელს ექიმმა, რობერტ კენეტ უილსონმა, მიჰყიდა Daily Mail-ს, ასახულია არსება გრძელი, მოხდენილი, გედის მსგავსი კისრით, რომელიც ძალიან ჰგავს პლეზიოზავრს.
გიგანტური გველთევზა?
გენეტიკოსმა, ნილ გემელმა, ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტიდან, 2018 წელს წარმოგვიდგინა ჭეშმარიტების ერთხელ და სამუდამოდ გამოვლენის საერთაშორისო მცდელობა. მან და მისმა გუნდმა ინტენსიურად გამოიკვლიეს ლოხ-ნესის წყლები და ამოიღეს გარემოს დნმ, რათა შეექმნათ მონაცემთა ბაზა ტბაში მცხოვრები ყველა ცოცხალი სახეობის შესახებ.
მათ ვერ იპოვეს ზღვის გველის ან პლეზიოზავრის დნმ-ის მტკიცებულება, თუმცა აღმოაჩინეს ევროპული გველთევზების (Anguilla anguilla) დნმ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან გველთევზები ლოხ-ნესის ტბის ცნობილი მკვიდრები არიან.
შედეგად, გემელმა და მისმა გუნდმა დაასკვნეს, რომ თუკი ვინმემ ტბაში რაღაც გრძელი და უჩვეულო დაინახა, ეს, ალბათ, უბრალოდ, ძალიან დიდი გველთევზა იყო.
ვითომ?
სწორედ ამ იდეის გამოძიება დაიწყო ფოქსონმა. მან გააანალიზა გველთევზების დაჭერის მონაცემები ლოხ-ნესის ტბაში და ევროპის წყლის სხვა ობიექტებზე, რათა შეეფასებინა განსაკუთრებით დიდი გველთევზას აღმოჩენის ალბათობა.
ფოქსონის ანალიზში, რომელიც მოიცავდა 20 000-ზე მეტ გველთევზას, ევროპული გველთევზასთვის დაფიქსირებული მაქსიმალური სიგრძე იყო 0,932 მეტრი. ევროპული გველთევზას ფიზიოლოგიურად შესაძლო მაქსიმალური სიგრძე კი შეფასდა 1,3 მეტრით.
ფოტოზე აღბეჭდილი ნესის ზედა ნაწილის ზომა 2,4 მეტრია, ხოლო, ზოგადად, ურჩხულის ზომა, შეფასების მიხედვით, დაახლოებით, 6.1 მეტრი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, ამ ზომის გველთევზას ვერსად გადავაწყდებით.
აქედან გამომდინარე, ლოხ-ნესის ჰიპოთეზური ურჩხულის "ვინაობა", როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უცნობია.
კომენტარები