ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ ზაფხულში წაკითხული წიგნები განსაკუთრებულ ემოციებს ტოვებენ — იმდენად შთამბეჭდავს, რომ მათი გახსენება წლების შემდეგაც ღიმილს გვგვრის სახეზე. თუმცა, ყველაფერი არდადეგებისა და შვებულებების ქონამდე ბევრად ადრე იწყება. მაშინ, როცა სამყაროს შეცნობას ვიწყებთ და ამ გზაზე წიგნებსაც ვაწყდებით.

მნიშვნელოვანია, ეს პირველი გადაკვეთა საინტერესო და სახალისო იყოს. ამიტომ ამ სტატიაში იმ სერიებსა და წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც ყველაზე პატარებს დაუვიწყარ ზაფხულს გაატარებინებს.

1. საჩხარუნო წიგნები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ეს წიგნები ყველაზე პატარებისთვისაა განკუთვნილი — ჩვილებისთვის 3 თვის ასაკიდან. სწორედ ამიტომ, ბავშვებისთვის წიგნების სამყაროსთან პირველი შეხება რომ უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს, ეს გამოცემები ითავსებს საჩხარუნოსა და ღრძილების მასაჟორის ფუნქციასაც.

საჩხარუნო წიგნების სერია აქამდე მოიცავდა ამბებს პაწაწინა ფისოსა და ერთი ციდა ბეკეკაზე. ახლა კი პატარებს უკვე ახალი თავგადასავლებიც ელოდებათ ცეროდენა პანდასა და ციცქნა პინგვინთან ერთად. ამ წიგნების დახმარებით ბავშვები სამყაროს შეცნობის პირველ ნაბიჯებს გადადგამენ, შეხვდებიან ცხოველებს და შეისწავლიან ფერებს.

2. მეტყველების ბარათები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ეს გამოცემები სულაკაურის გამომცემლობის სიახლეა და შედარებით მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი — ბავშვებისთვის 12 თვიდან. მათი საშუალებით პატარები სამეტყველო უნარ-ჩვევებს განივითარებენ. თემატურად დაწყობილი ბარათების დახმარებით, შეძლებთ, ბავშვი მარტივი თამაშებით გაართოთ და, მეტყველებასთან ერთად, კონცენტრირებისა და მეხსიერების განვითარებაშიც შეუწყოთ ხელი.

ამ დროისთვის სერიაში სამი დასახელებაა გამოცემული: ტრანსპორტი, ემოციები და სახლში. თითოეულ მათგანს მოჰყვება ინსტრუქციაც, რომელიც რესურსის უფრო ნაყოფიერად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

3. პატარა ძილგუდა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

როცა პატარები წიგნების გვერდებზე უკვე ცხოველებსაც ამოიცნობენ და საბაზისო სამეტყველო უნარებსაც განივითარებენ, პირველი ამბების ჯერიც დადგება. სულაკაურის გამომცემლობის სერია, რომელსაც სწორედ ასე ჰქვია — პირველი ამბები — 1 წლიდან ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სერია პატარა მკითხველებს დაარწმუნებს, რომ წიგნების დახმარებით ყველაზე ჯადოსნურ მოგზაურობაში შეიძლება აღმოჩნდნენ.

პირველი ამბების ერთ-ერთი გამორჩეული გმირი პატარა ძილგუდაა. სერიაში მის სამ ამბავს წაიკითხავთ: პატარა ძილგუდას თურმე ხან დაძინება უჭირს, ხანაც მუცლის ტკივილი აწუხებს. თუმცა, წიგნებში მის საუკეთესო მეგობარსაც გავიცნობთ; მართალია, ის სულ არაფრით ჰგავს ძილგუდას, მაგრამ ნამდვილად იცის, როგორ დაეხმაროს მეგობარს.

4. პი და პო

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

პირველი ამბების სერიაში ასევე შეხვდებით პისა და პოს. კამილა რაიდისა და აქსელ შეფლერის შექმნილი ეს გმირები განუყრელი მეგობრები არიან. ფერადი ილუსტრაციებით მოყოლილი სახალისო ამბები, სადაც ხან დაბადების დღეზე დგება ყველაფერი თავდაყირა და ხანაც სკუტერით დაქრიან პი და პო, პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა. დანარჩენი კი — შეცდომის გამოსწორება და ბოდიშის მოხდა — ყოველთვის შეიძლება.

პისა და პოს შესახებ ამბები ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ვინ იცის, იქნებ წიგნის მაღაზიების დახლებზე მათი ახალი ისტორიებიც გამოჩნდეს მალე...

5. ცეროდენები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ესეც მორიგი სახალისო ისტორიები პირველი ამბების სერიიდან. როგორ შეიძლება სწავლა ან საშინაო საქმეების კეთება სახალისო იყოს? სულ თავისუფლად თურმე! ამაში პატარებს სწორედ რომ ცეროდენების თავგადასავლები დაარწმუნებს. ცეროდენების ფერმაში ხომ სულ ჟრიამულია — მხიარული პატარები ბეჯითად ფუსფუსებენ და სახლს უშენებენ ჩიტებს, რთავენ ოთახს, რგავენ მცენარეებს და ხალისით სწავლობენ ახალ რაღაცებს.

1 წლიდან 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის განკუთვნილი ეს წიგნები — ისწავლე ცეროდენებთან ერთად და იმხიარულე ცეროდენებთან ერთად — რა თქმა უნდა, უხვადაა გაფორმებული ფერადი ილუსტრაციებით. მათი საშუალებით კი ბავშვები ბევრ საინტერესო რამესაც ისწავლიან.

6. ტოპო-ლინა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ცელქი და ონავარი ტოპო-ტიპის შესახებ ალბათ ყველას სმენია — დიდსაც და პატარასაც. ჰოდა, ახლა დრო მოსულა, მისი და, ტოპო-ლინა, გავიცნოთ.

ეს სახალისო წიგნები გვიყვება იმაზე, როგორ გაჯიუტდა ტოპო-ლინა, როგორ დარჩა ის საწოვარას გარეშე, როგორ თამაშობს დამალობანას და როგორ აღმოაჩენს ლამაზ ღამის ქოთანს. მოკლედ, წინ ნამდვილად საინტერესო ამბები გველოდება. თუმცა, გართობასთან ერთად, პატარები ტოპო-ლინასგან ბევრ რამესაც ისწავლიან. რაც მთავარია, ამ წიგნებში ჩვენს საყვარელ და მონატრებულ ტოპო-ტიპსაც შევხვდებით.

7. მონტესორის წიგნები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

პედაგოგ მარია მონტესორის მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდი მსოფლიოშია აღიარებული და უკვე მთელი საუკუნეა, აქტიურად გამოიყენება საკლასო თუ საშინაო აქტივობებში. საქმე ისაა, რომ ეს მეთოდი დავალებების შესრულებაში ბავშვების აქტიურ თანამონაწილეობას მოითხოვს. შედეგად, პატარები სამყაროს ნაბიჯ-ნაბიჯ და თამაშ-თამაშით ეცნობიან, გზადაგზა კი მნიშვნელოვან უნარებსაც იძენენ: კონცენტრაციას, მეხსიერებას, ლოგიკურ აზროვნებას.

მონტესორის მეთოდით შექმნილი აქტივობების რვეულები, რომლებსაც ჩვენთან მშობლები და მასწავლებლები დიდხანს ელოდნენ, ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. ასაკობრივად დაყოფილი — 2 წლიდან, 3 წლიდან და 4 წლიდან — რვეულები სკოლამდელი ბავშვებისთვის მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. თითოეულ რვეულს თან ახლავს ამოსაჭრელი, ჩასაკრავი და დასახატი მასალაც.

8. დააჭირე აქ და ვითამაშოთ ფერებით

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

გსმენიათ წიგნებზე, რომლებიც გაჯეტებს ამარცხებენ? დიახ, დიახ — წიგნებისგან ასეთი გასაოცარი "ქცევა" რა გასაკვირია?! საქმე ისაა, რომ ფრანგი მხატვრისა და საბავშვო მწერლის, ერვე ტიულეს, წიგნები მართლაც რომ ჯადოსნურ რაღაცებს სჩადიან. მაგალითად, დაკაკუნებით გვერდიდან გვერდამდე სხვადასხვა ფერის ლაქები ჩნდებიან, მრავლდებიან, ფიგურები ადგილს იცვლიან და კიდევ რა აღარ!

ტიულეს წიგნები მათი გაცნობის პროცესში ბავშვის აქტიურ ჩართვას მოითხოვენ. ინტერაქციულ მეთოდზე აგებულ ამ გამოცემებს კი ბავშვთა ფსიქოლოგებიც უწევენ რეკომენდაციას, რადგან წიგნები ავითარებენ მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. მსოფლიო ბესტსელერებად ქცეულმა ამ წიგნებმა, როგორც ამბობენ, ტექნოლოგიებთან "ომიც" კი მოიგეს.


როცა ბავშვებისთვის საზაფხულო თავშესაქცევს შეარჩევთ, შეგიძლიათ სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტს ან წიგნის მაღაზიებს ეწვიოთ. ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილ წიგნებზე აქ თქვენ დიდი ფასდაკლებაც დაგხვდებათ.