უკვე კვირებზე მეტია, რაც ინტერნეტ საზოგადოება ცელნამგალა ვეშაპების თავდასხმებზე ლაპარაკობს.

PBS-თან ინტერვიუში კაცმა, რომელიც მართავს პირენეს ნახევარკუნძულზე ცელნამგალა ვეშაპების გამოჩენასთან დაკავშირებულ ვებსაიტს, თქვა, რომ "ვეშაპები გაბრაზებულები არიან".

"ყოველდღე თითო თავდასხმა ხდება, წარმოგიდგენიათ?!", — თქვა რუი ალვესმა, ვებსაიტი orcas.pt-ს დამფუძნებელმა. "ზოგ დღეს ორი ან სამი თავდასხმაც კი აღინიშნება."

ალვესის მიერ შედგენილ რუკაზე ამ თვის მხოლოდ 12 შემთხვევაა მონიშნული. ყველა მათგანი გიბრალტარის სრუტეში, ესპანეთსა და მაროკოს შორის, მოხდა.

ინტერვიუში ალვესმა აღნიშნა, რომ ვებსაიტი შექმნა მეზღვაურებისთვის, რათა ისინი ინფორმირებულები იყვნენ და ესმოდეთ, რას შეიძლება მოელოდნენ ზღვაში.

მისი თქმით, აუცილებელია, ადამიანებს ინფორმაცია ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კონკრეტულ არეალში, რათა თავიდან აირიდონ ცელნამგალა ვეშაპების თავდასხმა.

როგორც PBS აღნიშნავს, ეს იბერიული ცელნამგალა ვეშაპები თავდასხმების დაწყებამდეც უნიკალურები იყვნენ, რადგან ისინი გენეტიკურად განსხვავებულ სუბპოპულაციას წარმოადგენენ და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, რატომ ესხმიან ნავებს თავს ცელნამგალა ვეშაპები, ერთი გაბატონებული თეორია ვარაუდობს, რომ ესაა "თეთრი გლადისის" სახელით ცნობილი მდედრი ვეშაპის შურისძიება ნავებისგან მიღებული ტრავმის გამო.

ექსპერტების აზრით, ვეშაპები აგრესიულები გახდნენ და, შურისძიების მიზნით, ერთმანეთს იალქნიან ნავებზე თავდასხმას ასწავლიან. ეს საქმე შთამომავლებსაც გადაეცემათ. შესაბამისად, ნავების ჩაძირვა ვეშაპებისთვის ოჯახურ საქმიანობად იქცა.

ასევე იხილეთ: ექსპერტების თქმით, მკვლელი ვეშაპები ერთმანეთს გემებზე თავდასხმას ასწავლიან

სიტუაციასთან გასამკლავებლად ზოგიერთმა კაპიტანმა და მათმა ეკიპაჟებმა შეიარაღება დაიწყეს, თუმცა, რამდენადაც ვეშაპების ეს სახეობა გადაშენების კრიტიკულ საფრთხეშია, მათთან გამკლავების ეს გზა გონივრული ნამდვილად არ არის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.