ჩვენ ვარსკვლავური მტვრისგან ვართ შექმნილები — აი, რატომ
კარლ სეიგანმა გადაცემაში სახელად "კოსმოსი" განაცხადა, რომ ყველანი ვარსკვლავური მტვრისგან ვართ შექმნილები. რა იგულისხმა მან და შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
1980-იანი წლების დასაწყისში ასტრონომი კარლ სეიგანი უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემას სახელწოდებით "კოსმოსი". შოუში სეიგანმა საფუძვლიანად ახსნა მეცნიერებასთან დაკავშირებული მრავალი თემა, მათ შორის დედამიწის ისტორია, ევოლუცია, სიცოცხლის წარმოშობა და მზის სისტემა.
"ჩვენ სამყაროსთვის საკუთარი თავის შეცნობის საშუალება ვართ. ჩვენი არსების ზოგიერთმა ნაწილმა იცის, რომ ეს არის ის, საიდანაც მოვედით. ჩვენ უკან დაბრუნება გვსურს. და შეგვიძლია, რადგან კოსმოსი ჩვენშიცაა. ჩვენ ვარსკვლავური მტვრისგან ვართ შექმნილები", — თქვა სეიგანმა ერთ ეპიზოდში.
მისი განცხადება აჯამებს იმ ფაქტს, რომ ჩვენს სხეულებში არსებული ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის ატომები შეიქმნა ვარსკვლავების წინა თაობებში 4,5 მილიარდი წლის წინ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები და ყველა სხვა ცხოველი (ისევე როგორც დედამიწაზე არსებული მატერიის უმეტესი ნაწილი) შეიცავს ამ ელემენტებს, ჩვენ, ფაქტობრივად, ვარსკვლავებისგან ვართ შექმნილები.
როდესაც ვარსკვლავი წყალბადის მარაგს ამოწურავს, ის შეიძლება მოკვდეს აფეთქებით, რომელსაც ნოვა ეწოდება. მასიური ვარსკვლავის აფეთქებას კი ეწოდება სუპერნოვა და იგი შეიძლება იყოს მილიარდჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე მზე. ასეთი ვარსკვლავური აფეთქება კოსმოსში უშვებს მტვრისა და გაზის დიდ ღრუბელს, გამოდევნილი მასალის რაოდენობა და შემადგენლობა კი დამოკიდებულია სუპერნოვას ტიპზე.
სუპერნოვა თავისი სიკაშკაშის პიკს წარმოშობიდან რამდენიმე დღეში აღწევს. ამ დროის განმავლობაში ის, შესაძლოა, ვარსკვლავების მთელ გალაქტიკაზე უფრო კაშკაშა იყოს. მკვდარი ვარსკვლავი ინტენსიურად ანათებს რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვიდრე ნელ-ნელა ჩაქრობას დაიწყებდეს.
საბოლოოდ, სუპერნოვადან მიღებული მასალა ვარსკვლავთშორის სივრცეში იფანტება. უძველესი ვარსკვლავები, თითქმის, ექსკლუზიურად შედგებოდა წყალბადისა და ჰელიუმისგან, ხოლო ჟანგბადი და დანარჩენი მძიმე ელემენტები მოგვიანებით წარმოიშვა სუპერნოვას აფეთქებების შედეგად. მართლაც, ასტრონომებმა აღმოაჩინეს სუპერნოვას ნარჩენები, რომლებიც შეიცავს მძიმე ელემენტების კვალს, როგორებიცაა: ოქრო, ვერცხლი და პლატინა.
"ეს კარგად გატესტილი თეორიაა", — აღნიშნა არიზონას უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა, კრის იმპეიმ. "ჩვენ ვიცით, რომ ვარსკვლავები ქმნის მძიმე ელემენტებს და სიცოცხლის ბოლოს გაზს აფრქვევს ვარსკვლავთშორის სივრცეში. ასე რომ, ეს ნივთიერებები შეიძლება იყოს შემდგომი ვარსკვლავებისა და პლანეტების (და ადამიანების) ნაწილი."
ამდენად, დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმა და ჩვენს სხეულებში არსებული ატომები უკვე დიდი ხნის წინ მკვდარი ვარსკვლავების "ღუმელში გამოიწვა". ასე რომ, როგორც ჩანს, სეიგანი მართალი იყო და ჩვენ ყველანი ვარსკვლავებისგან ვართ შექმნილები.
კომენტარები