რა იქნება სმარტფონის შემდეგ — მოწყობილობა ეკრანს მიღმა
ცოტა ხნის წინ, TedTalk-ზე საინტერესო გამოსვლა ვიხილეთ. Apple-ის ყოფილმა თანამშრომელმა ახალი ხელსაწყო წარადგინა. Humane — ინოვაციური მოწყობილობაა, რომელსაც სმარტფონების ჩანაცვლება შეუძლია.
მოწყობილობა Apple-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, იმრან ჩაუდრიმ და ბეთანი ბონგიორნომ შეიმუშავეს.
Humane მობილური ტელეფონების ეკრანების ჩანაცვლებას გეგმავს. მოწყობილობა მოიცავს ხმოვან ასისტენტს, რომელიც მულტიფუნქციური იქნება. მეტიც, ეკრანის მაგივრად ვიზუალი მფლობელის ხელზე აისახება. მათი თქმით, ეს მოწყობილობებს შემდეგ ეტაპზე აიყვანს, სადაც ეკრანის საჭიროება აღარ იქნება.
უკეთ აღსაქმელად, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:
"ეს არის ახალი ტიპის ტარებადი მოწყობილობა, რომლის ანალოგი არ არსებობს! ის ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა და სრულიად დამოუკიდებელია. მასთან დასაკავშირებლად სმარტფონი არ დაგჭირდებათ, ის თავად მოიცავს ყველაფერს", — თქვა გამოსვლისას ჩაუდრიმ.
შემქმნელების თქმით, მოწყობილობა რევოლუციურია და მას სმარტფონების სრულად ჩანაცვლება შეუძლია.
"მოწყობილობა ურთიერთქმედებს სამყაროსთან ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ. ის ისმენს, ხედავს და აფიქსირებს იმას, რასაც თქვენ. ეს ჭკვიანი მოწყობილობა თქვენი ნაწილი იქნება, რომელშიც მძლავრი ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული", — აღნიშნა ჩაუდრიმ.
რაც მნიშვნელოვანია, შემქმნელების თქმით, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ფაქტორი გათვალისწინებულია და ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს.
"ამბობდნენ, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ტექნოლოგია გახდებოდა უხილავი. ეს ასეა და ჩვენ ამას ვაკეთებთ", — თქვა გამოსვლისას ჩაუდრიმ.
სწორედ ამ დროს მის ხელზე შემომავალი ზარი აისახა.
რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რა ზემოქმედება ექნება ტექნოლოგიას ჩვენზე. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, მოწყობილობას შეუძლია ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი ურთიერთქმედება ტექნოლოგიასთან. და თუ ის ფუნქციონირებს ისე, როგორც შემქმნელები გვეუბნებიან, ვის რაში სჭირდება სმარტფონი?!
მოწყობილობა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული და გარკვეულ წილად ჩვენი სხეულის ნაწილია, ნამდვილად ფუტურისტულად ჟღერს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები